სამთო ტურიზმის მოყვარულებისთვის ახალი მობილური აპლიკაცია შეიქმნა

გამოწერა
კომპანია INTERMAPS-ის მიერ შექმნილ აპლიკაციაში საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციაა თავმოყრილი.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს ოთხი სამთო კურორტის შესახებ მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ცენტრში („ტექნოპარკი“) გაიმართა, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

აპლიკაცია უნიკალური ტურისტული გზამკვლევია, რომელიც წარმოადგენს სრულ ინფორმაციას გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის შესახებ.

„ამ აპლიკაციაში ყველა ის ინფორმაციაა, რაც სამთო კურორტებზე ვიზიტორს სჭირდება… აპლიკაციის ჩამოტვირთვა ძალიან მარტივია და, ვფიქრობ, მისი წყალობით ჩვენი სამთო კურორტები უფრო მიმზიდველი გახდება", — განაცხადა პრეზენტაციაზე მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა.

ახალი აპლიკაციის დახმარებით ყველა მსურველი შეძლებს მოიძიოს ინფორმაცია ზამთრის აქტივობების, საბაგირო გზებზე აბონემენტის ფასების, ამინდის პროგნოზის, თოვლის სიმაღლის, ზვავსაშიშროების დონის, კურორტამდე მისასვლელ გზებზე მდგომარეობის და საბაგიროების მუშაობის საათების შესახებ.

აპლიკაციაში შეტანილი რუკები იძლევა დამატებით ინფორმაციას საბაგიროებისა და სასრიალო გზების რაოდენობის, მდგომარეობისა და ტიპის შესახებ.

აპლიკაციის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია — სამაშველო სამსახურის გამოძახებაა, რომელიც შესაბამის ღილაკზე თითის დაჭერით განხორციელდება.

აპლიკაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით ავსტრიულმა კომპანია INTERMAPS-მა შექმნა.

კომპანია INTERMAPS-ს მსგავსი აპლიკაცია შექმნილი აქვს 2,2 ათასი კურორტისთვის და ის აერთიანებს 2,9 მილიონ მომხმარებელს. დღეიდან კი ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და სხვა წამყვან კურორტებს შორის უკვე საქართველოს მთის კურორტებიც ფიგურირებს, აღნიშნეს ეკონომიკის სამინისტროში.

აპლიკაციის გაცნობა შესაძლებელია საიტზე.

ყველა ახალი ამბავი
0