საქართველოდან ღვინის ექსპორტი 46%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 37 ქვეყანაში დაახლოებით 19,9 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი მოცულობის) ქართული ღვინოა ექსპორტირებული.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 46%-ით შემცირდა, იუწყება „საქსტატი“. 

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 37 ქვეყანაში დაახლოებით 19,9 მლნ ბოთლი (0,75 ლიტრი მოცულობის) ქართული ღვინოა ექსპორტირებული.

„2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში შემცირება მხოლოდ 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (36 585 769 ბოთლი) აღინიშნება, როდესაც ექსპორტის თვალსაზრისით ბუმი იყო, რაც რუსულ ბაზარზე ღვინის ექსპორტის პიკურმა მაჩვენებელმა განაპირობა. ღვინის ექსპორტის შემცირება რუსეთსა და უკრაინაში პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენებითაა განპირობებული, რის შედეგადაც რუსეთში ექსპორტი 58%-ით, ხოლო უკრაინაში — 63%-ით შემცირდა“, — აღნიშნეს საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ამავდროულად, ექსპორტი გაიზარდა ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი — 60%-ით, იაპონია — 7%-ით, კანადა — 89%-ით, ლატვია — 2%-ით, ლიტვა — 1%-ით, ესტონეთი — 37%-ით, აშშ — 26%-ით, კორეა — 221%-ით, გერმანია — 27%-ით და სხვა.

მიუხედავად ამისა, რუსეთი, რომელზეც ღვინის 10 111 948 ბოთლი მოდის, კვლავ ძირითად საექსპორტო ქვეყნად რჩება. მას მოსდევს ყაზახეთი (2 936 256 ბოთლი), უკრაინა (1 739 438 ბოთლი), ჩინეთი (1 185 821 ბოთლი) და პოლონეთი (1 020 394 ბოთლი).

ქართული ღვინისმწარმოებელი უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ბრენდის ექსპორტმა, რომელიც მსოფლიოს 16 ქვეყანაში ხორციელდება, დაახლოებით 3,7 მლნ ბოთლი (0,5 ლიტრი მოცულობის) შეადგინა.

გარდა ამისა, 2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ჭაჭის ექსპორტმა, რომელიც მსოფლიოს 18 ქვეყანაში ხორციელდება, 75 036 ბოთლი (0,5 ლ. მოცულობის) შეადგინა.

 


ყველა ახალი ამბავი
0