პეტრა – იორდანიის იდუმალი ქალაქი: როგორ მოვხვდეთ და ვიმოგზაუროთ იაფად

© photo: courtesy of Mariam Tetradzeპეტრა, იორდანია
პეტრა, იორდანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეტრა - ნაბატელთა დედაქალაქი, დღეს იორდანიის სიმბოლო და ყველაზე პოპულარული არქეოლოგიური ძეგლია. დღესდღეობით პეტრას სანახავად იორდანიას ყოველწიურად ნახევარ მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

როცა ტურისტები სიკის ერთ კილომეტრიან გრილ კანიონს გადიან, მოსახვევში თვალწინ „საგანძური“ იშლება, რომელიც უზარმაზარი კლდისგან არის გამოკვეთილი.

მარიამ თეთრაძემ სულ ახლახან იმოგზაურა ამ ზღაპრულ და დიდებულ ადგილას. თუ რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა საქართველოში, ის თავად მოგვიყვება.

© photo: courtesy of Mariam Tetradzeსივას ოაზისი, ეგვიპტე
პეტრა – იორდანიის იდუმალი ქალაქი: როგორ მოვხვდეთ და ვიმოგზაუროთ იაფად - Sputnik საქართველო
სივას ოაზისი, ეგვიპტე

- ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღმოსავლეთმცოდნეობაზე, კერძოდ  არაბისტიკის მიმართულებით. 2017 წელს მოვიპოვე სტიპენდია და ერთი წლით გავემგზავრე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში არაბული ენის კურსებზე. ამჟამად ვარ ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტი. ვგიჟდები მოგზაურობაზე და ყველაფერზე, რაც მასთანაა დაკავშირებული, რაც მეხმარება ხალხის და პირველ რიგში საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში, ახალი და საინტერესო კულტურების აღმოჩენაში. უცხო ენებს ვსწავლობ, ამიტომ  მოგზაურობის დროს ხალხთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა მაქვს, რაც ერთიორად საინტერესოს ხდის მათთან ურთიერთობას.

- დღეს ძალიან მარტივია ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა. თუმცა ცოტა მიემგზავრება იორდანიაში, რომელიც თქვენ სულ ახლახან „დალაშქრეთ“. რატომ გაგიჩნდათ იქ წასვლის სურვილი და როგორ დაგეგმეთ მოგზაურობა?

- ბავშვობიდანვე მიზიდავს აღმოსავლეთი და ყველაფერი, რაც უდაბნოსთან და ბედუინებთან არის დაკავშირებული. ჩემი ეს ინტერესი პროფესიის არჩევაზეც აისახა. ძალიან დიდი ხანია მინდოდა პეტრას ნახვა, რომელიც მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთია. იორდანიაშია ასევე „ვადი რამი“, უნიკალური უდაბნო თავისი სასწაული  და არაამქვეყნიური სილამაზით. სწორედ აქაა გადაღებული ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა: „მარსელი“, „ვარსკვლავური ომები“, „ლოურენს არაბი“, „ტრანსფორმერები“. ჩემი აზრით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური ადგილია. ზოგადად, როცა ვმოგზაურობ, ვცდილობ მაქსიმალურად დაბალ ბიუჯეტში ჩავეტიო, ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ძვირადღირებული ღამის გასათევი ჩემთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს, მთავარია იყოს სისუფთავე და ჰქონდეს მოსახერხებელი მდებარეობა. მოგზაურობის დაგეგმვა პირველ რიგში ბილეთების ძებნით დავიწყე, შემდგომ „ბუქინგისა“ და „ეარბიენბის“ საშუალებით ბინებისა და სასტუმროების დაჯავშნა. უამრავი ინფორმაცია წავიკითხე წინასწარ უცხოურ ბლოგებზე, რათა მაქსიმალურად კარგად გამენაწილებინა მოგზაურობა და ერთ კვირაში ბევრი რამ მომესწრო. 

© photo: courtesy of Mariam Tetradzeპეტრა, იორდანია
პეტრა – იორდანიის იდუმალი ქალაქი: როგორ მოვხვდეთ და ვიმოგზაუროთ იაფად - Sputnik საქართველო
პეტრა, იორდანია
    

- რა გზებით მოხვდით იორდანიაში, რაიმე პრობლემა თუ შეგემთხვათ მგზავრობის დროს?

- მე პირადად იორდანიაში, კერძოდ ამანში თბილისიდან Air Arabia-თი გავფრინდი შარჯას გავლით. ბილეთში დაახლოებით 900 ლარი გადავიხადე ორივე გზაში. თუმცა, არსებობს შედარებით ბიუჯეტური გზა იქ მოსახვედრად. კერძოდ ქუთაისი-ლარნაკა Wizz Air-ით და ლარნაკა- აქაბა Ryanair-ით, თუმცა ჩემი მოგზაურობის პერიოდში რაინეარი არ დაფრინავდა, ამიტომ მომიწია Air Arabia-თი გაფრენა. ზოგადად იორდანია სრულიად უსაფრთხო ქვეყანაა, მათ შორის სოლო მოგზაურებისთვისაც. ქალაქიდან ქალაქში გადასვლის დროს მუდმივად გაკონტროლებს და გამოწმებს ჯარი, უსაფრთხოების ნორმები საკმაოდ დაცულია. აქვთ იდეალური გზები.

© Photo: Courtesy of Badri Vadachkoriaპეტრა, იორდანია
პეტრა – იორდანიის იდუმალი ქალაქი: როგორ მოვხვდეთ და ვიმოგზაუროთ იაფად - Sputnik საქართველო
პეტრა, იორდანია

- რა უნდა გაითვალსიწინოს ადამიანმა აუცილებლად, თუ იორდანიაში მოგზაურობას გადაწყვეტს?

- უპირველეს ყოვლისა იორდანიაში მოგზაურობის მსურველმა  ნებისმიერმა მოგზაურმა უნდა გაითვალისწინოს თანხა, ვინაიდან არაა იაფიანი ქვეყანა. იორდანული დინარი ერთ-ერთ ყველაზე მყარი ვალუტაა მსოფლიოში. ყველას ვურჩევდი, რომ წინასწარ გაეცნონ ინფორმაციას და პრიორიტეტულად განსაზღვრონ დასათვალიერებელი ადგილები. ერთი შეხედვით ქვეყანა პატარაა, თუმცა საქართველოსი არ იყოს უამრავი რამეა სანახავი, ისტორიული ადგილებიდან დაწყებული, ბუნებრივი გარემოთი დამთავრებული. თან წაიღონ აუცილებლად კარგი კამერა, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ. ამ სილამაზის აღბეჭვდა ერთი დიდი სიამოვნებაა. და რაც მთავარია, განეწყონ და მოემზადონ უდიდესი შთაბეჭდილებების მისაღებად, რომლებსაც ეს ქვეყანა იძლევა. აუცილებლად, ყველას ვურჩევდი, ვინც იორდანიაში სამ დღეზე მეტ ხანს დარჩება, რომ შეიძინონ Jordanpass, რომელიც გარკვეულ შეღავათს იძლევა ვიზის საფასურის მხრივ. მასში ასევე შედის პეტრაში შესასვლელი ბილეთი და სხვადასხვა ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა და მუზეუმების ბილეთები. საერთო ჯამში ძალიან დიდი დანაზოგი გამოდის. და რაც ყველაზე აუცილებელი და მთავარია -  ივაჭრეთ ყველგან და ყოველთვის. არაბულ ქვეყნებში ძალიან გაბერილი ფასები აქვთ და ვაჭრობის დროს აუცილებლად დაგიკლებენ და იაფად შეძლებთ სუვენირების შეძენას.

© photo: courtesy of Mariam Tetradzeპეტრა, იორდანია
პეტრა – იორდანიის იდუმალი ქალაქი: როგორ მოვხვდეთ და ვიმოგზაუროთ იაფად - Sputnik საქართველო
პეტრა, იორდანია

- რაც შეეხება თანხებს, დიდ თანხასთან არის  დაკავშირებული იორდანიაში მოგზაურობა?

- როგორც უკვე ვთქვი, იორდანია საკმაოდ ძვირი ქვეყანაა. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ტრანსპორტი, რადგან არ არსებობს მათი მოძრაობის დადგენილი დრო. როდესაც გაივსება, მაშინ გავა, ეს კი საკმაოდ არაკომფორტულია, ვინაიდან მოგზაურისთვის თითოეული დღე მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც შეგიძლიათ მანქანის ქირაობა, რაც შედარებით იაფი დაგიჯდებათ. განსაკუთრებით მაშინ, თუ რამდენიმე კაცი იქნებით. საკვები არც თუ ისე ძვირია, ვინაიდან ერთი კერძის შეკვეთის შემთხვევაში, როგორც არაბული ქვეყნების უმეტესობაში, აქაც სხვა კერძებიც მოაქვთ, თანაც ჯამში საკმაოდ დიდი ულუფებია. საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ ცალკე შეძენილი ბილეთები, ამიტომ როგორც ზევით დავწერე, გირჩევდით jordanpass ის შეძენას, რომელიც ძალიან დიდ შეღავათს გაგიწევთ. მას, ვისაც დაივინგი სურს, არც თუ ისე ცოტა თანხის გადახდა მოუწევს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზეა აგებული, ამიტომ ძვირია ყველაფერი რაც გართობასთან ასოცირდება, მათ შორის ჯიპ ტურები, აქლემებით გასეირნება, ჰაიკინგი, თუმცა აქაც შეგიძლიათ შევაჭრება, დამიჯერეთ საბოლოოდ აუცილებლად დაგიკლებენ ფასებს.

© photo: courtesy of Mariam Tetradzeპეტრა, იორდანია
პეტრა – იორდანიის იდუმალი ქალაქი: როგორ მოვხვდეთ და ვიმოგზაუროთ იაფად - Sputnik საქართველო
პეტრა, იორდანია

- ვისთან ერთად იყავით წასული?       

- იორდანიაში დედასთან ერთად წავედი. ისიც ჩემს მსგავსად მოგზაურობის ძალიან დიდი მოყვარულია. უყვარს ახალი ხალხისა და კულტურის გაცნობა. საკმაოდ კარგი და კომფორტული თანამგზავრია.

- მოგზაურობის დროს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თანამგზავრს?

- ჩემთვის პირადად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოგზაურობის დროს თან მახლდეს კარგი თანამგზავრი, რომელთანაც შემეძლება მიღებული შთაბეჭდილებებისა და ემოციების გაზიარება, ახალი და თუნდაც სარისკო, მაგრამ საინტერესო თავგადასავლების ძიება. მოგზაურობის დროს, ისევე როგორც ზოგადად, აუცილებელია ერთმანეთის აზრის გათვალისწინება და პატივისცემა. შესაძლოა განსხვავებული ინტერესები გვქონდეს, მაგრამ შუალედი მოვძებნოთ და ისე მოვახერხოთ, რომ ორივემ მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება.

© photo: courtesy of Mariam Tetradzeპეტრა, იორდანია
პეტრა – იორდანიის იდუმალი ქალაქი: როგორ მოვხვდეთ და ვიმოგზაუროთ იაფად - Sputnik საქართველო
პეტრა, იორდანია

- რამდენად შთამბეჭდავი იყო თქვენი მოგზაურობა? გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია და შთაბეჭდილებები, რაც იქ მოგზაურობის დროს განიცადეთ.

- არც თუ ისე ბევრ ქვეყანაში მიმოგზაურია, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ქვეყანა, თავისი ისტორიული ადგილებითა თუ ბუნებრივი გარემოთი. ამ ყველაფრის უკეთ შეგრძნებაში თავად ხალხიც გეხმარება. ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარეები არიან იორდანელები, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სტუმარი კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით დატვირთული გაუშვან, ეს თითოეული ფეხის ნაბიჯზეც იგრძნობა. ვადი რამში ჩემი მასპინძელი იყო აჰმადი, რომელმაც ნამდვილი ბედუინური ვახშამი მოგვიმზადა და ბევრი საინტერესო ამბავი მოგვიყვა. აქაბაში მაგალითად სასტუმროს მეპატრონემ, სადაც დავრჩით სრულიად უსასყიდლოდ ჩაგვიტარა დაივინგ ტური და ულამაზესი მარჯნის რიფები და ფერადი თევზები გვაჩვენა. ზოგადად ქვეყანაში იმდენი ლამაზი ადგილია და ერთმანეთისგან განსხვავებული, რომ ერთი მეორეზე დიდ შთაბეჭდილებას და ემოციას გიტოვებს. ერთ ქვეყანაში ვხვდებით ბედუინურ, ისლამურ, რომაულ, ბერძნულ და ბიზანტიურ კულტურებს და რა თქმა უნდა,  თითოეული მათგანი უნიკალური და გამორჩეულია. იორდანია ეს ის ქვეყანაა, საიდანაც ზღვა ემოციებით სავსე დაბრუნდები და სადაც დაბრუნებაც ყოველთვის მოგინდება.

- პეტრას შესახებ რას გვეტყვით? რა განიცადეთ მისი ხილვის დროს?

- პეტრა - ესაა ქალაქი, რომლის ნახვის შემდეგაც კიდევ გარკვეული ხანი ვერ აანალიზებ თუ რა საოცრება იხილე. სრულიად უნიკალური და სასწაული სილამაზის მქონე ადგილია, თუმცა მისი დათვალიერება მარტო არ ღირს. ყველას ვურჩევ, რომ აიყვანონ ადგილობრივი გიდები, რომლებიც საფეხმავლო ტურს ატარებენ პეტრაში. სულ რაღაც 25 დოლარად ფეხით მოგატარებენ მთელ პეტრას, რომელში შედის ე.წ „ინდიანა ჯონსის“ გზაც, მთავარი ღირსშესანიშნაობები და ასევე უნიკალური და ნაკლებტურისტული ადგილები, დაგათვალიერებინებენ გამოქვაბულებს, რომლებშიც ცხოვრობდნენ პირველმოსახლენი და შემდგომში უკვე ბედუინები. მე პირადად პეტრაში ერთი სრული დღე ვიყავი და ჩემი გიდის დახმარებით მაქსიმალურად ყველაფერი დავათვალიერე, თუმცა რა თქმა უნდა ვისაც საშუალება აქვს ვურჩევდი, რომ ორ დღიანი ტური აიღონ, რათა „მცირე პეტრას“ მონახულებაც შეძლონ. პეტრა უნიკალური ადგილია, რომელიც ვერავის დატოვებს გულგრილს, პირიქით, იგი თავისი სილამაზითა და იდუმალებით ნუსხავს მნახველს.

- ახლო მომავალში სად გეგმავთ გამგზავრებას?

- მოგზაურობასთან დაკავშირებით სამომავლოდ ბევრი გეგმა მაქვს. ძალიან მინდა მაროკოსა და ტუნისში წასვლა, თუმცა პრობლემას ვიზა წარმოადგენს, რადგან საქართველოში არც ერთი მათგანი არ გაიცემა. იქამდე სანამ ორივე ქვეყნის ვიზის პრობლემას მოვაგვარებ, ვფიქრობ ევროპის რამდენიმე შედარებით დაბალბიუჯეტური ქვეყანა მოვინახულო, თუმცა კონკრეტულად რომელი ჯერ დაზუსტებით გადაწყვეტილი არ მაქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0