თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებულთა 90%-ის გამოვლენა და ამ პაციენტების 95%-ის განკურნება იგეგმება, იუწყება ტელეკომპანია Imedi საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებაზე დაყრდნობით.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობა C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელ, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია. ამ ეტაპზე პაციენტებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის და რუსთავის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებები ემსახურებიან. მიმდინარე წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ C ჰეპატიტის მართვის ცენტრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიხსნებოდა.
იჩქარეთ: С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა უსასრულოდ არ გაგრძელდება>>>
„სამომავლოდ, ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის მინიმუმ ერთი სამკურნალო ობიექტი მაინც იფუნქციონირებს", — განაცხადა ეკა ადამიამ.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა მოიცავს უფასო სკრინინგს — დაავადების გამოვლენას. ამ მომსახურებით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია და მოიცავს C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების უფასო მკურნალობას უახლესი თაობის მედიკამენტებით, კერძოდ: ა) სოფოსბუვირი/ჰარვონი; ბ) პეგილირებული ინტერფერონი და გ) რიბავირინი.
რაც შეეხება პროგრამაში რეგისტრაციისთვის საჭირო სამედიცინო კვლევებს, ის სახელმწიფოს მხრიდან 30%-ით, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის 70%-ით ფინანსდება.
C ჰეპატიტი ქრონიკულად მიმდინარე პროგრესირებადი დაავადება. ის ღვიძლის ქრონიკული დაავადებების (ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი) განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროგრამა ორი ეტაპისგან შედგება და პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტებს მოიცავს.
მიმდინარე წლის იანვარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 45 ათასი ადამიანიდან 98% განიკურნა.
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პარტნიორები არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. პროგრამა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის"(Gilead Sciences) ხელშეწყობით ხორციელდება.