თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოქალაქეებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში, რადგან პროგრამის ხანგრძლივობა ათი წლით არის განსაზღვრული.
საქართველოს მთავრობა С ჰეპატიტის უფასო მკურნალობის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს. ამისთვის ამერიკულ კომპანია Gilead Sciences-თან ათწლიანი შეთანხმებაა გაფორმებული, რომლის თანახმად, კომპანია ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს. პროგრამის ბენეფიციარებს უზრუნველყოფენ პრეპარატ „სოვალდით“.
„მოგმართავთ ყველას, გამოიყენეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან ის უსასრულოდ არ გაგრძელდება. შესაძლოა, მერე დაავადებასთან ერთი–ერთზე დარჩეთ და გადასახდელი გაგიხდეთ თანხა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაღალია“, – განაცხადა სერგეენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ადამიანს კლავს არა С ჰეპატიტი, არამედ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები.
„ჩვენ გვქონდა რაღაც ჩამოყალიბებული ტრადიცია შიდსთან მიმართებით, როდესაც ეს უკიდურესად დახურული საზოგადოება იყო და, სამწუხაროდ, ნაწილობრივ ასეც რჩება. იგივე იყო C ჰეპატიტის შემთხვევაშიც, მაგრამ ჩვენ გარღვევა მოვახერხეთ და ახლა ბევრი მხარდამჭერი გვყავს. სტიგმის გარღვევა არანაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე საკუთრივ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამჟამად C ჰეპატიტის პროგრამაში დარეგისტრირებულია დაახლოებით 45 000 ბენეფიციარი. განკურნების მაჩვენებელმა 98% შეადგინა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასული წლის ივნისის დასაწყისში ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით „განიკურნე". პროგრამა დაავადების უფასო სკრინინგს ითვალისწინებს.
უფასო სკრინინგ–ცენტრები საქართველოს ყველა რეგიონსა და დიდ ქალაქშია.