თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. რუსული კინოს სინდისი და ქართველი ხალხის დიდი მეგობარი უწოდა ქართველმა რეჟისორმა და თბილისის კინომსახიობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ ლეგენდარულ რუს რეჟისორს ელდარ რიაზანოვს „სპუტნიკ გრუზიას“ კორესპონდენტთან საუბრისას.
სსრკ-ს სახალხო არტისტი, რუსი რეჟისორი და სცენარისტი, რუსეთისა და საბჭოთა კინემატოგრაფის კლასიკოსი ელდარ რიაზანოვი 89 წლის ასაკში, მოსკოვში, 30 ნოემბერს გარდაიცვალა.
„რიაზანოვი — ეს დიდი ეპოქაა, ეს დროის ნიშანია. ის იყო ერთ-ერთი იშვიათი მოვლენა ხელოვნებასა და კინემატოგრაფიაში. ის იყო რუსული კინოს სინდისი“, — განაცხადა დოლიძემ.
როგორც რეჟისორმა აღნიშნა, ელდარ რიაზანოვს თავისი ნიშა ჰქონდა. ის იღებდა კომედიასა და დრამას ფართო აუდიტორიისთვის და ყველა მისი ფილმი სავსე იყო პოეზიით. „მას ჰქონდა ფილმები არა სიტუატიური, არამედ სოციალური, რომელიც აბსოლუტურად ყველას აღელვებდა. წავიდა დიდი-დიდი მხატვარი“, — დასძინა ქეთი დოლიძემ.
„სპუტნიკ გრუზიასთან“ ქეთი დოლიძემ ასევე ისაუბრა რიაზანოვის საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ.
„ის იყო ქართველი ხალხის დიდი მეგობარი. ვიცი თუ როგორ განიცდიდა იმას, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ხდებოდა. მისი ფილმები ყოველთვის იცოცხლებენ, რადგანაც როდესაც შენ და შენი კინო დროის ერთგვარ თილისმად იქცევა, იშვიათად რომ ეს ვინმემ მოახერხოს“, — დასძინა დოლიძემ.
კინორეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, სცენარისტი და პოეტი, სსრკ–ის სახალხო არტისტი ელდარ რიაზანოვი 1927 წლის 18 ნოემბერს ქალაქ კუიბიშევში (ამჟამად სამარა) დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (გრიგორი კოზინცევის სახელოსნო).
1995 წელს ელდარ რიაზანოვი კინოსტუდია „მოსფილმის“ რეჟისორი გახდა და სერგეი გუროვთან ერთად პირველი საბჭოთა ფართოეკრანიანი ფილმი–რევიუ „გაზაფხულის ხმები“ გადაიღო. 1956 წელს რიაზანოვმა საახალწლო კომედია „საკარნავალო ღამე“ გადაიღო, რომელიც 1956 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა და საბჭოთა კომედიის ოქროს ფონდში დაიმკვიდრა ადგილი.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რეჟისორმა გადაიღო ლირიკული კომედია „უმისამართო გოგონა“ (1957), სატირული ფირი „ადამიანი არსაიდან“ (1961), გმირული კომედია „ჰუსარული ბალადა“ (1962), რომლის პერსონაჟებიც ხალხური ზეპირსიტყვიერების გმირებად გადაიქცნენ.
სცენარისტ ემილ ბრაგინსკისთან ერთად რიაზანოვმა არაერთი ცნობილი ფილმი შექმნა — „უფრთხილდი ავტომობილს“ (1966), „წარმატების ზიგზაგი“ (1968), „ბებერი ყაჩაღები“ (1971), „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ (1982), „სამსახურებრივი რომანი“ (1977), „გარაჟი“ (1979), „სადგური ორისთვის“ (1982) და სხვა. ამ ფილმების გმირები 1960–1070–იანი წლების სიმბოლოებად იქცნენ.
რიაზანოვის ბოლო ნამუშევარია „საკარნავალო ღამის“ რიმეიქი „საკარნავალო ღამე–2, ანუ 50 წლის შემდეგ“, რომლის პრემიერაც 2007 წლის 1 იანვარს შედგა.
ელდარ რიაზანოვი რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლეს კურსებზე ასწავლიდა. მის მოწაფეთა შორის არიან რეჟისორები ივან დიხოვიჩნი და იური მამინი, ევგენი ციმბალი და ისააკ ფრიდბერგი.
რეჟისორი იყო საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზიორი – მადრიდის კინოფესტივალის გრან–პრი, დელის „ოქროს ფარშევანგი“, ბრიუსელის ფესტივალის და სხვა. იყო „ნიკას“, „ოქროს ოსტაპის“, „ტეფის“, „ტრიუმფის“ პრემიების ლაურეატი.
ელდარ რიაზანოვი არაერთი წიგნის ავტორია. მათ შორის —: „კომედიის ნაღვლიანი სახე“, „წარმატების ზიგზაგი“ (ემილ ბრაგინსკისთან ერთად), „ეს არასერიოზული, არასერიოზული ფილმები“, „სასაცილო არამხირული ისტორიები“ და სხვა. 2013 წელს გამოვიდა მისი წიგნები „ელდარ რიაზანოვი. ლექსები და ნოველები ერთ ტომად“ და „მინდა რაღაც მსუბუქი, ნათელი, ნაზი…“