თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik.სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო განვითარებული პროცესები „ქართული ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთნაირად დააზარალებს, — მიაჩნია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ–ერთ ლიდერს, გიორგი ახვლედიანს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს იმის შიში, რომ ვეღარ გააკონტროლებს „რუსთავი 2“–ს და ეს მას ძალიან სერიოზულად დაასუსტებს, შედეგად კი, დააზარალებს კიდეც. ასევე დაზარალდება „ქართული ოცნებაც“, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე ის იქნება ხელისუფლება, რომელიც დიდ ეჭვებს ტოვებს იმის თაობაზე, რომ არის ჩართული ამ ყველაფერში. რაც შეეხება თავად ტელეკომპანიას, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის პირიქით –გათავისუფლდება“, –განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
გიორგი ახვლედიანი 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ ჟურნალისტად მუშაობდა. ის 7 ნოემბერის ღამეს სამსახურში იმყოფებოდა, როდესაც ტელევიზიის მაუწყებლობის შესაჩერებლად ხელისუფლებაში მყოფმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეცრაზმი გამოიყენა.
„ერთადერთი საერთო, რაც 2007 წელს „იმედის“ გარეშემო განვითარებულ მოვლენებს 2015 წელს „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ პროცესებთან შეიძლება ჰქონდეს, არის ნიკა გვარამია, რომელიც მაშინ გენერალური პროკურორის მოადგილე იყო და ახლა „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორია“, –აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
მისი თქმით, ნიკა გვარამია მაშინ ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ, როგორც ძალისმიერი, ასევე იდეოლოგიური მეთოდებით ბრძოლას.
„საზოგადოებას გავახსენებ ქართული დოკუმენტალისტიკის ორ შედევრს: ერთს ერქვა ბადრი პატარკაციშვილის საქმე და მეორეს– „ნოემბრიდან — ნოემბრამდე“. აი, ასეთი ხმამაღალი სახელები ჰქონდა ორ დოკუნეტურ ფილმს, რომლებშიც ყვებოდნენ, როგორი აუცილებელი იყო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სპეცრაზმით დარბევა. თანამშრომლები ყველანი, თურმე, პუტინის აგენტები ვიყავით და ეს იყო ნიკა გვარამიას შემოქმედება. დღეს კი ნიკა გვარამია არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“- ის ხელმძღვანელი, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დასმული ადამიანი, რომელიც მთელ ქვეყანას სიტყვის თავისუფლებაზე გვესაუბრება“, –განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მისი თქმით, ძალიან სასაცილოდ ჩანდა გვარამია ერთი კვირის წინ ტელეკომპანია იმედის ეთერში, როდესაც ის საუბრობდა სწორედ სიტყვის თავისულების დაცვაზე ჟურნალისტ დიანა ტრაპაიძესთან, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს ფეხმძიმედ იყო და სამი ავტომატიანი სპეცრაზმელი ადგა იატაკზე დაგდებულს თავზე.
“ამას კურიოზიც აღარ ჰქვია უკვე, ამას არაადეკვატური რეალობა ჰქვია“, – აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.
როგორც გიორგი ახვლედიანი იგონებს, იმის გამო, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ოპოზიციაში მყოფი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება იყო, ერთადერთი გამოსავალი, რაც მაშინ ხელისუფლებამ ნახა, ტელევიზიის შტურმით აღება იყო.
„დღეს სიტუაცია განსხვავებულია, იმ თვალსაზრისით, რომ არის სამართლებრივი დავა ყოფილი და ახალი მესაკუთრეების კონტექსტში. თუ სასამართლომ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც გააჩენს კითხვის ნიშნებს საზოგადოებაში, ეს ერთმნიშვნელოვნად იქნება კითხვის ნიშნები და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო იყო მართული. და ამ პროცესებში „ქართული ოცნების“ ჩარევა თუ გამოიკვეთა, მაშინ ეს ხელისუფლებას ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის“, – თქვა გიორგი ახვლედიანმა.
რაც შეეხება თვითონ ტელეკომპანიას და მის თანამშრომლებს, გიორგი ახვლედიანს იმედი აქვს, რომ ის არ გაითიშება და მისი თანამშრომელები გააგრძელებენ იმ საქმის კეთებას, რომელიც კარგად გამოსდით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2" —ის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობის საფუძველზე, ტელეარხის ქონებასა და მის მფლობელთა წილებს ყადაღა დაედო, ნაწილობრივ შეზღუდულია ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობა.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად და სიტყვის თავისუფლების დარღვევად მიიჩნევს.
2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ტელეკომპანია არა ერთხელ გახდა ახალი ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი. იმხანად მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილს ეკუთვნის, ხოლო მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია არა ერთხელ სიცრუეში დაადანაშაულა.