04:29 24 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6481
  • 100 RUB4.2138
  • USD3.1000
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)
108 0 0

მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარტნიორის სტრუქტურებს პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან

თბილისი, 16 ივლისი - Sputnik. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნამ ამჯერად სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების უკმაყოფილება გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტმა 12 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს ცხრიდან ექვსი კანდიდატი დაამტკიცა. კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობდა ოპოზიციის პროტესტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებების ფონზე, შეეჩერებინათ კანდიდატების დამტკიცების პროცესი სასამართლო რეფორმის გატარებამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატებმა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამდგომლობით, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თაოსნობით ხელმოწერილი შეთანხმება ავალდებულებდა ხელმომწერ მხარეებს, შეეჩერებინათ „ყველა მიმდინარე დანიშვნა“ უზენაეს სასამართლოში „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გატარებამდე.

კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ იმედგაცრუებულია მოსამართლეთა დანიშვნით. ამასთან, მან შესაძლო სანქციებზეც მიანიშნა.

„სანქციები - ერთ-ერთია არსებულ ინსტრუმენტთა შორის... პარლამენტს შეეძლო ამ პროცესის შეჩერება. აშშ-ის მთავრობის, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული განცხადებები არ ყოფილა ნაჩქარევი. ეს გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის შეშფოთების გამომხატველი გზავნილი, რომელიც აღქმული უნდა იყოს სერიოზულად და არ უნდა იყოს იგნორირებული“, - განაცხადა დეგნანმა.

ოპოზიცია სანქციების მოლოდინში

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ რეაგირება მწვავე იქნება, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

„სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ არის ყოველგვარ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, რასაც მე ველოდები, ეს არის სანქციები მოსამართლეების მიმართ და მეორე ეტაპზე, იქნება დაუყოვნებლივი რეაგირება ღარიბაშვილის ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა ლევან იოსელიანმა წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციონერი კოლეგების გაფრთხილება, რომლის თანახმადაც მოსამართლეების დანიშვნას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაგირება მოჰყვებოდა.

 „ეს რაში შეიძლება გადაიზარდოს, ვერ გეტყვით, სანქციები იქნება თუ რა, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ძალიან მკაცრი ტონით ელაპარაკება „ქართულ ოცნებას“, განსაკუთრებით სასამართლოსთან მიმართებით“, - აღნიშნა იოსელიანმა.

დაგვიანებული, მაგრამ ლეგიტიმური უწოდა მოსამართლეების დანიშვნაზე სახელმწიფო დეპარტამენტის რეაქციას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

„რეჟიმმა დემონსტრაციულად დაარღვია შეთანხმება, რომელიც თვითონ აიღო, რომელიც ჩვენი აზრით, სრულფასოვანი თავიდანვე არ იყო. ამაზე ჩვენი პარტნიორების რეაქცია აბსოლუტურად ბუნებრივია, მე ვიტყოდი, დაგვიანებული, მაგრამ აბსოლუტურად ლეგიტიმური“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

მთავარია იმ ფაქტის გააზრება, რომ საქართველოს მთავრობა თანდათანობით ყალიბდება ანტიამერიკულ ძალად, განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ.

„ყველა შენიშვნა, რასაც გვეუბნებიან, საგულდაგულოდ და სრულყოფილად უნდა იყოს გათვალისწინებული. რომელ ექვს მოსამართლეს უნდა გადავაყოლოთ საქართველო – აშშ-ს ურთიერთობები? კარგ შემთხვევაში მივიღებთ სანქციებს თანამდებობის პირების მიმართ, ხოლო ცუდ შემთხვევაში, ქვეყანას, როგორც შეუმდგარ ქვეყანას, ყველა ფეხებზე დაიკიდებს“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

აშშ შეცდომაში შეიყვანეს? „ქართული ოცნების“ პასუხი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საპასუხოდ მმართველი პარტიის ლიდერებმა - ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები აღნიშნავენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წამოყენების პროცედურა საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობდა. აღნიშნული გარემოება ავალდებულებდა საქართველოს პარლამენტს, ეხელმძღვანელა ქვეყნის კონსტიტუციით და აერჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები.

„ამ ფონზე შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გუნდის თითოეული წევრისთვის მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებები და შეფასებები გაოცებას და შეშფოთებას იწვევს“, -  აღნიშნულია განცხადებაში.

„მზად ვართ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ნებისმიერ ფორმატში დეტალურად განვიხილოთ პოლიტიკური შეთანხმების შინაარსი და მისი შესრულების მდგომარეობა, რაც საბოლოოდ ნათელს მოჰფენს სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოთხშაბათს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ ასევე შეშფოთება გამოთქვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გამო, ევროკავშირის წარმომადგენელთა არაერთი მოწოდების მიუხედავად – შეეჩერებინათ პროცესი. როგორც სტანომ აღნიშნა, ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მის მიმართ ნდობას. პრეს-სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსამართლეთა დანიშვნამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მიღებას.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCR/ODIHR), თავის მხრივ, თავის შუალედურ ანგარიშში შეშფოთება გამოთქვა კანდიდატების წარდგენის პროცესის სამართლიანობასა და თანასწორობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებისკენ მოუწოდა.

თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (451)

მთავარი თემები