ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ – რა პასუხი აქვს ხელისუფლებას

გამოწერა
მთელი პანდემიის პერიოდში მთავრობის ხელშეწყობით საქართველოში დაახლოებით 13 ათასი თანამემამულე დაბრუნდა.

თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისთვის დამატებითი სპეცრეისების დანიშვნა მოითხოვეს. 

© Sputnik / Alex Shlamovსაპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან
ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ – რა პასუხი აქვს ხელისუფლებას - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

აქციის მონაწილეების თქმით, სპეცრეისები, რომლებიც წინა თვეებში განხორციელდა, საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო ყველა ემიგრანტი, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა. შედეგად – საქართველოს ათასობით მოქალაქე უცხოეთში სამსახურის, ბინისა და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩა.

„თუ ჩვენ გვეუბნებიან, რომ პანდემიის პირობებში ცხოვრებას უნდა შევეჩვიოთ, რატომ არ შეიძლება, ჩვენს თანამემამულეებზეც იფიქრონ, რომლებიც უცხოეთში არიან?! ჩამოიყვანონ ისინი, 14-დღიან კარანტინში მოათავსონ, რის შემდეგაც ეს ადამიანები საკუთარ ოჯახებში დაბრუნებას შეძლებენ“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მანანა ანდღულაძემ.  

ქალაქის ქუჩები - Sputnik საქართველო
უცხოეთში სეზონურად დასაქმებულები მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ: ვის რამდენი ერგება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ორ ათეულამდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებსაც ჰქონდათ პლაკატები: „ემიგრანტები – ეს კლასტერი არაა. ემიგრანტები – ეს საქართველოს მოქალაქეები არიან“.

ივნისის დასაწყისის მონაცემებით, მთელი პანდემიის პერიოდში მთავრობის ხელშეწყობით საქართველოში დაახლოებით 13 ათასი თანამემამულე დაბრუნდა.

კორონავირუსის პადემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვარი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში, რომელიც 2019–2020 წლებში სამთავრობო პროგრამის შესრულებას ეხება, აღნიშნულია, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობამ საზღვარგარეთ დაწესებული შეზღუდვების გამო დარჩენილი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისთვის აქტიური მუშაობა გასწია. გარდა ამისა, გარკვეული სამუშაოები ჩატარდა თანამემამულეების ადგილზე დახმარებისა და მედიკამენტებით, პროდუქტებითა და პირადი მოხმარების ნივთებით მათი უზრუნველყოფის კუთხით.

ამ პერიოდში მსოფლიოს 24 ქვეყანაში მთლიანობაში 75 ჩარტერული რეისი შესრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0