21:56 28 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8094
  • 100 RUB4.2136
  • USD3.2242
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
ჯანმრთელობა და სილამაზე (62)
41510

რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარი, ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ნატო ბაქრაძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ და რა ვასწავლოთ ბავშვს იმისათვის, რომ არც სხვა აქციოს მსხვერპლად და არც თავად გახდეს სხვისი მსხვერპლი.

სოციალიზაცია – ბავშვის ზრდისა და განვითარების პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის აქტიურ ფაზაში შედის, როცა ბავშვი იწყებს ენის – მეტყველების დაუფლებას, ხდება ქცევის ტიპების და ურთიერთობების სხვადასხვა ფორმების ჩამოყალიბება – თანატოლებთან, უფროსებთან, ოჯახის წევრებთან და უცხოებთან. ბავშვებს ამ პერიდოდში განსაკუთრებით უვითარდებათ საკომუნიკაციო უნარები, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობა და მათთან გამკლავება. ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ბავშვის მიერ ემოციების ამოცნობასა და მართვასთან.

ნატო ბაქრაძე
photo: courtesy of Nato Bakradze
ნატო ბაქრაძე

ბავშვები გამოცდილებით, ცდისა და შეცდომის გზით სწავლობენ. გარდა ამისა ბავშვები ქცევით მოდელებს ავტორიტეტებისგან მზა სახით იღებენ და ამიტომ მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან სწორი მაგალითის მიწოდება. ის, თუ როგორ მოაგვარებს ბავშვი კონფლიქტურ სიტუაციებს, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული მშობლის მითითებებსა და მის მიერ ნაჩვენებ ქცევით მოდელებზე. კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური გადაჭრა ბავშვს საშუალებას აძლევს ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეფექტური ურთიერთობა თანატოლებთან.

წარმოიდგინეთ სიტუაცია:

სკოლამდელი ასაკის ბავშვები სათამაშო მოედანზე თამაშობენ, უეცრად ხედავთ, რომ ორივეს ერთი და იგივე სათამაშო უნდა, A სწრაფად იღებს სათამაშოს, B – მივარდება და გამოსტაცებს სათამაშოს, A კი ურტყამს ან ტირის.

ამ სიტუაციის ბევრნაირი ვარიანტი შეიძლება გათამაშდეს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შემთხვევები ბუნებრივია, ამ დროს ბავშვები თავიანთ ძალებს გამოცდიან, გამოხატავენ ემოციებს, იბრძვიან სასურველისთვის. დარტყმა, წართმევა – ეს პირველადი იმპულსური რეაქციებია მტკივნეულ სტიმულებზე, სასურველის მისაღებად.

როდესაც ბავშვს ვასწავლით, რომ დაარტყას, მას ავტომატურად წავაქეზებთ ძალადობრივი ქცევისკენ. ხოლო როდესაც ბავშვს ვასწავლით, რომ ხელი არასდროს შეუბრუნოს, როდესაც დაარტყამენ, მას საშუალებას არ ვაძლევთ დაიცვას თავი, გათავისუფლდეს იმ წუთში წამოსული მძლავრი ემოციური იმპულსისგან. შედეგად – ის მსხვერპლია როგორც მოწინააღმდეგის, ისე თავისივე ბრაზის, რომელიც მის მიმართ განხორციელებულმა აგრესიულმა ქცევამ გამოიწვია და დაბლოკა.  

ბავშვებს სჭირდებათ კონფლიქტის გადაჭრის მრავალფეროვანი სტრატეგიების ჩვენება, ახსნა და განმარტება და არა მხოლოდ ძალადობრივი წაქეზება ან გაქცევა.

კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრის შესახებ ბავშვებს (ასაკი 3-6) ნეიტრალურ სიტუაციაში უნდა ესაუბროთ.  მოუყვეთ თქვენ მიერ ნანახი კონფლიქტური სიტუაციის მსგავსი სიტუაცია და ბავშვს ჰკითხოთ, რა გზით გადაჭრიდა თვითონ ისე, რომ არავის არაფერი სტკენოდა, ერთმანეთისთვის არ დაერტყათ. უმჯობესია ამბის თხრობისას გამოიყენოთ სათამაშოები და გაათამაშოთ აღნიშნული ამბავი. ასეთ დროს ბავშვი გარედან ხედავს სიტუაციას და მეტი შანსია, რომ მან თავად შემოგთავაზოთ საჭირო ვერსიები პრობლემის მოსაგვარებლად. სხვა შემთხვევაში თქვენ შესთავაზეთ, რა შეეძლო გაეკეთებინათ სათამაშოების პრობლემის მოსაგვარებლად.

