ექსპერტი: ხელისუფლების მიერ სუბსიდირებამ მევენახეებში ცრუ იმედების ატმოსფერო შექმნა

გამოწერა
ნორმალურ სიტუაციაში ყურძენზე ფასს ბაზარი უნდა განსაზღვრავდეს, მაგრამ ბოლო წლებში ხელისუფლებამ დარგის პირდაპირი სუბსიდირების არასწორი პრაქტიკა აირჩია, - განაცხადა ხუხაშვილმა.

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ყურძნის ფასს ბაზარი უნდა არეგულირებდეს, ხოლო ხელისუფლების მიერ დარგის პირდაპირმა სუბსიდირებამ მევენახეებში ცრუ იმედების ატმოსფერო შექმნა, თვლის ექსპერტი გია ხუხაშვილი. 

 „ნორმალურ სიტუაციაში ყურძენზე ფასს ბაზარი უნდა განსაზღვრავდეს, მაგრამ ბოლო წლებში ხელისუფლებამ დარგის პირდაპირი სუბსიდირების არასწორი პრაქტიკა აირჩია. ამით მათ ცრუ იმედების ატმოსფერო შექმნეს, რის შედეგადაც ხალხმა თავისი ბიზნესი 1 კილოგრამ ყურძენზე 1 ლარზე დაიანგარიშა“, — თქვა Sputnik-თან საუბრისას გია ხუხაშვილმა. 

 ეხლა აღმოჩნდა, რომ მათი ოპტიმიზმი რამდენადმე გაზვიადებული იყო და ხელისუფლების ადრინდელი საუბრები იმაზე, რომ ყურძენი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს, მათვე დაუბრუნდათ ბუმერანგად, აღნიშნა ექსპერტმა. 

 რეგიონში პოლიტიკური მოვლენების გამო, მსხვილ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის ექსპორტის შემცირებამ, თავის მხრივ ყურძენზე მოთხოვნა შეამცირა. დარგის განვითარებაში დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად, ასევე მევენახეთა ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ მიიღო გადაწყვეტილება ყურძნის სუბსიდირებაზე, განაცხადა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. 

 სახელმწიფომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება კახეთის რეგიონში ყურძნისა ნამეტი მოსავლის შესყიდვის შესახებ. 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი 0,60 ლარია, ხოლო წითელის —0,85 ლარი. 

 კახეთში ყურძნის მოსავლის აღება, საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. მევენახეები კილოგრამ ყურძენზე მინიმალური ფასის — 1 ლარის (0,41 აშშ დოლარი) დადგენას მოითხოვენ. ისინი ვენახის გაჩეხვით იმუქრებიან, თუკი ყურძნის მისაღებ ფასში გაყიდვას ვერ შეძლებენ. 

 უკმაყოფილო მევენახეების პასუხად, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ყურძენზე ფასი ბაზრის მიერ რეგულირდება და სახელმწიფო ამ საკითხში არ ჩაერევა.

 აგრარული უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მევენახეებს არჩევანიც აქვთ — გაყიდონ თავისი მოსავალი აგრარულ ბაზრებზე, სადაც კილოგრამი ყურძენი 1 ლარზე ნაკლები არ ღირს, ან თვითონ, ოჯახის პირობებში დაამზადონ ღვინო, რომელიც ტრადიციულად უფრო ძვირი ღირს. 

 „რქაწითელისა“ და „საფერავის“ ჯიშის ყურძნების სუბსიდირებას რთველის ფარგლებში, სახელმწიფო 2008 წლიდან ახდენს. დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „რთველი 2013“-ის ფარგლებში, „შეღავათიანი კრედიტების პროექტს“ მეხუთე კომპონენტი — კრედიტი მეღვინეთათვის დაემატა. მეხუთე კომპონენტის ფარგლებში, ღვინის კომპანიებისათვის შეღავათიანი კრედიტები გაიცემოდა — 15 თვეზე —12-15%, მათგან 9%-ს სახელმწიფო ფარავდა. 


ყველა ახალი ამბავი
0