თბილისი, 23 მაისი- Sputnik. კახეთის რეგიონში აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გახარია: საქართველომ საჭირო რაოდენობის პროდუქტი უნდა აწარმოოს >>
სოფლის მეურნეობის მიმართულებით აგრობარათებისა და დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურში ფერმერებს შეხვდა და დიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემის პროცესს ადგილზე გაეცნო.
„იმ ვითარებაში, როცა ქვეყანას გარკვეული ფინანსური შეზღუდვები აქვს, ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება ეძლევათ ფერმერებს, რაც თავისთავად ქმნის მათთვის იმედის განწყობას, რომ მათი მოსავალი იქნება კარგი და ხარისხიანი და არ გაუჭირდებათ რეალიზაცია. რაც შეეხება რეალიზაციას, სეზონური ხილი და ბოსტნეული, რაც უკვე შემოვიდა, შეუფერხებლად ხდება მისი რეალიზაცია და ფასი დამაკმაყოფილებელია ფერმერებისათვის“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რეგიონის მასშტაბით კუთვნილი ფასდაკლების ბარათი 1000-მდე ფერმერმა უკვე მიიღო.
საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიმუშავა.
20 მაისიდან იმ ფერმერებისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, დაიწყო სპეციალური აგრობარათების დარიგება - 1 ჰექტარზე 200 ლარის გათვლით.
ამასთან, აგრობარათებზე დაერიცხებათ როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.
მთავრობის ახალი პროგრამის თანახმად, ყველა ფერმერისთვის, რომელიც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელი დიზელის საწვავი საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლები ეღირება. ამასთან, ლიმიტი წელიწადში 1 ჰექტარზე 150 ლიტრი იქნება.
ერთი წლის განმავლობაში ფერმერები SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებიდან დიზელის 0,2 ლარით, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან სპეციალური ბარათების საშუალებით 0,16 ლარით იაფად შეძენას შეძლებენ.
აღნიშნული დახმარებით 200 ათასამდე ფერმერი ისარგებლებს.