თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. მთავრობის ინფორმაციით, 31 მაისის მდგომარეობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს 21 521 მოქალაქეს გაეწია დახმარება ადგილზე, ხოლო სამშობლოში 13 256 ადამიანი დაბრუნდა.
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, და ყველა მიმართულებით შეწყვიტა ავიამიმოსვლა. ქვეყანაში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაწესდა.
„2019–2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში“, რომელიც პარლამენტს წარედგინა, აღნიშნულია, რომ COVID-19-თან ბრძოლაში, არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მხრივ, რომლებიც უცხოეთში სხვადასხვა ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო სამშობლოში ვეღარ ბრუნდებოდნენ. გარდა ამისა, მიმდინარეობდა მუშაობა თანამემამულეებისთვის ადგილზე დახმარების კუთხით, ასევე მედიკამენტებისა და აღჭურვილობების იმპორტის ხელეწყობის მხრივ.
„ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებს შორის დღეისათვის არსებული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდა და განვითარდა. გლობალური პანდემიის პირობებში, რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივი პარტნიორობის შედეგად, შესაძლებელი გახდა მოქალაქეთა გადაადგილება (სამშობლოში დაბრუნება) და ტვირთების შეუფერხებელი გატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო მუშაობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე>>
მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი ეფექტური დაბრუნებისთვის, ასევე მათთვის ადგილზე დახმარების აღმოჩენისთვის მოქალაქეებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ვებ-გვერდებზეა განთავსებული. გადაწყვეტილებას უწყება მონაცემების დეტალური დამუშავების შემდეგ იღებს.
სულ მსოფლიოს 24 ქვეყნიდან 75 რეისი შესრულდა.