08:48 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
სისხლის ანალიზი

იჩქარეთ: С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა უსასრულოდ არ გაგრძელდება

© Sputnik/ Vladimir Astapkovich
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (86)
9010

საქართველოს მოქალაქეებს С ჰეპატიტის უფასოდ მკურნალობა 2026 წლამდე შეუძლიათ.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში, რადგან პროგრამის ხანგრძლივობა ათი წლით არის განსაზღვრული. 

საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამისთვის ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი შეთანხმებაა გაფორმებული, რომლის თანახმად, კომპანია ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს. პროგრამის ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ პრეპარატ „სოვალდით“.

„მოგმართავთ ყველას, გამოიყენეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან ის უსასრულოდ არ გაგრძელდება. შესაძლოა, მერე დაავადებასთან ერთი–ერთზე დარჩეთ და გადასახდელი გაგიხდეთ თანხა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაღალია“, – განაცხადა სერგეენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანს კლავს არა С ჰეპატიტი, არამედ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები.

„ჩვენ გვქონდა რაღაც ჩამოყალიბებული ტრადიცია შიდსთან მიმართებით, როდესაც ეს უკიდურესად დახურული საზოგადოება იყო და, სამწუხაროდ, ნაწილობრივ ასეც რჩება. იგივე იყო C ჰეპატიტის შემთხვევაშიც, მაგრამ ჩვენ გარღვევა მოვახერხეთ და ახლა ბევრი მხარდამჭერი გვყავს. სტიგმის გარღვევა არანაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე საკუთრივ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამჟამად C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია დაახლოებით 45 000 ბენეფიციარი. განკურნების მაჩვენებელმა 98% შეადგინა. 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასული წლის ივნისის დასაწყისში ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით „განიკურნე". პროგრამა დაავადების უფასო სკრინინგს ითვალისწინებს.

უფასო სკრინინგ–ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქშია.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (86)

მთავარი თემები