20:31 17 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
 Georgian Airways

„იაფი ფრენები“ დაბალფასიანი ავიაბილეთების შესახებ: როგორ ვიმოგზაუროთ იაფად

© photo : Georgian Airways / FB
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
82640

ვინც ხშირად მოგზაურობს და სარგებლობს ავიაკომპანიების მომსახურებით, იცის, რომ საქართველოში Wizz air-ის გამოჩენასთან ერთად ავიაბილეთების ფასი საკმაოდ დაეცა. 40-50 ლარად, ზოგჯერ უფრო იაფადაც კი, ავიარეისებზე ბილეთების შეძენა სრულიად შესაძლებელი გახდა.

სულ მალე საქართველოში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რეინეარი“ იწყებს ფრენებს, რამაც, შესაძლოა, კონკურენციის გამო ავიაბილეთების კიდევ უფრო გაიაფება გამოიწვის.

როგორ ხდება იაფი ავიაბილეთების შერჩევა, ყველაზე ხშირად რომელ ქალაქებზე ცხადდება ფასდაკლებები და ძირითადად რა მიმართულებებია პოპულარული, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ონლაინ-პლატფორმა „იაფი ფრენების“ ადმინისტრატორი ლანა ჩეჩელაშვილი გვესაუბრა.

- რამდენიმე თვეა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს უწევთ მომსახურებას და სთავაზობთ იაფ ავიაბილეთებს. თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად ხშირად არის ხელმისაწვდომი იაფი ავიაბილეთები და როგორ ხდება მათი შერჩევა, მოძიება?

- დაახლოებით სამი თვეა, რაც იაფ ავიაბილეთებს ვთავაზობთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, რაც მეტწილად განპირობებულია ევროპაში საკმაოდ ცნობილი და ბიუჯეტური ავიაკომპანიის შემოსვლით საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ კომპანია „ვიზეარი“ უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ქუთაისის, კოპიტნარის აეროპორტიდან ახორციელებს ევროპის მიმართულებით ფრენებს. ახლა 6 ნოემბრიდან დაემატება თბილისსა და ქუთაისს ასევე ბიუჯეტური ავიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც კიდევ უფრო გაამარტივებს მოგზაურობას.

რაც შეეხება იაფ ავიაბილეთებს, მათი მოძიება ხდება ფრენამდე რამდენიმე კვირით ადრე ბიუჯეტური ავიაკომპანიების ოფიციალურ გვერდებზე და ის დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე.

- ბილეთების გაყიდვას მსოფლიო მასშტაბით ახორციელებთ, როგორ გეკონტაქტებიან მომხმარებლები და რამდენად უმარტივებთ მათ ბილეთის ყიდვის პროცედურებს?

- ჩვენთან კონტაქტი და ბილეთის შეძენა საკმაოდ მარტივია. შევქმენით ონლაინ-პლატფორმა „იაფი ფრენები“ – ფეისბუქ-ჯგუფი, სადაც ჯგუფის წევრებს გავუმარტივეთ ფრენების მოძიება და ბილეთების შეძენა.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფის მიზნობრივი აუდიტორია არის ემიგრაციაში მყოფი ქართველები, ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ფაქტიურად დრო და მოწესრიგებული საბანკო ანგარიშები, ან ხშირ შემთხევაში სჭირდებათ უბრალოდ მოქნილი სერვისი, თუნდაც საღამოს საათებში, გადავწყვიტეთ, რომ მათთვის შეგვეთავაზებინა ისეთი გრაფიკი და მომსახურება, რომელიც იქნებოდა მათ დროსა და შესაძლებლობებზე მორგებული. მათგან საჭიროა მხოლოდ სასურველი თარიღები და პასპორტის სურათი. ჩვენ ვიძიებთ სავარაუდო თარიღებში ყველაზე იაფ ფრენებს ნებისმიერი მიმართულებით და ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდგომ მაქსიმუმ ნახევარ საათში ბილეთს ვუგზავნით მეილზე ან მესენჯერში, ხოლო ფრენამდე ორი დღით ადრე ვატარებთ რეგისტრაციას.

- რა განსაზღვრავს ავიაბილეთების ფასს და რა ფაქტორებზეა ის დამოკიდებული?

- ნაადრევად შეძენილი ბილეთები ხშირ შემთხვევაში არის ბევრად უფრო იაფი და ხელმისაწვდომი, ვიდრე ფრენამდე რამდენიმე დღით ადრე. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს ვეხმარებით წინასწარ დაგეგმონ სასურველი მიმართულებით მგზავრობა. გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ფეისბუქ-ჯგუფის გამოყენებით, რაც გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ისეთი ხარჯების გარეშე, როგორიცაა ოფისის ქირა და სხვადასხვა გადასახადები. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მოქმედებს შეთავაზებულ ფასზე და ამიტომ ამ ბაზარზე არსებულ ყველა ოპერატორზე დაბალ ფასად გვაქვს ბილეთები.

- ყველაზე ხშირად რომელ ქალაქებზე ცხადდება ფასდაკლებები?

- საკმაოდ იაფია მილანის, ბოლონიის, ბარსელონის, გერმანიის რამდენიმე ქალაქის და პოლონეთის მიმართულებით მგზავრობა. პერიოდულად ავიაკომპანიები აცხადებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა რეისებზე, თუმცა ეს ფასდაკლებები ხშირ შემთხვევაში ერთდღიანია. მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბილეთების სწორად მოძიება და მათი შეძენისას საჭიროებების სწორი განსაზღვრა. ამიტომაც ვფიქრობთ, ჩვენი მუშაობა არის გამართლებული, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ მოვიძიოთ სწორად ფრენები ოპტიმალური ფასის მისაღებად.

- ძირითადად რა მიმართულებებია პოპულარული, რაზეა მოთხოვნა?

- ძირითადად იტალიის, ესპანეთის და გერმანიის მიმართულებებია პოპულარული, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ქართველები ყველგან ვართ, ისლანდიიდან დაწყებული, სოლომონის კუნძულებით დამთავრებული.

თბილისიდან ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მილანი, პარიზი, ბერლინი, მადრიდი. ქუთაისიდან – ბარი, რომი, ათენი, ვარშავა, ბარსელონა, ჰამბურგი.

- საქართველოში ყველაზე ბიუჯეტური ავიახაზია „ვიზეარი“, თუმცა, როგორც აღნიშნეთ, სულ მალე ფრენებს იწყებს ასევე ბიუჯეტური კომპანია „რაინეარი“. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი, კონკურენციის გამო, ავიაბილეთების კიდევ უფრო გაიაფებას ხომ არ გამოიწვევს?

- ვფიქრობთ, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ფასები კიდევ უფრო დაიწევს, რაც, ალბათ, ლოგიკურია.

 

მთავარი თემები