თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ახალი საპენსიო სისტემა, რომელიც ხელფასიდან გადარიცხული ფულადი თანხების დაგროვებას ითვალისწინებს, 2018 წლის ზაფხულში ამოქმედდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ახალი სისტემის პრეზენტაციაზე.
ახალი წესების თანახმად, თითოეული მოქალაქისთვის გაიხსნება საპენსიო ანგარიში, რომელზეც თავად დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო დასაქმებულის ხელფასის ოდენობის 2–2%-ს გადარიცხავენ.
ახალი სისტემის შემუშავებაში ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები და ეროვნული ბანკი მონაწილეობდნენ. უწყებებმა ერთად შეიმუშავეს კანონპროექტი „დაგროვებითი სისტემის შესახებ“, რომელიც პარლამენტში წლის ბოლომდე შევა.
„ეს რეფორმა იწყება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და ეს წარმოადგენს სოციალური პასუხიმგებლობის ერთგვარ გადანაწილებას კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს კონტრიბუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში, გარდა 2%-იანი შენატანისა, რომელსაც სახელმწიფო მონაწილეების სასარგებლოდ განახორციელებს, თავად შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი და პენსიის გატანა გათავისუფლებული იქნება საშემოსავლო გადასახადისგან“, — განაცხადა ჯავახაძემ.
საპენსიო რეფორმა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებული ან თვითდასაქმებული და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან ან თვითდასაქმებიდან.
„საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესია საქართველოს ისტორიაში. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. ჩვენ, ექსპერტებთან ერთად, შევიმუშავეთ ისეთი მოდელი, რომელიც გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისათვის“, — განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.
ახალ საპენსიო სისტემაში თვითდასაქმებული ადამიანებიც ჩაერთვებიან, თუმცა მათ ყოველთვიური ხელფასის 4%-ის შეტანა მოუწევთ, რადგან, კანონპროექტის ავტორთა თქმით, ამ შემთხვევაში თვითდასაქმებული ერთდროულად დასაქმებულსა და დამსაქმებულს წარმოადგენს. ახალი საპენსიო სისტემა არ გულისხმობს ძველი ფიქსირებული პენსიის გაუქმებას, რომელიც დღეისათვის 180 ლარს შეადგენს. ის ძირითადი საპენსიო თანხის ერთგვარი დანამატი გახდება.
საპენსიო რეფორმა არ გულისხმობს საპენსიო ასაკის ცვლილებას. ის უცვლელი რჩება — მამაკაცებისთვის 65 წელი, ქალებისთვის — 60. რაც შეეხება თანხის გატანას, პენსიაზე გასული ადამიანი მთლიანი თანხის გატანას ვერ შეძლებს. სპეციალური პროგრამა დაიანგარიშებს მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, გაყოფს მის მიერ დაგროვილ თანხას თვეების მიხედვით და მის ყოველთვიურ პენსიას განსაზღვრავს. კანონპროექტი არ გულისხმობს პენსიის ინდექსაციას, თუმცა პროექტის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი პუნქტი პარლამენტში შესვლის შემდეგ გაჩნდეს.
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული საპენსიო ასაკამდე ან პენსიაზე მყოფი პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დანაზოგი გადაეცემა მის კანონიერ მემკვიდრეებს.
„სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ოფიციალურად განსაზღვრულია. შესაბამისად, პროგრამა გამოიანგარიშებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას, მიღებულ თანხას გაყოფს და დაახლოებით გამოთვლის, ყოველთვიურად რამხელა თანხა გეკუთვნით… ამ სისტემაში ჩართულობა არ გულისხმობს სახელმწიფო პენსიის გაუქმებას. ანუ, სახელმწიფო პენსიას აბსოლუტურად ყველა მიიღებს. რასაც დააგროვებთ, იმას სახელმწიფო პენსიასთან ერთად მიიღებთ“, — აღნიშნა ჯავახაძემ.
ახალი სისტემა ადამიანს პენსიაზე გასვლის გადავადების და დანაზოგის დაგროვების გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს, სახელმწიფო და დამსაქმებელი მის საპენსიო ფონდში 2%-ის გადარიცხვას შეწყვეტენ. დანაზოგის გაზრდას ის მხოლოდ საკუთარი 2%-იანი შენატანებით შეძლებს.
