თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეციალური რეისები ერთმა ავიაკომპანიამ აღარ უნდა შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ – რა პასუხი აქვს ხელისუფლებას>>
საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენები კიდევ ერთი თვით, აგვისტომდე გადაავადა, ივლისში კი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად რამდენიმე ჩარტერული ფრენა დანიშნა, რომლებსაც მხოლოდ ერთი კომპანია – საქართველოს ავიახაზები (აირზენა) ასრულებს. როგორც გაირკვა, ჩარტერულ რეისებზე ბილეთის ფასი რამდენიმე ათას ლარს აჭარბებს.
გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღადგინოს ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის პროგრამა.
მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას დაავალა, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების მისაღებ ფასად დაბრუნების პროგრამაში რამდენიმე ავიაკომპანიის ჩართვა უზრუნველყოს.
„ეს არ უნდა იყოს 200 ევროზე მეტი და არ უნდა იყოს ის კატასტროფული ფასები, რომელზეც ყველას გვსმენია. ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ მიიღოს დავალებად, რომ ეს არ უნდა განახორციელოს ერთმა ავიაკომპანიამ. უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და, პირველ რიგში, ეს მორგებული უნდა იყოს ჩვენს ემიგრანტებზე, ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც სასწრაფოდ გამოსაყვანი გვყავს სხვადასხვა ქალაქიდან", – განაცხადა პრემიერმა.
გახარაიას თქმით, 6 ივლისისთვის უკვე უნდა არსებობდეს ფრენების კონკრეტული განრიგი, მოქალაქეებისთვის ბილეთების მისაღები ფასებით.
„რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არ უნდა იყოს ერთი ავიაკომპანია, უნდა იყოს რამდენიმე ავიაკომპანია და, თუ შეიძლება, უზრუნველყავით კონკურენციის ელემენტარული დონე მაინც", – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
პანდემიის დაწყებიდან სამშობლოში საქართველოს 13 ათასზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა>>
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში 13 ათასზე მეტი თანამემამულე დააბრუნა.