თბილისი, 6 მაისი — Sputnik. „ეს იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ადგილი მთელ საქართველოში“ — ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „კავკასიის მთის ცენტრი“, რომლის მშენებლობაც სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში იგეგმება.
მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მესნერი, წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი“ სწორედ, ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.
ცნობილი ალპინისტი, გასულ წელს გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ქართულ მთებს სივრცითი დაგეგმარების ექსპერტებთან და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამჯერად, რაინჰოლდ მესნერი სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლთან ერთად დაათვალიერა, რის შემდეგაც პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად იმსჯელა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „კავკასიის მთის ცენტრი“ იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მთამსვლელებისთვის და საქართველოში ამ მიმართულების სამომავლო განვითარებისთვის.
რაინჰოლდ მესნერის თქმით, პროექტი დიდი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მოექცეს მსოფლიო ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რისი პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.
„კავკასიის მთის ცენტრი“ მთელ მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანისა და მთის ურთიერთობების შესახებ. მშენებლობას ჩვენ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დავიწყებთ… ვფიქრობ, კავკასიის მთები მალე არაფრით ჩამოუვარდება ალპებს — მთელი მსოფლიოს მასშტაბით ალპინისტების, სამთო ტურების მოყვარულების ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით“, — აღნიშნა მსოფლიოში ცნობილმა ალპინისტმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მთავრობის მეთაურმა მესნერის წინა ვიზიტიც გაიხსენა და „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტს უნიკალური უწოდა.
„ეს არის მუზეუმი, რომელიც ყველა მხრიდან გახსნილია და მისი ყველა მიმართულებიდან ჩანს უნიკალური ხედები. აბსოლუტურად ჰარმონიაშია მთებთან, განსაკუთრებით უშბასთან. მდებარეობს მაღლა, მთაში, სადაც მისასვლელი საბაგირო გზითაა. რა თქმა უნდა საავტომობილო გზაც არის. ამ მუზეუმიდან ჩანს ყველაფერი და ეს მუზეუმი ჩანს ყველა მხრიდან, ასე რომ, მართლაც უნიკალური პროექტია და ძალიან მიხარია ამ პროექტის დაწყება,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა, ცნობილმა ალპინისტმა და არქიტექტორმა „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტის დეტალები პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან, და მთის დამგეგმავთან, გიორგი გოცირიძესთან ერთად განიხილეს. შეხვედრას, აგრეთვე, ასოციაცია „ქართული ღვინოს“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდა. ქართულ მთებთან ერთად მესნერი განსაკუთრებულად, სწორედ, ქართული ღვინის უძველესმა კულტურამ დააინტერესა.
რაინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა.
ალპინისტმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.