C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნება

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ჩაბარების ცენტრი
სისხლის ჩაბარების ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო და 2018 წლის იანვრის მონაცემებით, პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% განიკურნა

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებულთა 90%-ის გამოვლენა და ამ პაციენტების 95%-ის განკურნება იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებაზე დაყრდნობით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამ ეტაპზე პაციენტებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის და რუსთავის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები ემსახურებიან. მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ C ჰეპატიტის მართვის ცენტრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნებოდა.

იჩქარეთ: С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა უსასრულოდ არ გაგრძელდება>>>

„სამომავლოდ, ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის მინიმუმ ერთი სამკურნალო ობიექტი მაინც იფუნქციონირებს", — განაცხადა ეკა ადამიამ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს — დაავადების გამოვლენას. ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია და მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის მედიკამენტებით, კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის პროგრამები - სერგეენკომ გამოცდილება კოლეგებს გააცნო

რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.

C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. ის ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება და პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს მოიცავს.

მიმდინარე წლის იანვარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% განიკურნა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, საქართველო C ჰეპატიტის მაღალი გავრცელების ქვეყნად ითვლება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო პარტნიორები დაარწმუნა, რომ სწორედ საქართველო ყოფილიყო ტესტ-ქვეყანა C ჰეპატიტის ვირუსის ელიმინაციისათვის. საქართველო შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა: მოსახლეობაში პროცენტულად ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ქვეყნის მცირე ფართობი.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის"(Gilead Sciences) ხელშეწყობით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0