03:42 18 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2657
  • 100 RUB4.6163
  • USD2.9626
ქორწილი

ვისთან დაქორწინებას კრძალავს კანონი? - იცოდეთ თქვენი უფლებები

© FB/ TK's Art and Craft
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
99530

გადაწყვიტეთ დაქორწინდეთ? გილოცავთ! ახლა კი დროა ვარდისფერი სათვალე მოიხსნათ, მიწაზე მყარად დადგეთ, ქორწინებამდე ჩახედოთ სამოქალაქო კოდექსს და გაიაზროთ თქვენი უფლებები.

ბედნიერებაა, როდესაც შეხვდებით იმ ერთადერთ ადამიანს, ვისთანაც მთელ ცხოვრებას დაუფიქრებლად გაატარებთ და დარწმუნებული ხართ, მასთან ქორწინება ნებისმიერ ქარიშხალს გაუძლებს. თუ თქვენ მზად ხართ დაქორწინდეთ, ესე იგი, მზად ხართ ყველაფერი საერთო გქონდეთ: ქონება, შვილები, უფლება-მოვალეობები და ა.შ.

თუმცა, არსებობს დამაბრკოლებელი მიზეზები, რამაც საოცნებო ადამიანზე დაქორწინებაზე შეიძლება ხელი შეგიშალოთ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექის მიხედვით, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრში. ასე რომ, ქორწინება იურიდიული ფაქტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეუღლეთა შორის სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს.

როგორც ვხედავთ, კანონის მიხედვით, ქორწინება აუცილებლად უნდა იყოს რეგისტრირებული. მამაკაცსა და ქალს შორის არარეგისტრირებული კავშირი, თუნდაც იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდებოდეს, არ ითვლება ქორწინებად და არ წარმოშობს ქორწინების სამართლებრივ შედეგებს (თუმცა, არაოფიციალური ქორწინება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილის მიმართ მოვალეობები არ აქვთ).

კანონის მიხედვით, დაქორწინებისთვის აუცილებელია:

– საქორწინო ასაკი (დაქორწინების ასაკად დადგენილია 18 წელი. თუმცა ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი: 16 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ დაქორწინება მშობლების წინასწარი წერილობითი თანხმობით. თუ მშობლები არ იძლევიან თანხმობას და არსებობს რაიმე საპატიო მიზეზი (მაგალითად, ორსულობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები), მაშინ დაქორწინების ნებართვა შეიძლება გასცეს სასამართლომ);

– დასაქორწინებელ პირთა თანხმობა (ქორწინება აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა იყოს ორივე მხრიდან. დაუშვებელია ქორწინების იძულება ერთ-ერთი დასაქორწინებელის მიერ, მშობლების ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ. დანიშვნის შემდეგ ორივე მხარეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ქორწინებაზე. კანონში აღნიშნულია, რომ ნიშნობის დროს მიღებული საჩუქრები მხარეებს უკან უბრუნდებათ);

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ვალდებულია დასაქორწინებელ პირებს გააცნოს ქორწინების რეგისტრაციის პირობები და წესი, განუმარტოს მეუღლეთა და მშობელთა უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე გააფრთხილოს, რომ პასუხს აგებენ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების დაფარვისთვის.

განვიხილოთ კანონით გათვალისწინებული ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელთა არსებობისასაც ქორწინება არ დაიშვება.

ქორწინება არ დაიშვება:

- იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი უკვე იმყოფება ქორწინებაში სხვასთან;
- პირდაპირი აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავებს შორის (პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი ნათესავები არიან პირები, რომლებიც ერთმანეთისგან წარმოიშვნენ: შვილთაშვილი, შვილიშვილი, შვილი, დედ-მამა, ბებია-ბაბუა, დიდი ბებია-ბაბუა და ა.შ.);
- ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის;
- მშვილებელსა და ნაშვილებს შორის;
- იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ არის ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ გარდა სამოქალაქო კოდექსისა, ქორწინების (ჯვრისწერის) დამაბრკოლებელ გარემოებებზე ეკლესიაც საუბრობს. საეკლესიო სამართლის მიხედვით, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზი ბევრია, თუმცა მათ შორის ძირითადია:

- ნათესაური კავშირები – სისხლის აღრევა, როდესაც წყვილს შორის არსებობს სისხლით ნათესაობა;

- შერეული ქორწინება – კავშირი მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის;

- ასაკობრივი ცენზი – უასაკოთა, არასრულწლოვანთა ქორწინება;

- აუცილებელია სქესთა სხვაობა - რომაული სამართლით იყო განსაზღვრული, რომ ქორწინება ეს არის კავშირი ქალსა და კაცს შორის. კავშირი ერთნაირი სქესის მქონე ადამიანებს შორის წარმართული, რომაული კანონმდებლობითაც კი იკრძალებოდა, ამიტომ ზემოაღნიშნული რომაული განსაზღვრება ქრისტიანულმა ეკლესიამ თავის სამართალში პირდაპირ გადმოიტანა;

- მონაზვნობის, ბერობის აღთქმა;

- სულიერი ნათესაობა, ნათელ-მირონობა - თავიდან განსაზღვრული იყო, რომ არ შეიძლება ქორწინება ნათლიასა და მის ნათლულს შორის, ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის. მოგვიანებით კი განისაზღვრა – გვერდითი ხაზით ხუთ თაობამდე არ შეიძლება ქორწინება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესიიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას, მაგრამ მას მაინც არ ათანაბრებს სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირებულ ქორწინებასთან. შესაბამისად, არც ჯვარდაწერილ და არც სხვა რაიმე რელიგიური წესით დაკავშირებულ წყვილს არ წარმოეშობა ერთმანეთის მიმართ ის სამართლებრივი უფლება-მოვალეობები, რაც განსაზღვრულია კანონით.

აქვე უნდა ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსი განქორწინების წესსაც არეგულირებს, რადგანაც მეუღლეებს განქორწინების უფლებაც ისევე აქვთ, როგორც ქორწინების.

ქორწინების შეწყვეტის ორი საფუძველი არსებობს: მეუღლის გარდაცვალება და განქორწინება. საქართველოს კანონმდებლობა არც იძულებით დაქორწინებას იცნობს და არც იძულებით ოჯახის შენარჩუნებას. განქორწინებისთვის ერთ-ერთი მეუღლის სურვილიც საკმარისია.

მეუღლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ განქორწინდნენ. კანონი ამ კუთხით მხოლოდ ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ცოლის ორსულობის დროს და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე შეიტანოს სარჩელი განქორწინებაზე. სხვა ნებისმიერ დროს როგორც ცოლს, ისე ქმარს სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ განქორწინება.

ამბობენ, ქორწინება სახელმწიფოს შექმნის დარიაო. ჰოდა, თუ დაქორწინებაში ხელს არც სამოქალაქო და არც საეკლესიო სამართალი არ გიშლით, თამამად შეგიძლიათ ერთი პატარა სახელმწიფო თქვენ თვითონაც შექმნათ.  

 

მთავარი თემები