23:55 02 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9722
  • 100 RUB4.3634
  • USD3.3185
სასარგებლო რჩევები
მოკლე ბმულის მიღება
80450

ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან არის მიჩვეული ტკბილეულს, უკვე განწყობილია ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისადმი. დიაბეტის შემთხვევებიდან მეოთხედი გამოწვეულია არა მემკვიდრეობით, აბსტრაქტული არასწორი ან ზედმეტი კვებით, არამედ მთლიანად და მხოლოდ შაქრით. შაქარი – ეს ვაჭრობის ძრავაა, რადგან მას ნარკოტიკული ეფექტი აქვს.

რატომ ახდენენ გასუქების პროვოცირებას ცხიმგაცლილი პროდუქტები და წიგნები ჯანსაღ კვებაზე, რა უდევს საფუძვლად შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის ეპიდემიას, რა როლს ასრულებენ ამაში კვების ინდუქსტრიის მოთამაშეები – ამის შესახებ სან–ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSF) პროფესორი, პოპულარული ექიმი–ენდოკრინოლოგი რობერტ ლასტიგი საუბრობს და მასშტაბური ეროვნული თუ საერთაშორისო კვლევებით "შეიარაღებული" ამტკიცებს, რომ თანამედროვე წარმოდგენები ჯანმრთელობასა და ჯანსაღ კვებაზე ცრუ იდეებსა და მავნე კანონებს ეფუძნება, რასაც ძალიან ხშირად კვების ინდუსტრიის მოთამაშეები ლობირებენ.

პლანეტის მასშტაბის პრობლემა

მსოფლიოში ჭარბცხიმიანი ადამიანების რიცხვი 30 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე მათი, ვინც შიმშილობს. პლანეტის მოსახლეობის ხუთი პროცენტი (366 მლნ ადამიანი) უკვე დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. ეპიდემიის განსაკუთრებული ზრდა ბოლო 15 წლის განმავლობაში შეინიშნება.

ჭარბცხიმიანობა ეროვნული პრობლემა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც შიმშილის პრობლემაა; განსაკუთრებით იზრდება ბავშვთა სიმსუქნე. ეს ხდება აშშ–ში, იაპონიაში, რუსეთსა და ყველა განვითარებად ქვეყანაში.

დიაბეტის მკურნალობა აშშ-ის ბიუჯეტს 2012 წელს 245 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა – ეს თანხა 41 პროცენტით სულ რაღაც ხუთ წელიწადში გაიზარდა. 2030 წლისთვის ამერიკელების თითქმის ნახევარი – 42% სიმსუქნით იქნება დაავადებული. მეტაბოლური სინდრომის გართულებების ან შედეგების მკურნალობას ჯანდაცვის ბიუჯეტის სამი მეოთხედი ხმარდება.

მეტაბოლური სინდრომი მხოლოდ მსუქანი ადამიანების პრობლემა არ არის. ესაა ნივთიერებათა არაჯანსაღი ცვლა, რომელსაც მივყავართ ისეთ მძიმე დაავადებებთან, როგორიცაა ინფარქტი, დიაბეტი და, შესაძლოა, კიბოც კი. მეტაბოლური სინდრომის დიაგნოზს, რაც ჭარბწონიანობისთვის არის დამახასიათებელი, ექიმები ნორმალური წონის მქონე ადამიანების 70%–დან 40%–მდე უსვამენ. ანუ, თუ ადამიანი გარეგნულად გამხდარია, ეს არ ნიშნავს, რომ მას მსუქნებისთვის დამახასიათებელი დაავადებები არ აქვს.

რა იწვევს ჭარბცხიმიანობას: მთავარი მითი

ენერგიის შენარჩუნების კანონი გვამცნობს, რომ ყველა კალორია (ენერგია), რასაც მოვიხმართ, უნდა დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ორგანიზმში ცხიმის სახით დაგროვდება. ჯანსაღი აზრი გვკარნახობს – ჯანმრთელი რომ იყო, ნაკლები უნდა ჭამო და მეტი იმოძრაო. აქედან გამომდინარე არის მთავარი ცრუ დასკვნა: ან ნაკლებს ჭამთ, ან მეტს ხარჯავთ, და თუ ამას არ აკეთებთ, არავინაა დამნაშავე. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანს, ანუ მომხმარებელს, ანუ დაზარალებულს.

ასეთი დამოკიდებულების წინააღმდეგ იბრძვის ლასტიგი მრავალი წელია.

პირველ რიგში, ყველა კალორია ერთნაირად სასარგებლო არ არის, სხვადასხვა საკვებიდან მათ ორგანიზმი სხვადასხვაგვარად ითვისებს და იმარაგებს. ამ თვალსაზრისით ტკბილი საჭმელი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ცხიმიანი.

მეორე – დამტკიცებულია, რომ ფიზიკური დატვირთვები გახდომას თითქმის არ ეხმარება. რა თქმა უნდა, ფიზიკური დატვირთვა კარგია ზოგადად ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ის არ, ან თითქმის არ ცვლის ციფრებს სასწორზე.

მესამე – მთელი ცხიმი ჯანმრთელობისთვის მავნე არ არის: კანქვეშა ცხიმი არ ახდენს ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული პრობლემების პროვოცირებას და არ ზრდის საშიში დაავადებების რისკს. შესაძლოა, ე.წ. ცელულიტი არცთუ ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ჯანმრთელობას ის ნამდვილად არ ვნებს. მაგრამ ვისცერული (შინაგანი) ცხიმები, რომლებიც, შესაძლოა, გარეგნულად სულაც არ ჩანდეს, დიდ ზიანს აყენებს შინაგან ორგანოებს, მაგალითად, ცხიმში ეხვევა გული, ღვიძლი და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები, და ეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

ადამიანები დღეს უფრო მეტს ჭამენ, ვიდრე უწინ. ბურგერის საშუალო კალორიულობა ბოლო 25 წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა – 210 კკალორიიდან 618–მდე. საშუალოდ, მამაკაცები დღეში 187 კკალორიით მეტს იღებენ, ვიდრე 25 წლის წინ, ქალები – 335 კკალორიით მეტს, ხოლო მოზარდი ბიჭები – 275 კკალორიით მეტს. მაგრამ რატომ? – ადამიანს ბევრი ჭამისკენ მიდრეკილება მძიმე ბიოქიმიური დარღვევების გამო უჩნდება, რისკენაც, თავის მხრივ, გარესამყაროს ზეწოლას მიჰყავს.

მსოფლიოში ნებადართული ნარკოტიკი

პოპულარული ლიტერატურა ჯანსაღი კვების შესახებ გვასწავლის, რომ ფასთფუდი (სწრაფი კვება) მავნებელია, რადგან მასში ბევრია მარილი, ცხიმი და შაქარი. სინამდვილეში, ტვინში უბრალოდ არ არის ცხიმის ან მარილის მიჩვევის მექანიზმი, სამაგიეროდ შაქარი იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ძლიერი ნარკოტიკი. უფრო მეტიც, ტვინში დაჯილდოების სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ როდესაც ავითარებს მიჩვევას ერთი ნარკოტიკისადმი, ამავდროულად ავითარებს მიჩვევას სხვა ნარკოტიკებისადმი, რომლებიც ადამიანს ცხოვრებაში არასდროს უნახავს, მაგრამ რომლებიც იმავე ბიოქიმიურ პროცესებს იწვევს. დასკვნა: ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან არის მიჩვეული ტკბილეულს, უკვე განწყობილია ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისადმი.

მიუხედავად ამისა, ტკბილი სასმელების რეკლამა ამ პროდუქტებს წარმოგვიდგენს, როგორც სასარგებლოსა და ჯანსაღს, "გლუკოზა აუცილებელია ტვინისთვის", ხოლო "მსუბუქ" პროდუქტებში ცხიმის არარსებობა კარგად არის კომპენსირებული შაქრით. შაქარი გამოიყენება ისეთი საჭმელების კარამელიზაციისა და შეღებვისთვის, რომლებიც ტკბილ გემოს საერთოდ არ ითვალისწინებს (მაგალითად, შემწვარი ხორცი). ამიტომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფრუქტოზის მოხმარება ხუთჯერ გაიზარდა.

პროდუქტების რეიტინგში, რომლებიც გაცხიმოვნებას იწვევს, პირველი ორი ადგილი ჩიფსებსა და კარტოფილ ფრის უკავია. სასმელებს შორის დიდი უპირატესობით ლიდერობენ ლიმონათები, გაზიანი სასმელები და წვენები.

შაქრისა და შაქრის კულტურების მსოფლიო მოხმარება ბოლო 50 წელიწადში სამჯერ გაიზარდა. აქ ლიდერობს ბრაზილია, წარსულში ღარიბი ქვეყანა, რომელსაც შაქარი ექსპორტზე გააქვს, და რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუწვდომელი იყო. მე–20 საუკუნეში შაქარი გაიაფდა, ბრაზილია გამდიდრდა და ლიდერი უკვე მომხმარებელთა შორის გახდა.

თუ გადავხედავთ დიაბეტის განაწილებას მსოფლიო ქვეყნებზე, ყველაზე დიდი პრობლემები ამ დაავადებასთან დაკავშირებით აქვს უკვე არა ჩრდილოეთ ამერიკას, არამედ საუდის არაბეთს, კუვეიტს, კატარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მალაიზიას.

რატომ არიან ამ ქვეყნებში ყველაზე დიდი რაოდენობით დიაბეტით დაავადებულები? საქმე კლიმატი და კულტურაა: ერთი მხრივ, ცხელა, მეორე მხრივ – აკრძალულია ალკოჰოლი. შესაბამისად, ყველა ტკბილ ლიმონათს სვამს. გარკვეულწილად, ალკოჰოლი ნაკლებად მავნებელია, ვიდრე ლიმონათი, რადგან ადამიანს სპირტიანი სასმელის დალევისას ზღვარი გააჩნია (მეტს ვეღარ სვამს), მაგრამ გაზიანი სასმელები ლიტრობით შეუძლია დალიოს.

UCSF–ის მეცნიერებმა გააანალიზეს მსოფლიო სურსათის ორგანიზაციის, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემები 204 ქვეყნიდან, რათა შეედგინათ კვების ეკონომიკისა და დიაბეტის სრული სურათი.

2000–დან 2007 წლის ჩათვლით, შვიდ წელიწადში დიაბეტის დონემ მსოფლიოში 5,5–დან 7 პროცენტამდე მოიმატა. ფაქტორების მრავალფეროვნებიდან უშუალო როლს ასრულებს შაქარი და სხვა, ნახშირწყლებით მდიდარი საკვები. კალორიულობა, რაც საინტერესოა, თავისთავად არც ისე მნიშვნელოვანია: თუ დღეში 150 კილოკალორიით მეტს შეჭამთ, შაქრიანი დიაბეტის ალბათობა სულ 0,1 პროცენტით იზრდება. თუმცა, თუ ამ 150 კილოკალორიას იღებთ ტკბილი გაზიანი სასმელებისგან, დაავადების ალბათობა 11–ჯერ იზრდება. დიაბეტის ყველა შემთხვევის (მთელ მსოფლიოში) დაახლოებით მეოთხედი გამოწვეულია არა მემკვიდრეობით, აბსტრაქტული არასწორი კვებით ან ზედმეტი ჭამით, არამედ მთლიანად და მხოლოდ შაქრით. დასკვნა: დიაბეტის ეპიდემიის შესაჩერებლად საკმარისია მხოლოდ შაქრის შეზღუდვა ისევე, როგორც იზღუდება ნებისმიერი ნარკოტიკის ხელმისაწვდომობა.

საიდან იღებს თანამედროვე ადამიანი ამდენ შაქარს? – დაახლოებით მესამედს ვიღებთ ტკბილი სასმელების მეშვეობით, მეექვსედს დესერტების სახით ვიღებთ, ხოლო დაახლოებით ნახევარი დამალულია საკვებში, რომელიც ტკბილი არ უნდა იყოს – სოუსებში, პურში, მაკარონში და თითქმის ყველა სამრეწველო საკვებში. 1990 წელს ამერიკის კვების ინდუსტრიამ ლობირება გაუწია FDA–ს (პროდუქტებისა და სამკურნალო პრეპარატების ამერიკული კომისია) ახალ წესებს, რომლის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებული არ არის, შეფუთვაზე დამატებული შაქრის რაოდენობა მიუთითოს. კომპანიების მოტივი ისაა, რომ ამით ისინი რეცეპტურას, ანუ ფირმის საიდუმლოს გათქვამენ. კანონით დღემდე ნებადართულია, არ მიუთითონ გამოყენებული შაქრის რაოდენობა. სუპერმარკეტებში წარმოდგენილი პროდუქტების 80 პროცენტი შეიცავს შაქარს. შაქარი – ეს ვაჭრობის ძრავაა, რადგან მას ნარკოტიკული ეფექტი აქვს და ის გვაიძულებს, უფრო მეტი ვიყიდოთ და მეტი ვჭამოთ.

ბოლო 30 წელია, მომხმარებელი შესამჩნევად ნაკლებს ხარჯავს (5–10%-ით) ხორცსა და რძის პროდუქტებზე და ორჯერ მეტს – ნახევარფაბრიკატებსა და ტკბილეულზე.

2008 წლის კრიზისისას მხოლოდ მცირე რაოდენობის კომპანიების შემოსავლები გაიზარდა. ესენია: McDonalds, Coca-Cola, Pepsi, რადგან მათ აქვთ წარმატების ფორმულა, რაც ყოველ წელს უფრო და უფრო მეტი სასმელის გაყიდვის საშუალებას აძლევს. უბრალო ადამიანი სრულიად დაუცველია და ვერ წარმოუდგენია, რამდენად ღრმად არის "შემჯდარი" შაქარზე.

მთავარი თემები