თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 22 ოქტომბერს 12 საათზე საქართველოს პროკურატურაში დაიბარეს, ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გაკეთდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენელი ღამის 22:00 საათისათვის მივიდა ტელეკომპანიაში და პროკურატურის შესაბამისი უწყება გადასცა ნიკა გვარამიას.
მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების თაობაზე.
"რუსთავი 2-ს დირექტორის ნ.გვარამიას მიერ საჯარო განცხადების საფუძველზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება, მის მიმართ იძულების განხორციელების ფაქტზე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. საგამოძიებო ნაწილის გამომძიებელი დაუკავშირდა ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის მეშვეობით მისი მოწმის სახით დასაკითხად დაბარების მიზნით, რაზეც გვარამიამ განაცხადა, რომ დღეს მთავარ პროკურატურაში გამოცხადებას ვერ შეძლებდა და გამოცხადდება ხვალ 2015 წლის 22 ოქტომბერს 12 საათზე. შესაბამისად გვარამიას მოწმის სახით დაკითხვა მოხდება ხვალ დღის 12 საათზე", — ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუზველზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონება და მისი მფლობელების წილები დაყადაღებულია და ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა. არხის ხელმძღვანელობა თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკური დაკვეთაა და სიტყვის თავისუფლების დარღვევა.
22 ოქტომბერს არის ასევე დაგეგმილი საქალაქო სასამართლოს სხდომა, რომელზეც ნიკა გვარამიას თქმით, უკვე ცნობილია, რომ მოსამართლე ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს. ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ხვალ იქნება გამოტანილი. ამასთან მან აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა მისი შანტაჟისა და დაშინების მცდელობას. სწორედ ეს უკანასკნელი განცხადება გახდა პროკურატურის მიერ საქმის აღძვრის საფუძველი.
რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მოუწოდა მოსახლეობას დაიცვან ტელეარხი და გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე.