თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. „ემიგრანტები – კლასტერი არაა!" – აქცია ასეთი ლოზუნგით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
თვითმფრინავები იფრენენ: საქართველო შიდა ფრენებს აღადგენს>>
აქციაზე მივიდნენ იმ ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო უცხოეთში ჩარჩნენ და სამშობლოში ვეღარ ახერხებენ დაბრუნებას. აქციაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
პროტესტის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა. ისინი აცხადებენ, რომ მათი ახლობლები ვერ ახერხებენ სპეცრეისებზე ბილეთების შეძენას, ამიტომ ვერ ბრუნდებიან სამშობლოში.
„ზალკალიანის სახელზე გადავეცით წერილი მოთხოვნით, დაინიშნოს ოფიციალური ჩარტერული რეისები, რომლებიც ჩვენს ემიგრანტებს სჭირდებათ", – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" ხელმძღვანელმა მანანა ანდღულაძემ.
უფრო ადრე საქართველოს მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ივლისში ხუთი სპეცრეისია დანიშნული, რომლებითაც მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებენ.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში 13 256 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 21 521 ადამიანს აღმოუჩინეს.