რისი უფლებები ეზღუდებათ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულ პირებს

© photo: Sputnik / Oleg Zoloto / გადასვლა მედიაბანკშიჰეროინი
ჰეროინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი კანონის მიხედვით, პირისთვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, გამსაღებელსა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს რამდენიმე წლით გარკვეული უფლებები ჩამოერთმევა, ნათქვამია  „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონში.

Telegram - Sputnik საქართველო
საქართველოში ნარკოტიკები Telegram-ის საშუალებით იყიდება

კანონის მიხედვით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს გარკვეული უფლებები სამი წლის ვადით ეზღუდებათ. კერძოდ:

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

საექიმო საქმიანობის უფლება;

საადვოკატო საქმიანობის უფლება;

პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება;

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება;

პასიური საარჩევნო უფლება;

იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

რაც შეეხება ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, აღნიშნული უფლებები მას 5 წლის ვადით ჩამოერთმევა. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი სასჯელი გარკვეულწილად მძიმდება და უფლებების ჩამორთმევის ვადა 10 წლამდე გაიზრდება (გარდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისა).

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
სერგეენკო: არანაირი მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურ ნარკოტიკებს შორის

ასევე, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს ყველა უფლება 15 წლის ვადით ჩამოერთმევა, გარდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებისა, რომელიც 5 წლის ვადით ეზღუდება.

კანონის მიხედვით, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულებისათვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა შესაძლებელია შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობს უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება ჩამოერთმევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

შესაბამისი ორგანოების ინფორმირების კუთხით ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისთვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისთვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

ყველა ახალი ამბავი
0