ნინო ცხოიძე
88 წლის ასაკში, მოსკოვში ლეგენდარული კინორეჟისორი ელდარ რიაზანოვი გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ეს ის შემთხვევაა, რომ ასაკს მნიშნვნელობა არა აქვს და შემოქმედი ადამიანი უკვდავებაში გადასასვლელადაც არ გემეტება. თავად საკმაოდ მკაცრი და პირდაპირი, ზოგჯერ უხეში და მოურიდებელიც, უდაოდ უზადო იუმორით სავსე, დასამახსოვრებელ, საყვარელ და დამაფიქრებელ ნაწარმოებებს ქმნიდა, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მის ფილმებში გამოყენებული დიალოგები ლამის ყოველდღიურ ყოფაში გავითავისეთ, რაც მისი ხანგრძლივი პარტნიორის, უმეტესი ფილმების სცენარის ავტორის, ემილ ბრაგინსკის დამსახურებაცაა. სწორედ ამ წარმატებული და უნიჭიერესი შემოქმედი ადამიანების ტანდემის წყალობით, საყვარელმა ფილმებმა ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი.
ელდარ რიაზანოვს უკვდავებისთვის ალბათ მხოლოდ ერთი ფილმიც ეყოფოდა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის მაყურებლის გულწრფელ სიყვარულს დღემდე ინარჩუნებს. ახალი წელი წარმოუდგენელია „ბედის ირონიის“ გარეშე, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება რეალურად შეცვალა. ბედის ირონიით 31 დეკემბრის ღამეს აბანოში წასვლის რიტუალი ლამის მოულოდნელი, ბედნიერი წლის გარანტად აქცია.
დაუვიწყარია მისი ფილმები: „სამსახურეობრივი რომანი“, „ვაგზალი ორისათვის“, „გარაჟი“, „ერიდეთ ავტომობილს“ და სხვა უამრავი. ამდენი ფილმიდან მაყურებელთა ნაკლები ყურადღება ზოგიერთმა ისეთმა ფილმმა დაიმსახურა, რომელიც თურმე მას ყველაზე მეტად უყვარდა.
ალბათ ბევრმა არ იცის, რომ იგი ოდესღაც მეზღვაურობაზე ოცნებობდა და კინოს სამყაროში სრულიად შემთხვევით იმიტომ მოხვდა, რომ საზღვაო სასწავლებელში საბუთების შეტანა დაუგვიანდა. ალბათ ესეც ბედის ირონია იყო, რომ სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაბარება მან ყველაზე ნაკლები მასალის წარდგენის გამო შეარჩია.
რეჟისორის მოკლე ბიოგრაფია ასეთია: ელდარ რიაზანოვი 1927 წლის 18 ნოემბერს, სამარის ოლქში დაიბადა. ის იყო საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პოეტი, სსრკ სახალხო არტისტი. 1950 წელს მან კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. მუშაობდა ჯერ დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში, შემდეგ „მოსფილმში“. ძირითადად კომედიებს იღებდა. ამ ჟანრის პირველი მისი ფილმია „საკარნავალო ღამე“, რომელიც 1956 წელს გადაიღო. იგი ავტორია მოთხრობებისა და სცენარებისა, რომელთა მიხედვით შეიქმნა მაყურებლისათვის კარგად ცნობილი ფილმები: „უფრთხილდი ავტომობილს“ (1966), „წარმატების ზიგზაგი“ (1968), „იტალიელების არაჩვეულებრივი თავგადასავალი რუსეთში“ (1973). 1962 წელს შექმნა ჰეროიკული კომედია „ჰუსარული ბალადა“, რომელიც თავად რეჟისორმა მხოლოდ 50 წლის შემდეგ ნახა, რადგან საკუთარი ფილმების ყურება არ უყვარდა.
ელდარ რიაზანოვმა სახელი მოიხვეჭა ფილმებით: ბედის ირონია, ანუ გაამოთ (1975),„სამსახურებრივი რომანი“ (1977) „ავტოფარეხი“ (1979), „აღთქმული ზეცა“ (1993). მისი ბოლო ნამუშევრებია: „საძინებლის გასაღები“ (2003) „ანდერსონი: სიცოცხლე უსიყვარულოდ“ (2006) „საკარნავალო ღამე 2 ან 50 წლის შემდეგ“ (2006) და სხვა.
მისი ფილმების მთავარი მიზანი ცხოვრებისეული ისტორიების და ადამიანური ურთიერთობების მაგალითზე ძირითადი ფასეულობების, სიყვარულის, თავისუფლებისა და ერთგულების იუმორით, მსუბუქად მიწოდებული პროპაგანდა იყო. მასში ერთნაირად მოსაწონია მსახიობთა ანსამბლი, მუსიკა და შინაარსი.
როლებზე მსახიობთა შერჩევას ელდარ რიაზანოვი განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭება. ამიტომაც მისთვის ძვირფას მსახიობსაც კი პირფერობის გარეშე იწუნებდა და როლისთვის ზედმიწევით შესაფერის სახეს ხანგრძლივად ეძებდა. მის რამდენიმე ფილში, ეპოზოდურ როლებში თავად რეჟისორიც გვევლინება.
18 ნოემბერს, დიდ მაესტროს 88 წელი შეუსრულდა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე დღის შემდეგ, 21 ნოემბერს, იგი სუნთქვის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებს ფილტვის გახვრეტა მოუწიათ, რათა იქიდან სითხე ამოეტუმბათ. შედეგად პაციენტს ფილტვის უკმარისობა განუვითარდა, რომლის პარალელურად ექიმებმა გულის პრობლემებიც დააფიქსირეს. ექიმები რიაზანოვის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებდნენ, მაგრამ 30 ნოემბერს რეჟისორი გარდაიცვალა.
შეიძლება ითქვას, რომ ელდარ რიაზანოვის დიდებული კინოეპოქა, ერთგვარად, დასრულდა. თუმცა, შეხვედრა ელდარ რიაზანოვსა და მის გმირებთან მაინც არ მთავრდება და ამდენად, ჭეშმარიტად სახალხო რეჟისორი სამუდამოდ მაინც ჩვენთან რჩება.
ყოველ წელს, დათქმულ დროს, 31 დეკემბერს, იგი კვლავ გვეწვევა, რათა პოსტსაბჭოური ქვეყნების მაყურებლები ტელეეკრანებთან „ბედის ირონიით“ ისევ ერთად შეგვკრიბოს და ხალისიანი, სიყვარულითა და ნოსტალგიით სავსე კიდევ ერთი საახალწლო ღამე გვაჩუქოს…