თბილისი, 6 მარტი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი" ცვლილებები შევიდა – მთავრობა დაეხმარება ქართველ ფერმერებს და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების, ჭების, ჭაბურღილების, სატუმბი მოწყობილობების პროექტირებისა და დამონტაჟების ღირებულების 50%-მდე დააფინანსებს, განაცხადა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, უწყება განაგრძობს პრემიერ-მინისტრის მიერ მოსახლეობისთვის მიცემული დანაპირების შესრულებას.
„ამ ცვლილებას მოსახლეობა ითხოვდა. ეს საკითხი შიდა ქართლში ფერმერებთან პრემიერის შეხვედრაზეც გაჟღერდა... ჩვენ ვასრულებთ დანაპირებს და, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, პროგრამაში „დანერგე მომავალი" მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა", – განუცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ასეთი ზომები აუცილებელია იმისთვის, რათა შემცირდეს რისკები და ფერმერების დამოკიდებულება კლიმატურ რისკებზე. სიახლეები დააინტერესებს იმ ფერმერებს, რომლებიც ბაღების მოდერნიზებას გეგმავენ.
იმ შემთხვევაში, თუ საუბარია იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე, სახელმწიფო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებაზე 1 ჰექტარ ფართობზე გამოყოფს დაახლოებით 7 300 ლარს, ხოლო თუ საუბარია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე – 14 600 ლარს.
„გვექნება 50%-იანი თანადაფინანსება ჭის, ჭაბურღილებისა და შესაბამისი სატუმბი მოწყობილობების დამონტაჟების შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს 15 000 ან 18 000 ლარის გრანტი. იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ინდივიდუალური განაცხადი, მაშინ მაქსიმალური თანადაფინანსების თანხა 15 000 ლარით შემოიფარგლება, მაგრამ თუ ეს არის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მაშინ თანდაფინანსების თანხა იქნება 18 000 ლარი", – განაცხადა დავითაშვილმა.
პროგრამაში „დანერგე მომავალი" ასევე შეტანილია პუნქტი ფერმერების დახმარების შესახებ, ვისაც დაფნის ფოთოლი მოჰყავს.
„საქართველოს ამ კულტურის წარმოების ტრადიციები ჰქონდა. ქართული დაფნა ახალ ბაზრებზე შედის. იზრდება მისი ექსპორტიც. ქართული დაფნის ექსპორტი უკვე ხორციელდება როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ასევე ევროპის ქვეყნებში. კომერციული ბაღების გაშენების ხელშეწყობის მიზნით პროგრამას „დანერგე მომავალი" დაფნის კულტურის გაშენების თანადაფინანსებაც დაემატება", – აღნიშნა დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობა საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული სფეროა. მისი განვითარებისთვის გამოიყოფა დიდი სახსრები, ხორციელდება ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამები.
პროგრამის „დანერგე მომავალი" განხორციელება 2015 წელს დაიწყო. ის სახელმწიფო პროგრამის „შეღავათიანი აგროკრედიტის" ნაწილია.