თბილისი, 25 აპრილი - Sputnik. საქართველოს მოქალაქეების მიზნობრივმა ტესტირებამ კორონავირუსზე შედეგი გამოიღო, ქვეყანაში ინფიცირების ყველა შემთხვევა კონტროლდება, აცხადებენ ქართველი ეპიდემიოლოგები.
ცერცვაძე: ბათუმში ოზონოთერაპიის შედეგად სამ პაციენტს მე-7 და მე-9 დღეს კორონავირუსი გაუქრა >>
საქართველომ კორონავირუსის პირველი ტესტ-სისტემები თებერვლის დასაწყისში მიიღო და იმ დროიდან შესაძლო შემთხვევებს ამოწმებს. 25 აპრილისთვის ქვეყანაში ინფიცირების 456 შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.
„სტატისტიკა ადასტურებს, რომ უცნობი შემთხვევები დღეს პრაქტიკულად არ არსებობს – მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა ტესტირებულთა რაოდენობა, პროპორციულად დადასტურებული შემთხვევები შემცირდა: კერძოდ, დღემდე გაიტესტა 10 177 პირი და მათგან ვირუსი დაუდასტურდა 456-ს. ეს კი, მინისტრის მოადგილის თქმით, მარტივი მათემატიკაა, რომელიც ადასტურებს, რომ ტესტირებულებიდან დადასტურებული შემთხვევები მხოლოდ 4,5%-ია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გაფართოებული ტესტირება დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით უკვე ერთი კვირის განმავლობაში ტარდება.
„გეგმაში გვაქვს, რომ იქითა კვირის ბოლოს, დღეში 1500 ტესტზე ავიდეთ და შემდეგ უკვე, მაისის შუა რიცხვებში შეიძლება, 2000-ზეც გვქონდეს საუბარი“, - დააზუსტა გამყრელიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ დღეისათვის კორონავირუსზე ტესტირება უკვე 10 ლაბორატორიაში ტარდება, თუმცა ყველაზე დიდი დატვირთვა მისი უწყების ლაბორატორიაზე მოდის.
რაც შეეხება ტესტების სახეობებს, მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, დაავადებულთა გამოსავლენად ტესტების ორი ტიპი გამოიყენება - PCR-ტესტი და სწრაფი ტესტი.
დღეს მსოფლიოში ორი სახის ტესტი არსებობს, რომლებიც კორონავირუსს ავლენს. არის ძირითადი – PCR/პჯრ, ანუ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით კვლევისთვის. PCR–ტესტი ბიოლოგიური მასალით ავლენს, აქვს თუ არა ვირუსი ადამიანს და იძლევა ზუსტ შედეგს. ის ავლენს ვირუსის მიკრომოლეკულას. ამ ტესტების მეშვეობით შედეგის მიღება შესაძლებელია დაავადების პირველივე დღეს, მანამდე, სანამ სიმპტომები გამოვლინდება.
არის ასევე სწრაფი ანუ ექსპრეს-ტესტი, რომლებიც ავლენს ანტისხეულებს, რომლებიც ინფიცირებიდან მესამე–მეშვიდე დღეს შეიძლება გამოვლინდეს, ანუ შედეგს ინფიცირების პირველივე დღეს არ იძლევა.
ვინ ექვემდებარება ტესტირებას
საქართველოში მასობრივ ტესტირებას კორონავირუსზე ანტისხეულების გამოსავლენად ჩაუტარებენ განსაკუთრებული რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს.
უკვე დაწყებულია სამედიცინო პერსონალის – სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების (სადაც დასაქმებულია 4,5 ათასზე მეტი ადამიანი), თავდაცვის სამინისტროს სამსახურების ტესტირება.
ასევე მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირებაზე წარმოადგენენ ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებული რისკის ჯგუფებში შედიან - გარდა სამედიცინო პერსონალისა, ესენი არიან თავშესაფრებში, სამონასტრო კომპლექსებში მცხოვრები პირები, ასევე ფსიქიატრიული კლინიკების თანამშრომლები და ბენეფიციარები.
აგრეთვე, ტესტები უტარდება ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.
საქართველოში სამედიცინო პერსონალის გადამზადება ჩატარდა და კორონავირუსის სიმპტომების მქონე ავადმყოფების მკურნალობის პროტოკოლი არსებობს. გარდა ამისა, დაავადების უკეთესი კონტროლისთვის ყველა რეგიონში გაიხსნა ცხელების ცენტრები, რომლებიც მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომების მქონე პაციენტების იღებენ.