რთველი-2015 - ყურძნის რევოლუცია ანუ In vino veritas

© courtesy of Denis Shvedov & Alexandra Rozovskayaქართული ღვინო და მთები
ქართული ღვინო და მთები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება აცხადებს, რომ რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს რეგიონის ყველა მინიცეპალიტეტში. თუმცა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ, მევენახეები ყურძნის მოსავლის აღების ნაცვლად, საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რთველი საქართველოსთვის შემოდგომის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ყოველწლიური მოვლენაა. იგი არ უკავშირდება კონკრეტულ რიცხვს და დამოკიდებულია ყურძნის სიმწიფის ხარისხზე — კერძოდ შაქრიანობასა და სიმჟავეზე. 

 როგორც წესი, ეს პერიოდი კახეთის რეგიონში სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისზე მოდის, ხოლო დასავლეთ საქართველოში რთველი დაახლოებით ორი კვირის დაგვიანებით იწყება. 

 აღმოსავლეთ საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა

 რთველი-2015-ის ფარგლებში,  კახეთის რეგიონში, ბოლო მონაცემებით გადამუშავებულია 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენი. ბოლო 25 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობა  - 7100 ტონა ყურძენი გადამუშავდა დღეღამეში, იტყობინება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყურძნის სააგენტო. 

 ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 2015 წელს თითქმის 30%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რთველი 2014-ის ფარგლებში საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი  მოიკრიფა.

 დაახლოებით 10 ათასი მევენახიდან, 8 ათასმა უკვე ჩააბარა თავისი მოსავალი ღვინის კომპანიებს. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 59 ღვინის კომპანია, მათ შორის სახელმწიფოს მიერ იჯარით აღებული 18 კომპანია, რომელიც ყურძნის ნამეტ მოსავალს იმ რაიონებში იძენს, სადაც ღვინის კომპანიები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ყურძნის გადამუშავებით. 

 ამ დროისათვის მოსახლეობის შემოსავლებმა 44 მილიონ ლარს (18,3 მილიონი დოლარი)  მიაღწია, მაშინ როცა  2014 წელს მოსახლეობის შემოსავალი 175,3 მილიონ ლარს (73 მილიონ დოლარს) აღწევდა. 

ხელისუფლება აცხადებს, რომ რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს რეგიონის ყველა მინიცეპალიტეტში.  თუმცა ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მევენახეები ყურძნის მოსავლის აღების ნაცვლად, საპროტესტო აქციებს მართავდნენ. 

 რთველი საპროტესტო აქციების ფონზე

 წელს რთველი უჩვეულოდ  - საპროტესტო აქციებით  დაიწყო. გლეხები ითხოვდნენ ყურძნის ფასები კილოგრამზე 1 ლარამდე აწეულიყო. აქციების მონაწილეები ვენახის გაჩეხვით, ფართომასშტაბიანი აქციებითა და „ყურძნის რევოლუციითაც“ კი  იმუქრებოდნენ, თუკი ყურძნის მოსავალს მათთვის მისაღებ ფასში ვერ გაყიდდნენ. მევენახეები ამტკიცებენ, რომ დაწესებული ფასით  ყურძნის ჩაბარების შედეგად მიღებული თანხით, ისინი ვერ შეძლებენ კრედიტების დაფარვას და მთელი  წლის მანძილზე არსებობას.

 კახეთში მევენახეთა საპროტესტო აქციებს ოპოზიციურ პარტიათა ნაწილმა დაუჭირა მხარი, რომლებიც ამისთვის კახეთში ჩავიდნენ. კახეთში ოპოზიციის გამოჩენამ ხელისუფლების განსაკუთრებული გულისწყრომა გამოიწვია, რომელსაც თავად მევენახეებმა ბოლო პერიოდში არა ერთხელ შეახსენეს სამი წლის წინ მიცემული წინასაარჩევნო დაპირება, რომ ყურძნის მინიმალური ფასი კილოგრამზე 1 ლარი იქნებოდა. 

 ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს

 საპროტესტო აქციის პასუხად, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ყურძნის ფასს ბაზარი არეგულირებს და სახელმწიფო ამ საკითხში არ ჩაერევა. 

 „შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რთველის სუბსიდირებას. ჩვენ გადავწყვიტეთ გავცეთ სუბსიდია — 0,35 ლარი ერთ კილოგრამ თეთრ ყურძენზე და 0,15 თეთრი — 1 კილოგრამ წითელ ყურძენზე. ბაზრებზე ყურძნის მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით, ეს ფასი არ გადაიხედება“, — თქვა დანელიამ. 