აქტიურად გამოიყენეთ ისეთი ტიპის სათამაშოები, სადაც ბავშვს შეუძლია მათ სახეზე ამოიცნოს ემოცია, უჩვენეთ კონკრეტული სათამაშო, რომელიც, მაგალითად, გაბრაზებულია და ჰკითხეთ: შეხედე, დააკვირდი სახეზე და მითხარი, შენი აზრით, რას გრძნობს – ბრაზს თუ სიხარულს? როგორ ფიქრობ, რატომ? როგორ შეუძლია სხვებს გააგებინოს, რომ გაბრაზებულია? აქაც შეგიძლიათ ბავშვს დაეხმაროთ და მასთან ერთად დაასახელოთ ბრაზის გამოხატვის საშუალებები, მაგალითად, „მე გაბრაზებული ვარ!“ ან „მე გაბრაზებული ვარ, რადგან სათამაშო წამართვი“ (შესაბამისი ინტონაციით). ამ გზით ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ასწავლით ამოიცნოს, გამოხატოს და ისაუბროს არა მარტო თავის განცდებზე, და თანატოლს გააგებინოს რას გრძნობს და რატომ.  

კონფლიქტის გადაჭრის გზების სწავლისას მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ არა მარტო საკუთარი, არამედ სხვისი ემოციების ამოცნობა. ეს მათ ეხმარება გააცნობიერონ, რომ მისი მსგავსი ემოციები მის თანატოლებსაც აქვთ, შესაძლოა ისინიც გაბრაზდნენ, მათაც ეტკინოთ ან გაუხარდეთ, ან ის უნდოდეთ, რაც მათ სურთ. ბავშვებს ხაზგასზმით უნდა მივუთითოთ, რომ სიტაუციას სხვისი თვალებითაც შეხედონ და ესმოდეთ სხვათა ემოციები.

ყოველთვის ეცადეთ პრობლემის მოგვარების სტრატეგიები პოზიტიური კუთხით წარმოაჩინოთ მათთან, სადაც წინა პლანზე მოლაპარაკება, თანაგრძნობა და ზოგჯერ დათმობაც კი შეიძლება ეფექტური იყოს. ფიზიკური აგრესია კი  უკიდურეს ვარიანტად განიხილეთ, რომელსაც ზარალის მიყენება შეუძლია ორივე მხარისთვის. განუმარტეთ ფიზიკური ძალადობის რისკები და საფრთხეები, რომ ფიზიკური აგრესია მხოლოდ ფიზიკური აგრესიისგან თავდასაცავად შეიძლება იყოს გამართლებული.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები სხვადასხვაგვარი ხასიათის, ტემპერამენტის, ფიზიო-ბიოლოგიური სტრუქტურისანი არიან, ბუნებრივია, ემოციის გამოხატვა-შეკავების მექანიზმებიც სხვადასხვაგვარი აქვთ. ზოგიერთი მარტივად უმკლავდება ემოციებს, ზოგიერთი კი მეტად იმპულსური და ფეთქებადია. სწორედ ამიტომ მშობელმა ადრეული ასაკიდან მიზნად უნდა დაისახოს ბავშვს დაეხმაროს ემოციების მართვაში. ადრეულ ასაკში გამომუშავებული უნარები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდობის პერიოდში როგორც მეგობრულ ურთიერთბებში, ისე სხვადასხვა კონფლიქტური სიტუაციის გამკლავებაში.

ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად გაუზიარეთ მას თქვენი სურვილები და მოლოდინები, ასწავლეთ, რომ ყველას აქვს უფლება თავს გრძნობდეს ემოციურად და ფიზიკურად უსაფრთხოდ. განუსაზღვრეთ უთანხმოების მოგვარების წესები. განუსაზღვრეთ რომელი ქცევაა მისაღები და/ან მიუღებელი, ესაუბრეთ პირველ პირში, მტკიცე, მშვიდი ტონით და ხაზი გაუსვით რას გრძნობთ, ქმედება აღნიშნეთ ზოგად კონტექსტში, მაგალითად, „ჩემთვის მიუღებელია, როცა სათამაშოებს აქეთ-იქით ყრიან, უმჯობესია მითხრა რა ხდება“.

