ვის ეკუთვნის მეზობლის ეზოში ჩავარდნილი ხილი - იცოდეთ თქვენი უფლებები

CC0 / Pixabay / გოგონა ღობესთან
გოგონა ღობესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო“, ამბობს ქართული ანდაზა. კარგი მეზობელი რომ ცუდ ნათესავს სჯობია და ხშირად ადამიანი გაჭირვების დროს მეზობლების იმედად რჩება, ეგაც არავისთვისაა უცხო. მაგრამ რა გავაკეთოთ მაშინ, როცა მეზობელი არ „გვესინათლება“ და ხშირად დახმარების ნაცვლად უამრავ პრობლემას გვიქმნის.

ზოგიერთ ადამიანს ნამდვილად „უმართლებს“, როცა მეზობლის არსებობას მხოლოდ კარის გაღებისას ან დაკეტვისას გასაღებების ჩხრიალით, დერეფანში ნაბიჯების ხმით, ან ფანჯრიდან ტელევიზორის ციმციმის დანახვით გრძნობს. მაგრამ რა ქნან იმ მეზობლებმა, თუ მუდმივად წუხდებიან მეზობლის სახლიდან გამოსული ხმაურით, ჭვარტლით, ორთქლით, სუნითა თუ ბრახა-ბრუხით?

სტატიაში შევეცდებით, მოკლედ აგიხსნათ, როგორია კანონით დარეგულირებული მეზობლობა, რა შემთხვევაში გაქვთ მეზობელთან თმენის ვალდებულება და რა შემთხვევაში დაგეკისრებათ ფულადი კომპენსაციის გადახდა.

სამეზობლო ურთიერთობებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს და თუ ადამიანი ვერ ახერხებს მეზობელთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარებას, იძულებული ხდება კანონს მიმართოს.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მეზობლად არ მიიჩნევა მხოლოდ მომიჯნავე მიწის ნაკვეთები, ან სახლები, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. ანუ, თქვენს მიერ ჩაშვებული წყალი შეიძლება ჩაუვიდეს არა მარტო თქვენს ქვემოთ მცხოვრებ ადამიანს, არამედ კიდევ უფრო ქვემოთ მყოფ მეზობელსაც.

სამოქალაქო კოდექსი, პირველ რიგში,  მეზობლებს ავალდებულებს, რომ პატივი სცენ ერთმანეთს, მეორე რიგში კი თმენისკენ მოუწოდებს. ანუ, ვერ აკრძალავთ მეზობლისგან  გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებებს, თუკი ისინი ხელს არ გიშლით ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ თქვენს უფლებას.

CC0 / Pixabay / თუ მეზობლის შინაური ცხოველი დისკომფორტს გიქმნით...
ძაღლი ღობესთან - Sputnik საქართველო
თუ მეზობლის შინაური ცხოველი დისკომფორტს გიქმნით...

საინტერესოა, რომ სამეზობლო თმენათა ვალდებულებას არ გააჩნია მკვეთი ზღვარი. თუ მეზობლის შინაური ცხოველი დისკომფორტს გიქმნით, უნდა დაასაბუთოთ, რომ  ძაღლის ყეფა აღემატება იმ გონივრულ საზღვრებს, რომლებიც დასაშვებია სამეზობლო ურთიერთობებში. თუ ამას ვერ დაამტკიცებთ, ვალდებული ხართ ითმინოთ. თუმცა,  მეზობელი, რომელსაც ყავს შინაური ცხოველები, თავის მხრივ, ვალდებულია, დაიცვას ჰიგიენური და სანიტარული ნორმები და არ შეუქმნას ზედმეტი დისკომფორტი სხვებს.

პოლიცია ქალაქის ქუჩებში - Sputnik საქართველო
თუ პოლიციელმა გაგაჩერათ – იცოდეთ თქვენი უფლებები

თუ მომჩივანი დაასაბუთებს, რომ ზემოქმედება არსებითია და თმენის ვალდებულება არ გააჩნია, შინაური ცხოველის პატრონს შეიძლება აეკრძალოს ამ ცხოველის ყოლის უფლებაც.

შეიძლება, ზემოქმედება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მეზობელს მაინც დაეკისროს თმენის ვალდებულება. მაგალითად, თუ თქვენი  ბინის მახლობლად ცხოვრობს მუსიკოსი, რომლის რეპეტიციაც გაწუხებთ, მაინც  ვერ აუკრძალავთ დაკვრას, რადგან  ეს მისი ჩვეულებრივი, ნორმალური სამეურნეო საქმიანობაა.

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვაც, რომლებიც ხელყოფენ თქვენი  ნაკვეთით სარგებლობის უფლებას. მაგალითად, თუ კორპუსში ზედა მეზობელი ისეთ აივანს აშენებს, საიდანაც წვიმის წყალი  ჩამოგივათ, თქვენ გაქვთ იმის უფლება მოითხოვოთ ამ აივნის მონგრევა მიუხედავად იმისა, აწარმოებს თუ არა მეზობელი მშენებლობას სამშენებლო ნორმების დაცვით და არის თუ არა ის შეთანხმებული შესაბამის არქიტექტურულ სამსახურებთან.

იმ შემთხვევაში კი, თუ თქვენს  მიწის ნაკვეთს მეზობელი ნაკვეთიდან შენობის ჩამოქცევის საფრთხე ემუქრება, შეგიძლიათ  მეზობელს მოსთხოვოთ  აუცილებელ ღონისძიებათა გატარება ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
საქართველოში ცხოვრების უფლების ნებართვის მიღება შეიძლება გართულდეს

კანონის მიხედვით,  დაუშვებელია რამდენიმე მიწის ნაკვეთზე გამდინარე წყლებისა და მიწისქვეშა წყლების მიმართულების შეცვლა ისე, რომ ამან მეზობლის მიწის ნაკვეთზე წყლის რაოდენობა შეამციროს, ან ხარისხი გააუარესოს.

რა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ხის ან ბუჩქის ნაყოფი მეზობლის მიწის ნაკვეთზე დავარდა. სამეზობლო სამართლის მიხედვით,  ის მეზობლის  ნაკვეთის ნაყოფად ჩაითვლება, ანუ თქვენ მასზე არანაირი უფლება აღარ გაქვთ. ასევე, თქვენს მეზობელს შეუძლია მოჭრას იმ ხის ან ბუჩქის ტოტებიც, რომლებიც მის ნაკვეთზე გადავიდა.

საინტერესოა, რა შემთხვევაში აქვთ მეზობლებს ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება.

ჰეროინი - Sputnik საქართველო
რისი უფლებები ეზღუდებათ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ პირებს

თუ მეზობელი  მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა თქვენი ნაკვეთის საზღვრებს, ეს უნდა მოითმინით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის შესახებ წინასწარ  განაცხადეთ. საზღვრის დამრღვევი მეზობელი კი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია.

არის შემთხვევები, როცა მიწის ნაკვეთს არ გააჩნია კომუნიკაციებთან მისასვლელი გზა, როგორიცაა საავტომობილო გზა, წყალმომარაგების ქსელი და ა.შ.. ამ შემთხვევაში, ასეთი ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს აუცილებელი გზა იმ ნაკვეთის მესაკუთრისგან, რომლის ნაკვეთიც უერთდება ზემოაღნიშნულ კომუნიკაციებს. ეს უკანასკნელი ვალდებულია, ასეთი გზის არსებობა მოითმინოს და მეზობელი უზრუნველყოს აუცილებელი გზით, თუმცა ამის გამო უფლებამოსილია, მოითხოვოს ფინანსური კომპენსაციაც.

თუ მოსაზღვრე ნაკვეთებს შორის ასაშენებელი, ან აღსადგენია მყარი სასაზღვრო მიჯნა (ღობე), შეგიძლიათ  მეზობელს მოსთხოვოთ აშენებაში (აღდგენაში) მონაწილეობის მიღება. ამ შეთხვევაში გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მეზობელთან შეუთანხმებლად შესაძლებელია ისეთი ღობე განთავსდეს რომლის სიმაღლეც არ აღემატება  2,2 მეტრს.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ შეხვედრა გამართა - Sputnik საქართველო
საავტორო და მომიჯნავე უფლებები საქართველოში - საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის

როგორ მოვიქცეთ, თუ  მეზობლის ნაკვეთთან ზუსტი საზღვრის დადგენა შეუძლებელია.  ამ შემთხვევაში გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს უკვე სასამართლო.

ვინ სარგებლობს იმ შენობა-ნაგებობით, რომელიც მეზობელ ნაკვეთებს შორის საზღვრად არის გამოყენებული?  ამ შემთხვევაში ივარაუდება, რომ  მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს თანაბარი უფლება აქვთ ისარგებლონ ამ ნაგებობით, თუკი ნაგებობის გარეგნული მხარე პირდაპირ არ მიუთითებს, რომ იგი მხოლოდ ერთ-ერთი მეზობლის საკუთრებაა. ნაგებობის მოვლისა და შენახვის ხარჯები კი  მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება.

ჩვენ კი მაინც გირჩევთ, ვიდრე კანონებით დაარეგულირებდეთ მეზობელთან ურთიერთობას, ისევ  ქართული ანდაზა გაიხსენეთ:  „გაჭირვებაში კარის მეზობელი ძმაზე უწინ მოგეშველებაო“.

 

ყველა ახალი ამბავი
0