04:41 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (318)
468 0 0

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან დღეს სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. განათლების მინიტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი იმ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებმაც დღეს სამინისტროსთან აქცია გამართეს, იუწყება „პირველი არხი“.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დღეს სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა ხელისუფლებას მათთვის ეფექტური ღონისძიებების გატარება მოსთხოვეს.

მიცკევიჩის განცხადებით, რასაკვირველია, შემოდგომის სემესტრში სწავლის გაგრძელების უფლება ექნება ყველა სტუდენტს, სამინისტრო იმუშავებს გადავადების სქემებზე უნივერსიტეტებთან და ისინი დაშვებული იქნებიან, მაგრამ მთავარი არის აკადემიური მოსწრება.

„ყველა სტუდენტმა, იმ პასუხისმგებლობასთან ერთად, რომ მან მოიპოვოს სწავლის საფასური, უნდა გააცნობიეროს პასუხისმგებლობა – შეასრულოს ყველა კრედიტი, ისწავლოს ყველა იმ მოცემულობაში, რომელიც მას აქვს საუნივერსიტეტო სივრცეში. სწავლას გააგრძლებს ყველა ის სტუდენტი, რომელსაც დღეს რეგულაციებით ამის უფლება ეძლევა. არანაირი წინასწარი სტატუსის შეჩერება, რასაკვირველია, არ მოხდება“, – აღნიშნა მიცკევიჩმა.

თუ უნივერსიტეტის შეცვლა გადაწყვიტეთ: ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ>>

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მთავრობა სტუდენტების დასახმარებლად სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს, მაგალითად, მოხერხდა სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის გადავადება, უწყებაში მუშაობს სოციალური პროგრამები და ამჟამად მოწყვლადი ჯგუფების 13 კატეგორიაა განსაზღვრული, რომელთათვისაც გათვალისწინებულია სწავლის საფასურის სრული სასწავლო გრანტის შესაბამისი დაფინანსება.

ამასთან, პრემიერის ახალი ინიციატივა 33 ათასზე მეტ სტუდენტს შეეხო – სწავლის საფასური განსაზღვრულ სოციალურ ჯგუფს შემოდგომის სემესტრში სრულად დაუფინანსდება და ასევე სრულად ექნებათ დაფარული 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრის დავალიანებაც, აღნიშნა მიცკევიჩმა.

„სტუდენტების წარმომადგენელ ჯგუფთან ჩვენ მომავალი თანამშრომლობის გეგმა დავსახეთ. კიდევ იქნება განსაზღვრული ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტების წინაშე“, – განაცხადა მიცკევიჩმა.

მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს გრძელვადიან სტრატეგიაზე, რომელიც ითვალისწინებს ასევე გარკვეულ შეღავათებს და დახმარებას სახელმწიფოს მხრიდან.

„მზად ვართ სხვადასხვა ფორმატში ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან და ერთად განვსაზღვროთ ყველა ის საჭიროება, რომელიც დღეს დგას სტუდენტის წინაშე და მთლიანად უმაღლესი განათლების წინაშე“, – განაცხადა მიცკევიჩმა.

განათლების სამინისტროსთან გამართული აქციის ერთ-ერთი მონაწილის ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, რადგან ათი ათასობით სტუდენტი რჩება სწავლის გარეშე ფინანსური დავალიანების გამო, ეს სახელმწიფოებრივი პრობლემაა.

სამინისტროში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკება იყო ზოგადი.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სოციალურ პროგრამას. ასევე სამინისტროს მხრიდან იყო დაპირება, რომ შემოდგომიდან იქნება გარკვეული შეღავათები არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი, არამედ სხვა სტუდენტებისთვისაც.

„ისინი გვესაუბრნენ სხვადასხვა სოციალურ პროგრამაზე, გვესაუბრნენ მათ მომავალ გეგმებზე. ყველაფერს მაშინ ვირწმუნებთ, როდესაც რეალური შედეგი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

თემები:
განათლება საქართველოში (318)

მთავარი თემები