12:48 25 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
476 0 0

ალბათ არც ისე იშვიათია ისეთი ადამიანი, ვისაც მაღაზიაში შემთხვევით დახლზე დადებული რაიმე ნივთი არ გასტყდომია, ან დაუზიანებია, მათგან ბევრს უხერხული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად დაუყოვნებლივ გადაუხდია ნივთის საფასური.

არ არსებობს მკაცრად გაწერილი ნორმა იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გადაიხადოს გამტყდარი ან დაზიანებული ნივთის საფასური. ხშირად მომხმარებელს უწევს მისი გადახდა, ზოგჯერ მაღაზიის მფლობელები არა მომხმარებელს, არამედ კონსულტანტს ადანაშაულებენ, ზოგჯერ კი საქმე სასამართლომდეც მისულა.

ჩვენ მაინც გირჩევთ, დაზიანებული პროდუქციის ღირებულების გადახდამდე კარგად გაერკვიოთ თქვენს უფლებებში.

როგორც აღვნიშნეთ, კა­ნონში დე­ტა­ლუ­რად არ არის გა­წე­რი­ლი, რა შემ­თხვე­ვა­ში დაეკისრება სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და მომ­ხმა­რე­ბელს და რა შემ­თხვე­ვა­ში – არა. თუმცა, თუ მომხმარებელმა პროდუქცია გან­ზრახ, ან გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით დააზიანა, რა თქმა უნდა, ზა­რა­ლი მან უნდა აა­ნა­ზღა­უ­როს.

მაგალითად, თუ თქვენ ნივთი თქვენივე დაუდევრობით დაგივარდათ ხელიდან და გატყდა, ვალდებული ხართ გადაიხადოთ მისი საფასური, რადგან თქვენი გაუფრთხილებლობით დაზიანდა.

მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ნივთი შემთხვევით, უნებლიედ გატყდა?

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, თუ როგორაა განლაგებული მა­ღა­ზია­ში პროდუქცია. უდავოა, ნივ­თე­ბი ისე უნდა იყოს და­ლა­გე­ბუ­ლი, რომ მომ­ხმა­რე­ბელ­მა შემთხვევით ვერ და­ა­ზი­ა­ნოს და რისკი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. როდესაც საქონელი დაცულია შესაბამისი თაროებით, მისი გადმოვარდნა მარტივი მიზეზით ვერ მოხდება. ამიტომ სრული უფლება გაქვთ ნივთის დაზიანებაში მაღაზია დაადანაშაულოთ.

გასაგებად რომ ვთქვათ, სავაჭრო ობიექტმა თავისი სივრცე ისე უნდა მოაწყოს, რომ გამორიცხოს მომხმარებლის მიერ ნივთის უნებლიე დაზიანება.

მაგალითად, თუ თაროებს შორის ძალიან ვიწრო გასასვლელია, ან ახლადშემოტანილი პროდუქციის ყუთები აწყვია და გავლა ჭირს და ამ დროს მომხმარებელს უზიანდება ნივთი, ამ შემთხვევაში მას შეუძლია იდავოს, რადგან მაღაზიაში დარღვეულია უსაფრთხოების წესები, მომხმარებელი ვერ მოძრაობს თავისუფლად და გაზრდილია პროდუქტის დაზიანების რისკიც. შესაბამისად, მომხმარებელი ამ სიტუაციაში არაა ვალდებული ნივთის ღირებულება გადაიხადოს.

ალბათ ხშირად უხერხულ სიტუაციაში პატარა ბავშვსაც ჩავუგდივართ, როდესაც ქვემოთა თაროზე განლაგებულ რაიმე ნივთს იღებს და უტყდება. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

ასეთ შემთხვევაშიც შეიძლება ნივთის საფასურის გადახდაზე დავა, რადგან მაღაზიის ადმინისტრაციამ სათანადოდ არ იზრუნა ობიექტის უსაფრთხოებაზე და ადვილად დაზიანებადი, მსხვრევადი ნივთები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განათავსა.

მაგრამ თუ ბავშვი მაღაზიაში დარბის და განზრახ აზიანებს პროდუქციას, ნივთის ღირებულების გადახდა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.

ასე რომ, გაითვალისწინეთ, ნივთის დაზიანებაზე ან გატეხვაზე პასუხისმგებლობა გარემოებებსა და გამომწვევ მიზეზებზეა დამოკიდებული.

თუმცა, თუ მაღაზიის მფლობელი და თქვენ განსხვავებულად ფიქრობთ, სიმართლის დამტკიცების ერთადერთი გზა სასამართლოა. სასამართლოს შეუძლია მიმართოს როგორც მომხმარებელმა, ასევე სავაჭრო ობიექტმაც. აღსანიშნავია, რომ საქართველოში სასამართლომდე საქმე იშვიათად მიდის, განაჩენი კი ძირითადად მომხმარებლის სასარგებლოდ გამოაქვთ.

გაითვალისწინეთ, თუ დაზიანებული ნივთის საფასურის გადახდა მოგიწიათ, იგი თქვენს საკუთრებაში გადმოვა.

თუ სიტუაცია გამწვავდა და მაღაზიის ადმინისტრაცია დაჟინებით ითხოვს თქვენგან დაზიანებული ნივთის საფასურის გადახდას, თქვენ შეგიძლიათ საპატრულო პოლიცია გამოიძახოთ, რომელიც ადგილზე შეადგენს ოქმს, სადაც ასახული იქნება მომხდარი. პოლიციის მოსვლამდე კი შეგიძლიათ ფოტო-ვიდეომასალაც გადაიღოთ, თუ ფიქრობთ, რომ უდანაშაულო ხართ და ნივთიც იმის გამო დაზიანდა, რომ უსაფრთხოების წესები დარღვეული იყო.

თუ მიიჩნევთ, რომ პოლიციის გამოძახება არაა საჭირო, მაშინ მაღაზიის ადმინისტრაციისგან მოითხოვეთ საქონლის დაზიანების აქტის შედგენა და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, შემდეგ კი სასამართლოს მიმართავთ, ან მონიტორინგის სამსახური ჩაერთვება. თუ ადმინისტრაციამ პირადობის მოწმობა მოგთხოვათ, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელების წინაშე ხართ ვალდებული, რომ პირადობის მოწმობა წარადგინოთ.

მუდამ გახსოვდეთ, რომ საკუთარი უფლებების დაცვის საუკეთესო საშუალება მხოლოდ და მხოლოდ ინფორმირებულობაა. სამართლებრივი საკითხების ცოდნა კი გარანტიაა იმისა, რომ თავი მუდამ დაცულად იგრძნოთ.

მთავარი თემები