 სახელმწიფოს არ შეუძლია ბიზნესს პირობები უკარნახოს, მაგრამ იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა გლეხებს დაეხმაროს: გაიხსნა სპეციალური პუნქტები ყურძნის მოსავლის რეალიზაციისათვის, აძლევენ სუბსიდიებს, მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვები. გარდა ამისა, არსებობს აგრაგული ბაზრები, სადაც ერთი კილოგრამი ყურძენი ერთ ლარზე ნაკლები არ ღირს, — თქვა მინისტრმა. 

 ხელისუფლებამ ყურძნის ექსპორტის შემცირებას სუბსიდიით უპასუხა

 სუბსიდიების გაცემა მიმდინარე წელს, ქართული ღვინის ექსპორტის, მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე შექმნილი არასახარბიელო პოლიტიკური მდგომარეობის გამო, მნიშვნელოვანმა შემცირებამაც (46%-ით) განაპირობა. ეს ნეგატიურად აისახა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე და საბოლოოდ ყურძენზე მოთხოვნის მკვეთრი დაცემა გამოიწვია.  

 „დარგის განვითარებაში დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად, ასევე მევენახეთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ მიიღო გადაწყვეტილება ყურძნის სუბსიდირებაზე“,- განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ყურძნის დიდი და საკმაოდ ხარისხიანი მოსავალი მოვიდა. 

 სახელმწიფომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება კახეთის რეგიონში ყურძნის ნამეტი მოსავლის შესყიდვის შესახებ, რომელთაც კერძო სექტორი არ იბარებს. ამ მიზნით სახელმწიფომ ღვინის საწარმოები იჯარით აიღო, სადაც 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 0,60 ლარია, ხოლო წითელის —0,85 ლარი. 

 ყურძნის სუბსიდირებით სახელმწიფომ ცრუ იმედების ატმოსფერო შექმნა

 ყურძნის ფასს ბაზარი უნდა არეგულირებდეს, ხოლო ხელისუფლების მიერ დარგის პირდაპირმა სუბსიდირებამ მევენახეებში ცრუ იმედების ატმოსფერო შექმნა, თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი.

 „ნორმალურ სიტუაციაში ყურძენზე ფასს ბაზარი უნდა განსაზღვრავდეს, მაგრამ ბოლო წლებში ხელისუფლებამ დარგის პირდაპირი სუბსიდირების არასწორი პრაქტიკა აირჩია. ამით მათ ცრუ იმედების ატმოსფერო შექმნეს, რის შედეგადაც ხალხმა თავისი ბიზნესი 1 კილოგრამ ყურძენზე 1 ლარზე დაიანგარიშა“, — თქვა გია ხუხაშვილმა. 

 ეხლა აღმოჩნდა, რომ მათი ოპტიმიზმი რამდენადმე გაზვიადებული იყო და ხელისუფლების ადრინდელი საუბრები იმაზე, რომ ყურძენი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს, მათვე დაუბრუნდათ ბუმერანგად, აღნიშნა ექსპერტმა. 

 მევენახეობის განვითარება — ხელისუფლების პრიორიტეტია

 საქართველოში მევენახეობა და მეღვინეობა მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს ითვლის და სახელმწიფო დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ყურძნის სუბსიდირების პროგრამას ახორციელებს, რომელიც 2015 წელს მთლიანობაში სულ ცოტა 30 მილიონი ლარი (12,5 მილიონი დოლარი) დაჯდება. 

 „რქაწითელისა“ და „საფერავის“ ჯიშის ყურძნების სუბსიდირებას რთველის ფარგლებში, სახელმწიფო 2008 წლიდან ახდენს. დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „რთველი 2013“-ის ფარგლებში, „შეღავათიანი კრედიტების პროექტს“ მეხუთე კომპონენტი — კრედიტი მეღვინეთათვის დაემატა. მეხუთე კომპონენტის ფარგლებში, ღვინის კომპანიებისათვის შეღავათიანი კრედიტები გაიცემოდა — 15 თვეზე —12-15%-ად, მათგან 9%-ს სახელმწიფო ფარავდა, ხოლო ყურძნის 1 ლარზე მეტ ფასად შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო პირდაპირი დახმარების სახით შესაბამისი თანხით უზრუნველყოფდა ღვინის კომპანიებს. 


ყველა ახალი ამბავი
0