იყავით კარგი მაგალითი. ბავშვებს უთხარით, რომ შეუძლიათ რაც სურთ ის იგრძნონ, მაგრამ აკონტროლონ ის, რას გააკეთებენ. უჩვენეთ ან დაუსახელეთ ქმედება, რომელსაც მისგან ელით. თუ არ გსურთ, რომ თქვენი შვილი უხეშობდეს, შეურაცხყოფას აყენებდეს ვინმეს ან ურტყამდეს, თქვენგან არ უნდა ხედავდეს მსგავს ქცევებს. ამიტომ პირველ რიგში თქვენ შეიცვალეთ ქცევები.

წაახალისეთ, რომ პრობლემა მოაგვაროს სიტყვით. ჰკითხეთ ბავშვებს რა სურთ ან რა სჭირდებათ. აჩვენეთ, რომ მისგან ითხოვთ საუბარს და არა ბუზღუნს, ან ხელის კვრას: „მითხარი, თუ კიდევ გჭირდება რამე“.

ასწავლეთ ბავშვებს გაუმკლავდნენ ემოციებს კონსტრუქციულად, დაეხმარეთ ბავშვებს ამოიცნონ თავიანთი ემოციები. „გაბრაზებული ჩანხარ, საწყენია, როდესაც სათამაშოს წაგართმევენ, ტირილი ვერ დაგეხმარება, შეგიძლია სხვა სათამაშოთი ითამაშო, სანამ იმ სათამაშოს დაგიბრუნებენ“. ამ გზით ბავშვებს უჩვენებთ, რომ პრობლემის მოგვარება აგრესიის გარეშეც შესაძლებელია. აუცილებელია ბავშვებსაც ვასწავლოთ პირველ პირში ემოციებზე საუბარი, განუმარტეთ, რომ ნაცვლად იმისა, დაარტყას თანატოლს, შეუძლია თქვას და გამოხატოს, რომ ნაწყენია. მაგალითად, „მე ნაწყენი ვარ, სათამაშო რომ წამართვი“. უჩვენეთ ინტონაცია, დაეხმარეთ ემოცია ინტონაციითაც გამოხატოს.

მკაფიოდ უჩვენეთ, რომ ფიზიკური აგრესიის წინააღმდეგი ხართ. „მე არ მოგცემ უფლებას გიორგის ატკინო, არც გიორგის მივცემ უფლებას შენ გატკინოს. იფიქრე იმაზე, სხვაგვარად როგორ გადაჭრი პრობლემას“.

როდესაც კონფლიქტში გიწევთ ჩარევა, საშუალება მიეცით ორივე მხარეს ისაუბროს. დასვით კითხვები, ოღონდ ისე, რომ ნურც ერთის მხარეს ნუ დაიჭერთ, დადექით მათ შორის თანაბარად დაშორებულ მანძილზე, ჩაიმუხლეთ მათ სიმაღლეზე და ჰკითხეთ: რა პრობლემაა? უკვე ეცადეთ რამით მოგეგვარებინათ? კმაყოფილები ხართ? კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ერთად განიხილეთ კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენებული სტრატეგიის ნაკლი და უპირატესობა. გამოყავით საუკეთესო სტრატეგია.

აუცილებელია წახალისება. როდესაც ბავშვი სწორად გადაწყვეტს პრობლემას, შეგიძლიათ უთხრათ, მაგალითად, „მე გავიგე, რომ შენ და ანა კამათობდით თოჯინის გამო, მომეწონა, რომ უთხარი შენც გინდოდა და შესთავაზე ცოტა ხანში მოეცა შენთვის“.

არასდროს აიძულოთ ბავშვები ერთმანეთს ბოდიში მოუხადონ! ამით მხოლოდ თქვენ იმშვიდებთ თავს, ისინი არც თანაგრძნობას განიცდიან და არც დანაშაულის გრძნობა აქვთ.

ბავშვის აღზრდის პროცესი მრავალფეროვან მიდგომას საჭიროებს. მშობლისგან სრულ ჩართულობასა და ემოციურ კავშირს მოითხოვს. კონფლიქტურ სიტუაციებთან გამკლავების გზები ყოველდღიური საუბრის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, ეს არ არის ერთჯერადი პროცესი, იგი დროს და ენერგიას საჭიროებს. მოითხოვს ადრეული ასაკიდან მუშაობას, მოთმინებასა და სწორი გზების ეფექტურად ჩვენებას, რისი მიღწევის ერთადერთი გზა მშობლის განათლება, შეგნება და მოტივაციაა, მჭიდრო კავშირი და ურთიერთობა შვილთან.

 

თემები:
ჯანმრთელობა და სილამაზე (62)

მთავარი თემები