გახარია: საქართველოს სოფლის მეურნეობას საექსპორტო პოტენციალი აქვს

გამოწერა
სოფლის მეურნეობა ტურიზმის შემდეგ ეკონომიკის მეორე დარგია, რომელსაც კორონავირუსის პირობებში დიდი ზარალი მიადგა.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოში სოფლის მეურნეობა ის დარგია, რომელსაც შეუძლია არა მარტო ქვეყნის გამოკვება, არამედ აქვს საექსპორტო პოტენციალიც, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზში ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი სიტყვებით, როგორც კი კრიზისი დაიწყო, საჭირო გახდა გარკვეული პროდუქტების მარაგის გაკეთება, რადგანაც ყველა იმ ქვეყანამ, საიდანაც იმპორტი შემოდიოდა, პროდუქციის მოწოდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეწყვიტა.

ვენახები ყვარელში - Sputnik საქართველო
კახეთში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მიმდინარეობს

„ამ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა არის ის დარგი, რომელსაც შეუძლია რაღაც მიმართულებებით არა მარტო გამოკვებოს ქვეყანა, არამედ ექსპორტის პოტენციალიც ჰქონდეს. ეს არ არის მარტივი. მიწები ძალიან დაქუცმაცებულია, ზოგან წყლის პრობლემაა, ზოგან – ცოდნის პრობლემა. ძალიან ბევრი პრობლემებია, მაგრამ ნელ-ნელა ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ. უნდა მოხდეს სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაცია", – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში პირველი დარტყმა მიიღო ტურიზმმა, შემდეგ კი სოფლის მეურნეობამ.

„ტურიზმი გასაგებია, მან პირველი დარტყმა მიიღო. მეორე დარტყმა მიიღო სოფლის მეურნეობამ, რამდენადაც ვაშლის, თხილის, ყურძნის, ღვინის, კიტრის, პომიდვრის დაგეგმილი მოსავალი გათვლილი იყო ტურისტებზე, რომლებმაც ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ჩვენ გვესმის, რომ სოფლის მეურნეობა – ესაა დარგი, რომელსაც ეკონომიკურად დახმარება აუცილებლად სჭირდება", – აღნიშნა გახარიამ.

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება

პრემიერმა განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარია და ის კარგად ხვდება, რომ ეს თანხა საკმარისი არ არის, მაგრამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა იმ რესურსის მაქსიმალურად სამართლიანად განაწილებაა, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას სუსტი ეკონომიკით.

ადრე მთავრობამ იმპორტჩანაცვლების ამბიციური გეგმების შესახებ განაცხადა, ამიტომაც სოფლის მეურნეობის დარგისა და ფერმერების დახმარება პრიორიტეტს წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა მიმართულია ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ, რომლებიც რეგისტრირებულ მიწებს ფლობენ. დაიწყო ფერმერებისთვის აგრობარათების დარიგება, რომლის დახმარებითაც ისინი შეძლებენ სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას.

მთავრობის ახალი პროგრამის თანახმად, ყველა ფერმერისთვის, რომელიც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელი დიზელის საწვავი საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლები ეღირება. ამასთან, ლიმიტი წელიწადში 1 ჰექტარზე 150 ლიტრი იქნება.

კრიზისთან დაკავშირებით შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც 2012 წლიდან მოქმედებს.

სახელმწიფო სრულად გადაიხდის ერთწლოვანი კულტურების წარმოების გასავითარებლად აღებული 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტებს. სესხის პროცენტი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა.

ყველა ახალი ამბავი
0