თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო კონფრონტაციისა და სამოქალაქო დაპირისპირების ქვეყნად აღარ უნდა იქცეს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრისას, იუწყება მთავრობის პრეს–სამსახური.
„საქართველო აღარასოდეს უნდა იქცეს დაპირისპირების, კონფლიქტებისა და კონფრონტაციის ადგილად. ჩვენი ქვეყანა მშვიდობის ადგილი უნდა გახდეს. საქართველო სავაჭრო–ეკონომიკურ ცენტრად უნდა იქცეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ საგარეჯოს მოსახლეობას ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და სამართლის სფეროში არსებულ მიღწევებზე ესაუბრა. ღარიბაშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს ყველა იმ დაწყებულ საქმეს, რომელიც 2012 წელს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო.
მოსახლეობასთან შეხვედრისას, პრემიერმა ქართული მედიასაშუალებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი სათანადოდ არ აშუქებენ ხელისუფლების მიღწევებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილობრივებს თამარ ხიდაშელი წარუდგინა, რომელიც 31 ოქტომბერს დაგეგმილ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატია.