თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ნატოს წევრობა საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გარანტი იქნება, განაცხადა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს კვირეულის გახსნის ცერემონიაზე, რომელიც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 10 წლის იუბილეს ეძღვნება.
ნატოს კვირეული საქართველოში, რომლის მიზანიც ალიანსის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაა, 25 ოქტომბერს გაიხსნა.
"ალიანსის წევრობა იქნება საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტი. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ინტეგრაციის რთულ გზაზე წინსვლას მიაღწიოს. ჩვენ მრავალ რეფორმას ვახორციელებთ, ვაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას და გვაქვს სერიოზული მიღწევები უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საგარეო უწყების პირველი პირის განცხადებით, ამ კუთხით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას დიდი მნიშვენლობა ენიჭება.
ნატოს კვირეულის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის ახალგაზრდული კონფერენცია და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება. დაგეგმილია ასევე ნატოს საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს გახსნა ქალაქ გორში.
საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ, ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში, საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.