შეღავათიანი აგროკრედიტი: ცვლილებები და სარგებლობის პირობები

© Sputnik / Vladimir Umikashviliატმის მოსავლის აღება კახეთში
ატმის მოსავლის აღება კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და აგროპროდუქტების შიდა წარმოება.

სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი ის მიმართულება აღმოჩნდა, რომლის დასახმარებლად მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული პროგრამა – „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე".

ანტიკრიზისულ გეგმაში „ზრუნვა სოფელზე და ზრუნვა ფერმერზე" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი შეღავათიან აგროკრედიტს უკავია. პროგრამის მიხედვით, შეღავათიანი აგროკრედიტი უფრო შეღავათიანი გახდა და, გარდა ამისა, მას ახალი კომპონენტებიც დაემატა.

აყვავებული ხე-ხილი - Sputnik საქართველო
ახალ გაშენებულ ბაღებში ათობით ათას ტონა ხილის მოსავალს ელოდებიან

რა არის შეღავათიანი აგროკრედიტი

პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

აგროკრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები. აღსანიშნავია, რომ  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში არ მონაწილეობს.

პროექტის ფარგლებში სესხი/ლიზინგი გაიცემა როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების პირველადი წარმოების, ასევე მათი გადამუშავება/შენახვის დასაფინანსებლად.

„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;

2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;

3. შეღავათიანი აგროლიზინგი;

4. სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში".

პროექტს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 2013 წლის 27 მარტიდან ახორციელებს.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო
სახელმწიფო ფერმერებს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებაში დაეხმარება

რა შეცვალა შეღავათიან აგროკრედიტში ანტიკრიზისულმა გეგმამ

შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებების კომპონენტში გაიზარდა თანადაფინანსების პროცენტი, კერძოდ:

- არსებული წლიური 8%-ის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11%-ს.

- გაიზარდა ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც – ნაცვლად არსებული 9%-ისა იქნება 12%.

- ძირითადი საშუალებების კომპონენტში და მის ყველა ქვეკომპონენტში გაიზარდა ბანკებისთვის დაწესებული პროცენტის ზედა ზღვარი – ნაცვლად 15%-ისა იქნება 18%.

- ძირითადი საშუალებების კომპონენტს და ლიზინგს დაემატა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 25 მლნ ლარი. წლიური პროცენტის თანადაფინანსების საბიუჯეტო ჯამური თანხა კი 4 მლნ ლარი (2 წლის განმავლობაში).

ფერმერები - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველოს სოფლის მეურნეობას საექსპორტო პოტენციალი აქვს

რა დაემატა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს

1. პროექტს კომპონენტად დაემატა მეორადი უზრუნველყოფის კომპონენტი მეხორცული მიმართულების მეცხოველეობისათვის და მეთხილეობისთვის საბრუნავი საშუალებებისთვის გაცემულ სესხებზე. 

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ამ კომპონენტის ფარგლებში გაცემული ყოველი ახალი სესხის ძირითადი თანხის მთლიანი მოცულობის არაუმეტეს 50%-ის მეორადი უზრუნველყოფა მოხდება სახელმწიფოს მიერ სესხის ან მისი პირველი ტრანშის გაცემიდან მომდევნო 18 თვის განმავლობაში.

2. პროექტს ასევე დაემატა ახალი ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დაფინანსებისთვის.

ქვეკომპონენტის ფარგლებში სესხი გაიცემა 1 500 001 ლარიდან 5 მლნ ლარის ჩათვლით, რომლის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას სააგენტო მოახდენს წლიური 10%-ის მოცულობით 24 თვის განმავლობაში.

არსებულ მიზნობრიობებს ემატება ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოების, პურისა და პურპროდუქტების წარმოების და მაკარონის ნაწარმის წარმოების დაფინანსება.

რთველი - Sputnik საქართველო
კორონავირუსი რთველს ვერ შეაფერხებს – საქართველოს მთავრობა მეღვინეობის სფეროს დაეხმარება

პროექტს ემატება აგროლიზინგის კომპონენტის ქვეკომპონენტი სასურსათო მრეწველობის დასაფინანსებლად, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 12% იქნება 24 თვის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 20 მლნ ლარი.

3. პროექტში საბრუნავი საშუალებების კომპონენტს ემატება ახალი ქვეკომპონენტი – მემცენარეობის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება.

სესხები გაიცემა 5 ათასი ლარიდან 100 ათასი ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში – წლიური 17%-ის მოცულობით.

პროგრამის ფარგლებში ფერმერებზე გაცემული სესხების ჯამური სავარაუდო მოცულობა იქნება 50 მლნ ლარი. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა 5 ათას პოტენციურ ბენეფიციარს აქვს.

მიწის ნაკვეთი - Sputnik საქართველო
საქართველოში ათასობით ფერმერმა საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები უკვე მიიღო

რა პირობები უნდა დავაკმაყოფილოთ პროექტით სარგებლობისთვის

- შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

- ბენეფიციარი რეგისტრირებული უნდა იყოს ფერმერთა/ფერმათა რეესტრში.

როგორია სახელმწიფოს სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების ოდენობა და ხანგრძლივობა

- საბრუნავი საშუალებები ერთწლოვანი კულტურებისთვის – უზრუნველყოფილ სესხებზე სესხის პროცენტი დაფინანსდება სრულად, ხოლო არაუზრუნველყოფილ სესხებზე – 17%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 6 თვის განმავლობაში;

- ძირითადი საშუალებებისთვის – 11%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 48 თვის განმავლობაში;

- მექანიზაციის ქვეკომპონენტისთვის – 8%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 48 თვის გამავლობაში;

- მრავალწლოვანი ბაღების ქვეკომპონენტისთვის – 11%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 66 თვის განმავლობაში;

წაბლი - Sputnik საქართველო
ქართული წაბლი რუსულ ბაზარზე გავა

- სასურსათო მრეწველობის ქვეკომპონენტისთვის – 10%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 24 თვის განმავლობაში;

- ლიზინგის შემთხვევაში – 12%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 48 თვის განმავლობაში;

- ლიზინგი მექანიზაციისთვის – 9%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 48 თვის განმავლობაში;

- ლიზინგი სასურსათო მრეწველობისთვის – 12%. სესხის პროცენტის თანადაფინანსება განხორციელდება 24 თვის განმავლობაში.

როგორ ვისარგებლოთ პროექტით

პროექტი მიმდინარეა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. გარდა ამისა, არ არის განსაზღვრული პროექტის დასრულების თარიღი.

ხეხილის ბაღები - Sputnik საქართველო
საქართველოში ფერმერთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა

თუ შეღავათიანი აგროკრედიტის მიღების სურვილი გაქვთ, უნდა მიმართოთ პროექტში ჩართულ 12 ბანკს, ხოლო შეღავათიანი აგროლიზინგით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში – პროექტში ჩართულ 4 სალიზინგო კომპანიას.

თუ აკმაყოფილებთ პროექტით დადგენილ პირობებს და ბანკის/სალიზინგო კომპანიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, საფინანსო ინსტიტუტი გასცემს შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს და აფორმებს ყველა საჭირო დოკუმენტს ისე, რომ სააგენტოში მისვლა არ მოგიწევთ. ამის შემდეგ სააგენტო მოახდენს სესხის/ლიზინგის თანადაფინანსებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0