„ადამიანს პენსიაზე გასვლის გადავადება შეუძლია. ანუ, ქალს შეიძლება შეუსრულდეს 60 წელი, მაგრამ ის არ გავა პენსიაზე და მუშაობას გააგრძლებს. როდესაც ადამიანი საპენსიო ასაკს აღწევს, მისი დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან ამ საპენსიო სისტემაში მის სასარგებლოდ თანხის გადახდის ვალდებულება წყდება, მაგრამ თავად ადამიანს შეუძლია გააგრძელოს დაგროვება და თავისი 2% შეიტანოს მანამ, სანამ პენსიაზე არ გავა“, — განაცხადა ჯავახაძემ.
ახალი საპენსიო სისტემა საპენსიო სააგენტოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც სამეურვეო და საინვესტიციო საბჭოები შევა. საინვესტიციო საბჭო მომავალი პენსიონერების თანხების ფასიან ქაღალდებში, ობლიგაციებში და სხვა აქტივებში დაბანდებას განახორციელებს (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ), ხოლო სამეურვეო საბჭო ადმინისტრაციული საქმეებით დაკავდება.
სამეურვეო საბჭოში შევლენ ფინანსთა, ეკონომიკის, ჯანდაცვის მინისტრები და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.
კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ინვესტიციების წყალობით, ძირითადი დაგროვილი თანხის გარდა, მოსახლეობას ფასიანი ქაღალდების ვაჭრობისგან მიღებული მოგება დანამატის სახით დაერიცხება. 5-კაციანი საინვესტიციო საბჭოს საქმიანობას ეროვნული ბანკი გააკონტროლებს. სწორედ ეს უწყება განსაზღვრავს, საინვესტიციო საბჭო ადამიანების თანხებს რამდენად სწორად განკარგავს.
"მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო აქტივების ინვესტირება მოხდეს მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით. ამის გამო საინვესტიციო პროცესი იქნება ეროვნული ბანკისგან და მთავრობისგან დამოუკიდებელი. იმისთვის, რათა საინვესტიციო პროცესში არ მოხდეს არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალი რისკის აღება, კანონში იქნება გაწერილი ძირითადი პარამეტრები, რის ფარგლებშიც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა.
პირველი ხუთი წლის განმავლობაში საინვესტიციო საბჭო მომავალი პენსიონერების თანხების ბრუნვას ქართულ ბაზარზე და ქართულ კომპანიებთან ურთიერთობაში განახორციელებს, შემდგომში თანხების დაბანდება უცხოურ კომპანიებშიც გახდება შესაძლებელი. თანხების ინვესტირების პროცესს უშუალოდ საინვესტიციო საბჭო განახორციელებს, თუმცა მასში მონაწილეობის მიღებას მოქალაქეებიც შეძლებენ.
ამასთან, ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, მაღალი რისკების მქონე კომპანიებში დანაზოგების დაბანდებისგან თავი შეიკავონ.
„რა თქმა უნდა, მაღალი რისკის მქონე ინვესტიციები მერყეობს, ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა, რომ უფრო ახალგაზრდა მონაწილეებმა ინვესტიცია უფრო მაღალი რისკის მქონე პორტფელში განახორციელონ, ხოლო საპენსიო ასაკს მიღწეულმა მოქალაქეებმა ინვესტიცია ნაკლები რისკის მქონე პორტფელში დააბანდონ. კანონით, ეს ავტომატურად მოხდება, მაგრამ მონაწილეს, საკუთარი მოსაზრებებიდან გამომდინარე, აქტივების სხვადასხვა პორტფელებში ნაწილობრივ ან მთლიანად გადატანის უფლება ექნება“, — აღნიშნა მესტვირიშვილმა.
საპენსიო სააგენტო პირველი სამი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებაზე იქნება, შემდგომში არსებობას უკვე მოქალაქეების შემოსულობების ხარჯზე შეძლებს. კანონპროექტის ავტორები ელოდებიან, რომ მისი ამოქმედებიდან პირველი ფისკალური წლის განმავლობაში შენატანების საერთო ჯამური თანხა 400 მილიონ ლარს შეადგენს.