თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ დაქორწინებული ან ერთად მცხოვრები წყვილი, როგორც წესი, მეტ კმაყოფილებას იღებენ ცხოვრებისგან, ვიდრე მარტოხელები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
კვლევები დიდ ბრიტანეთში ჩატარდა და მისი შედეგები ჟურნალ Journal of Happiness Studies-ში გამოქვეყნდა.
კანადელმა სწავლულებმა, შონ გროვერმა და ჯონ ჰელიველმა მონაცემთა ორი ბაზა შეისწავლეს, რომლებშიც ბრიტანეთის მოქალაქეების მორალურ-ფსიქიკური დონის მონაცემები ინახება. პირველი ბაზა British Household Panel Survey 30 ათასი ადამიანის ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასა და საკუთარი სტატუსის თაობაზე სუბიექტურ შეფასებებს შეიცავს. მეორე ბაზაში UK APS-ში კი კიდევ 350 ათასი ბრიტანელის შესახებ მსგავსი ფაქტებია დაცული.
აღნიშნული ბაზების ანალიზისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაქორწინებული ან ერთად მცხოვრები წყვილები ცხოვრებით კმაყოფილების მაღალი დონით გამოირჩევიან. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ოჯახური ცხოვრების ეფექტი უარყოფითია, დაქორწინებული ბრიტანელები მაინც უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე მარტოხელები.
მანამდე ჩატარებული გამოკვლევებით კი დადასტურდა, რომ ხანდაზმულობაში მარტო ცხოვრებამ შესაძლოა დემენცია* და გულის იშემიური დაავადებები გამოიწვიოს.
*დემენცია: ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც სახეზეა უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების: მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის, დასწავლის, მეტყველებისა და მსჯელობის მრავალფეროვანი აშლილობები.