რეჟისორი ელდარ რიაზანოვი — ბიოგრაფია

© photo: Sputnik / Рухкян / გადასვლა მედიაბანკშიელდარ რიაზანოვი თბილისში
ელდარ რიაზანოვი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი რუსი და საბჭოთა კინორეჟისორი 89 წლისა გარდაიცვალა. გაეცანით ელდარ რიაზანოვის ბიოგრაფიას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობარში.

კინორეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, სცენარისტი და პოეტი, სსრკ–ის სახალხო არტისტი ელდარ რიაზანოვი 1927 წლის 18 ნოემბერს ქალაქ კუიბიშევში (ამჟამად სამარა) დაიბადა. 1950 წელს დაამთავრა რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი (გრიგორი კოზინცევის კლასი).

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რიაზანოვი რეჟისორად მუშაობდა დოკუმენტურ კინოში, იღებდა სიუჟეტებს კინოჟურნალებისთვის „პიონერია“, „საბჭოთა სპორტი“, „დღის ამბები“. ასევე გადაიღო კინოჩანახატები „ოქტომბრის სახელობის გზა“, „მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭადრაკში“, „შენი წიგნები“, „კრასნოდარის ახლოს“, „კუნძული სახალინი“ (ამ ფილმმა კანის ფესტივალზე 1955 წელს პრიზი მიიღო). 

1995 წელს ელდარ რიაზანოვი კინოსტუდია „მოსფილმის“ რეჟისორი გახდა და სერგეი გუროვთან ერთად პირველი საბჭოთა ფართოეკრანიანი ფილმი–რევიუ  „გაზაფხულის ხმები“ გადაიღო.

1956 წელს რიაზანოვმა საახალწლო კომედია „საკარნავალო ღამე“ გადაიღო, რომელიც 1956 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა და საბჭოთა კომედიის ოქროს ფონდში დაიმკვიდრა ადგილი.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რეჟისორმა გადაიღო ლირიკული კომედია „უმისამართო გოგონა“ (1957), სატირული ფირი „ადამიანი არსაიდან“ (1961), გმირული კომედია „ჰუსარული ბალადა“ (1962), რომლის პერსონაჟებიც ხალხური ზეპირსიტყვიერების გმირებად გადაიქცნენ.

რიაზანოვის შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდი სცენარისტ ემილ ბრაგინსკისთან მეგობრობას უკავშირდება. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარია „უფრთხილდი ავტომობილს“ (1966). მოგვიანებით მათ 10 სცენარი და პიესა ერთად დაწერეს. ამ ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა „წარმატების ზიგზაგი“ (1968), „ბებერი ყაჩაღები“ (1971), „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ (1982) და სხვა, კინემატოგრაფიული კომედიური პროზის განსაკუთრებული ჟანრი შექმნეს, ხოლო ამ ფილმების გმირები 1960–1070–იანი წლების სიმბოლოებად იქცნენ.

1980 წელს რეჟისორმა XIX საუკუნის რომანტიკულ ისტორიას მიმართა ფილმში „შეაწიეთ სიტყვა საწყალ ჰუსარს“ (1980) და კლასიკას — ალექსანდრ ოსტროვსკის პიესის მიხედვით გადაღებულ სურათში „სასტიკი რომანსი“ (1984).

1980–იანი წლების ბოლოს რიაზანოვმა გადაიღო დრამა „დავიწყებული მელოდია ფლეიტისთვის“ (1987), ახალგაზრდული ფილმი–დრამა „ძვირფასი ელენა სერგეევნა“ (1988). 1993 წელს სოციალური დრამის ჟანრში იგავისა და ფანტასტიკის ელემენტებით გადაიღო ფილმი „წინასწარმეტყველება“.

1990–2000–იან წლებში რეჟისორმა გადაიღო ტრაგიკომედია „აღთქმული ზეცა“ (1991), „ბებერი ჯაგლაგები“ (2000), „მშვიდი ჭაობი“, (2000), „საძინებლის გასაღები“ (2003).

2006 წელს გამოვიდა რეჟისორის ფილმი „ანდერსონი: სიცოცხლე უსიყვარულოდ“, რომელმაც რუსეთის XVფესტივალზე „ვივატ, რუსეთის კინო!“ გრან–პრი   მაყურებლის სიმპათიის პრიზი და პრესის პრიზი აიღო.

რიაზანოვის ბოლო ნამუშევარია „საკარნავალო ღამის“ რიმეიქი „საკარნავალო ღამე–2, ანუ 50 წლის შემდეგ“, რომლის პრემიერაც 2007 წლის 1 იანვარს შედგა.

სულ ელდარ რიაზანოვმა 24 კომედია გადაიღო, იყო ზოგი საკუთარი ფილმის სცენარის თანაავტორი, დაწერა რამდენიმე პიესა.

1979–1985 წლებში ელდარ რიაზანოვი ტელეგადაცემა „კინოპანორამის“ წამყვანია. მან 200–ზე მეტი საავტორო სატელევიზიო გადაცემა შექმნა; მათ შორისაა „ოქროს ოსტაპი“, „რუსული მეჯლისი პარიზში“, „საუბარი სუფთა ჰაერზე“ და სხვა.

ელდარ რიაზანოვი რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლეს კურსებზე ასწავლიდა. მის მოწაფეთა შორის არიან რეჟისორები ივან დიხოვიჩნი და იური მამინი, ევგენი ციმბალი და ისააკ ფრიდბერგი.

რიაზანოვი ავტორია წიგნებისა: „კომედიის ნაღვლიანი სახე“, „წარმატების ზიგზაგი“ (ემილ ბრაგინსკისთან ერთად), „ეს არასერიოზული, არასერიოზული ფილმები“, „სასაცილო არამხირული ისტორიები“ და სხვა. 2013 წელს გამოვიდა მისი წიგნები „ელდარ რიაზანოვი. ლექსები და ნოველები ერთ ტომად“ და „მინდა რაღაც მსუბუქი, ნათელი, ნაზი…“

2001–2007 წლებში ელდარ რიაზანოვი იყო კინემატოგრაფიულ მეცნიერებათა აკადემია „ნიკას“ პრეზიდენტი.

ის კინოკლუბ „ელდარის“ მხატვრული ხელმძღვანელი იყო.

1984 წელს რეჟისორს მიენიჭა სსრკ–ის სახალხო არტისტის წოდება, 1977 წელს ფილმისთვის „ბედის ირონია, ანუ გაამოთ!“ სსრკ–ის სახელმწიფო პრემია მიაკუთვნეს, 1979 წელს ფილმისთვის „სამსახურებრივი რომანი“ – რუსეთის სსრ–ის ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემია, დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებით, მათ შორის „ნატიფი ხელოვნებისა და ლიტერატურის“ ფრანგული ორდენით და სხვა.

2002 წლის 13 იანვარს რუსული კინოხეივნის ვარსვლავთა მოედანზე ელდარ რიაზანოვის ვარსკვლავი გაიხსნა.

რეჟისორი იყო საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზიორი – მადრიდის კინოფესტივალის გრან–პრი, დელის „ოქროს ფარშევანგი“, ბრიუსელის ფესტივალის და სხვა. იყო „ნიკას“, „ოქროს ოსტაპის“, „ტეფის“, „ტრიუმფის“ პრემიების ლაურეატი.

ელდარ რიაზანოვი სამჯერ იყო დაქორწინებული, მისი მესამე ცოლია ემა აბაიდულინა. მისი პირველი მეუღლე თანაკურსელი, რეჟისორი ზოია ფომინა იყო, მეორე – კინოსტუდია „მოსფილმის“ კინომუშაკთა გაერთიანების მთავარი რედაქტორი ნინა სკუიბინა (1930–1994).

რეჟისორს ჰყავს ერთი ქალიშვილი, კინომცოდნე ოლგა რიაზანოვა.


ყველა ახალი ამბავი
0