მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა საქართველოში პროფესიონალ კადრებს მოამზადებს

გამოწერა
სტუდენტები, რომლებიც შვეიცარიული სკოლის პროგრამას გაივლიან, პრესტიჟულ სამსახურს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც იშოვიან

თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. შვეიცარიული სკოლა Les Roches, რომელიც ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამეულში შედის, თბილისში გაიხსნა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრესსამსახურში. ლექციები სწორედ აღნიშნული უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდება.

ქართველი სტუდენტის მიერ შექმნილი დამგზავრების აპლიკაცია – იმგზავრე იაფად და კომფორტულად >>

საქართველოში Les Roches პროგრამის ხელმძღვანელის, მენეჯმენტის სკოლის დამფუძნებლის, მანანა უგულავას თქმით, შვეიცარიული სკოლა არსებობის 65 წლის განმავლობაში პირველად დასთანხმდა პროგრამის განხორციელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამ მიზნით საქართველო შეარჩია.

„ჩვენ ძალიან მოგვწონს პროგრამა, აკადემიური პერსონალი, რომლის წარმომადგენლებიც გამოცდილი პრაქტიკოსები არიან. ტურიზმის სფერო საქართველოში სწრაფად ვითარდება და ადამიანური კაპიტალი ხელშეწყობას საჭიროებს. ჩვენ მზად ვართ, მოვემსახუროთ ქვეყანას და ის ცოდნა, რომელსაც ამ პროგრამის გავლისას მივიღებთ, ახალი თაობის აღზრდასა და ინდუსტრიის განვითარებას მოვახმაროთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროგრამის სტუდენტმა ქეთი ჯამარაულმა.

ნიკო კვარაცხელია - Sputnik საქართველო
ექსპერტი: საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარების კარგი პერსპექტივები გააჩნია

საგანმანათლებლო პროგრამა რვა თვე გრძელდება. ლექციებს გამოცდილი უცხოელი ლექტორები კითხულობენ. საქართველოში პირველ ლექციას მდგრადი განვითარების თემაზე წაიკითხავს Les Roches პროგრამის ლექტორი რობერტო როდრიგესი.

რაც შეეხება თეორიულ მოდულებს, ისინი საღამოობით და დასვენების დღეებში ტარდება, ვინაიდან Les Roches-ს ყველა სტუდენტი დასაქმებულია.

პროგრამის ლექტორები თავად არჩევენ სტუდენტებს სამუშაო გამოცდილების, ინგლისური ენის ცოდნის დონის, მათი განათლების სფეროს საფუძველზე და ზოგიერთი სხვა კრიტერიუმის მიხედვით. ამ მომენტისთვის საქართველოში შვეიცარიული სკოლის საგანმანათლებლო პროგრამას 15 სტუდენტი გადის. უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ისე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები სერტიფიკატს აიღებენ.

პატარა ქვეყნის დიდი გამარჯვებები: როგორ იპყრობდა ქართული კულტურა მსოფლიოს 2018 წელს >>

ქართველმა სტუდენტებმა უკვე იმოგზაურეს ესპანეთში, სადაც შვეიცარიული სკოლის ერთ-ერთი კამპუსი მდებარეობს. ორი კვირის განმავლობაში ისინი საკურორტო ქალაქ მარბელაში იმყოფებოდნენ. სასწავლო ციკლის პერიოდში სტუდენტები Les Roches-ს კამპუსში ოთხ კვირას გაატარებენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ პრაქტიკულად ყველა სტუდენტი, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ამთავრებს, პრესტიჟულ სამსახურს შოულობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. საუკეთესო სტუდენტებს რეკომენდაციას Les Roches-ს ლექტორები აძლევენ.

Les Roches ინსტიტუტი 1954 წელს დაარსდა და მსმენელებს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ბიზნესგანათლებას სთავაზობს: საერთაშორისო სასტუმრო მენეჯმენტი, ფინანსების განკარგვა, მეწარმეობა, პერსონალის მართვა, საკურორტო და საკრუიზო მენეჯმენტი, ბრენდმენეჯმენტი, სარესტორნო საქმე, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვ.

Les Roches სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულების უმაღლესი სასწავლებლების წამყვან სამეულში შედის და დამსაქმებელთა შორის რეპუტაციით მსოფლიოს უნივერსიტეტების სიაში მესამე ადგილი უჭირავს (QS World University Rankings, 2018).

Les Roches-ს კამპუსები მდებარეობს შვეიცარიაში, ესპანეთსა და ჩინეთში. მრავალი პროგრამა ითვალისწინებს კამპუსების შეცვლას ერთი კურსის ფარგლებში, რათა სტუდენტები სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და საერთაშორისო კარიერისთვის მოემზადონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0