03:07 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (850)
64 0 0

ვაშინგტონი კვლავ ემუქრება მოსკოვს სანქციებით — ამჯერად სუვერენული სახელმწიფო სასესხო ვალდებულებების წინააღმდეგ.

ნატალია დემბინსკაია

ამერიკელებთან მისაერთებლად მზად არიან ინგლისელებიც. უცხოელი ინვესტორებისთვის რუსული ობლიგაციების შეძენის აკრძალვა — ხისტი შეზღუდვაა. რამდენად სახიფათოა ეს რუსეთის ეკონომიკისთვის?

ისევ ძველებურად

მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს კიდევ ერთხელ სურთ გააძლიერონ ზეწოლა მოსკოვზე, კერძოდ, ჩამოართვან დასავლელ ინვესტორებს რუსულ ობლიგაციებზე წვდომა.

ამის შესახებ ოკეანის გაღმა დიდი ხანია მსჯელობდნენ. ექსპერტები ორ შესაძლო სცენარს ასახელებდნენ: პირველი — ფედერალური სესხების ყველა ობლიგაციაზე აკრძალვა, მათ შორის, უკვე შეძენილისა და, მეორე — მხოლოდ ახალი ვალდებულებების შეძენის აკრძალვა. სრული ემბარგო, რა თქმა უნდა, ყველაზე ხისტი ვარიანტია, მაგრამ ის სერიოზულ ზარალს მიაყენებდა ამერიკულ და ევროპულ საფინანსო კომპანიებს.

საბოლოოდ ვაშინგტონმა კომპრომისი ამჯობინა და 2019 წლის აგვისტოში „სკრიპალების საქმის“ საბაბით ამერიკულ ბანკებს რუსული სახელმწიფო ობლიგაციების პირველად დაბანდებებში მონაწილეობა და ასევე რუსეთის მთავრობის დაკრედიტება აუკრძალა. თუმცა ეს მეორად ბაზრებს არ შეხებია. ამგვარად, უცხოელების რუსულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა დარჩა: სასესხო ინსტრუმენტები და აქციები მათ „გვერდზე“ შეუძლიათ შეიძინონ.

მაგრამ დემოკრატი კანდიდატის გამარჯვებამ აშშ-ის საპრეზიდენტო არევნებში ვითარება შეცვალა.

„ჩვენ რუსეთის მიმართ პოზიციის სერიოზულ გამკაცრებას ველოდებით. ბაიდენის გუნდში მოსკოვისადმი სიძულვილი გამაოგნებელია“, — წერდა Financial Times. მეორე მხრივ, როგორც ამერიკული მასმედია იუწყებოდა, ვაშინგტონს არც ისე ბევრი საშუალება დარჩა იმისთვის, რომ საგრძნობი ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას. ერთ-ერთი უკანასკნელი — ეს რუსეთის ობლიგაციებში დაბანდების აკრძალვაა.

და, აი, Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა: „აშშ და დიდი ბრიტანეთი დამატებით ანტირუსულ სანქციებს ამზადებენ“. ამჯერად „ნავალნის საქმესთან“ დაკავშირებით. საუბარია „ქვეყნის სუვერენული სახელმწიფო სესხების წინააღმდეგ ექსტრემალურ ზომებზე“.

„თუ გაირკვევა, რომ რუსეთმა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საერთაშორისო აკრძალვა დაარღვია, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ სანქციების საკითხს განიხილავს ევროპასთან თანამშრომლობით“, — აზუსტებს სააგენტო.

ეს კრიტიკული არ არის

რაზეა კონკრეტულად საუბარი, ჯერჯერობით ნათელი არ არის, მაგრამ ფედერალური სესხების ობლიგაციების მეორადი ბაზარი ალბათ არ დაზარალდება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თქმით, ეს პირველ რიგში დასავლელ ინვესტორებს დაარტყამდა — ფასიანი ქაღალდების მსხვილ მფლობელებს. რუსეთისთვის კი არც ერთი სავარაუდო სანქცია არ არის კრიტიკული.

ახლა დასავლელი ინვესტორების წილი ფედერალურ სესხებში 23%-ია. როგორც რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი ამბობს, ამ მაჩვენებლის შეცვლას არ შეუძლია ძალიან გაართულოს ქვეყანაში ფინანსური მდგომარეობა.

„რუსულ ობლიგაციებზე სანქციები — ეს დასავლელი ინვესტორების დასჯაა... რაღაც რყევები, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ფუნდამენტურად ეს არაფერზე არ მოახდენს გავლენას“, — დააზუსტა უწყების წარმომადგენელმა.

მთავარი ნეგატიური შედეგი — ეს რუბლის დასუსტებაა: არარეზიდენტებისა და უცხოელების მოთხოვნა რუსულ ვალუტაზე დაეცემა. მაგრამ დასავლელი ინვესტორების რუსული სასესხო ვალდებულებებიდან გასვლის ეფექტი მოკლევადიანი იქნება.

შემოვლითი გზები

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ფედერალური სესხებით დაინტერესებული დასავლელი ინვესტორები დიდი ხანია იყენებენ სქემას, რომელიც შეზღუდვებისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა.

„სანქციები მოქმედია მხოლოდ ევრობონდებისთვის დოლარში და Euroclear-სა და Clearstream-ში დეპოზიტური გათვლებით, იმიტომ რომ მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს OFAC გააკონტროლოს მათი შესრულება. ფედერალურ სესხებზე აკრძალვა უსარგებლოა, ვინაიდან ინვესტორები, რომლებსაც ეს ქაღალდები აინტერესებთ, იძენენ არა თავად ობლიგაციებს, არამედ პროცენტულ და სავალუტო სვოპებს, რომლებიც ამ სესხების შემოსავლიანობასა და „დოლარი-რუბლის“ ფორვარდულ კურსებზეა მიბმული“, — განმარტავს ექსპერტი ალექსანდრ ლოსევი.

მისი თქმით, თუ დასავლელ ინვესტორებს რუსული ფედერალური სესხების შესყიდვას პირდაპირ აუკრძალავენ, სახსრები შუამავლების, მათ შორის, რუსების მეშვეობით გადაიგზავნება.

სანქციებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ერთ-ერთი ვარიანტია განსაკუთრებული სტატუსის მქონე კომპანიების გამოყენება, რომლებიც საბოლოო ბენეფიციარებს არ გაამჟღავნებს. გარდა ამისა, არარეზიდენტებს არაფერი უშლით ხელს, აამოქმედონ კრიპტოვალუტები ან სხვა ციფრული აქტივები.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

თემები:
რუსეთი დღეს (850)

მთავარი თემები