21:13 07 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4295
  • 100 RUB4.1547
  • USD3.1740
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
76 0 0

ფსიქოლოგებისა და პედაგოგების რეკომენდაციები დაეხმარება მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, რომ გაუმკლავდნენ სოციალური იზოლაციისა და დისტანციური სწავლების სირთულეებს.

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეყნის სკოლების მოსწავლეების მშობლებს კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდისთვის რეკომენდაციებს აძლევს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედებს, ქვეყანაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეწყდა. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

იმისთვის, რომ დაეხმაროს მშობლებსა და მოსწავლეებს ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე

არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები ძირითადად მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ.

დღის განმავლობაში დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს.

დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს...

შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან – გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები.
ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

შეადგინეთ კვირის გეგმა

გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც. ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ. თვალსაჩინო ადგილზე გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა – მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა. გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

საქართველოში სკოლებს დეზინფექცია ინტენსიურად უტარდება>>

მოუსმინეთ ბავშვებს

მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე.

უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ

შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ – ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები. გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები არსებულ მდგომარეობაში აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.

ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება

როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით – მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ.

შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა

დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში:

ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი;
წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიოვერსიას;
იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ;
დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე;
ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს.

„დარჩი სახლში და ითამაშე ჭადრაკი“ – ქართველი მოჭადრაკე ონლაინ-გაკვეთილებს ჩაატარებს>>

ჩაერთეთ მთელი ოჯახი

სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც.
თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც თავისთავად ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით.

ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24-საათიანი „ცხელი ხაზი“: 08 00 00 00 88

Skype-კონსულტაცია:

საჭიროების შემთხვევაში 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით.

ვითარება საქართველოში

კორონავირუსმა ცხოვრების ჩვეული წესები შეცვალა. პანდემიასთან დაკავშირებით საქართველლომ 18 მარტიდან დაკეტა საზღვრები უცხოელებისთვის, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. 21 მარტს მთავრობამ ერთი თვით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში – კარანტინი.

26 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 75 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები