თბილისი, 14 მაისი — Sputnik. საჭიროა ერთმანეთს ქართული პროდუქციის შეძენისკენ არა მარტო მოვუწოდოთ, არამედ შევძლოთ მისი იმ რაოდენობით წარმოება, რაც აუცილებელია, განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
მისი სიტყვებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროგრამა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ხელშეწყობას ითვალისწინებს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მისი აგროსასურსათო უსაფრთხოებისთვის, ფასების კონტროლისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ა.შ.
„ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ ძლიერი სოფელი ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს. ჩვენ ყველამ უნდა გავიგოთ, რომ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიის პროდუქტიულობის ზრდასთან ერთად აუცილებელია არა მარტო მოვუწოდოთ ერთმანეთს ქართული პროდუქტის შეძენა, არამედ შევძლოთ ასეთი პროდუქტის ყიდვა. ისინი აგრარული ბაზრების დახლებზე უნდა იყოს განთავსებული და საჭიროა მათი იმ რაოდენობით წარმოება, რაც ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პანდემიის პირობებში რაც უფრო მეტად დავიცავთ დადგენილ წესებს, იმდენად დიდია შანსი იმისა, რომ ეკონომიკა სწრაფად ამუშავდეს.
ამ დღეებში გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, შეიძინოს ქართული პროდუქტები, რომლებიც, მისი თქმით, სულ უფრო ხარისხიანი ხდება.
სამშაბათს საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმა წარმოადგინა, რომელიც, ფერმერებისთვის გრანტებითა და კრედიტებით დახმარების გარდა, პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას გულისხმობს.
მთავრობის გეგმის მიხედვით, იმ ფერმერებს, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-10 ჰა ფართობის რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, ხელისუფლება გადასცემს სპეციალურ აგრობარათებს - 1 ჰექტარზე 200 ლარის ოდენობით. ამისთვის 37 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ამ თანხით ფერმერები შეძლებენ სასუქისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების, ქიმიური და ბიოლოგიური პრეპარატების, თესლების და ნერგების შეძენას და ასევე აგროტექნიკის მომსახურების გადახდას.
ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, 0,25-100 ჰა ფართობის მიწის მფლობელ ფერმერებს დიზელის საწვავი, რომელიც აგროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად არის საჭირო, საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით უფრო იაფი დაუჯდებათ. წელიწადში ლიმიტი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ საწვავს შეადგენს.
გარდა ამისა, ხელისუფლება განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს საწარმოების განვითარებაზე, ერთწლიან კულტურებზე და რძის მწარმოებელი მეურნეობების განვითარებაზე.