თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის შენობის წინ დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა.
ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები — საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ნიკა მელია და თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ნადირაძე დააკავეს. ასევე დაკავებულები არიან სხვა დემონსტრანტები, მათ შორის აქციის ორგანიზატორი ზვიად კუპრავა.
ამის პარალელურად პოლიციამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ არსებული კარვების დემონტაჟი განახორციელა, რომლებიც გუშინ, საღამოს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს.
„ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ ამ დროისთვის მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში. შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული. სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს. ყველას შეუძლია მოგვმართოს მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად. ჩვენი წარმომადგენლებიც იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან ვითარებას. სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით. უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა“, — წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.
პარლამენტის შენობის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია კვირას, 10 ივნისს განახლდა. სარალიძე ამტკიცებს, რომ მისი 16 წლის შვილის მკვლელობის საქმე სათანადოდ არ არის გამოძიებული და პროკურატურა მკვლელს ხელს აფარებს. მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.
მოზარდები 2017 წლის 1 დეკემბერს №51 სკოლის მახლობლად მომხდარ მასობრივ ჩხუბს შეეწირნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში.