თბილისი, 11 მარტი — Sputnik. რუსეთი ეტაპობრივად აღწევს თავს დოლარზე დამოკიდებულებას, განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.
„მაგალითად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორება 74%-მდე გაგვეზარდა. გეგმაზომიერად ვზრდით ეროვნულ ვალუტებში ვაჭრობას ჩინეთთან და თურქეთთან“, — აღნიშნა მან.
ვოლოდინის თქმით, თებერვლის ბოლოს რუსეთმა შეცვალა ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრების სავალუტო სტრუქტურა, ჩართო რა მასში იაპონური იენი და ჩინური იუანი.
ამასთანავე სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ დოლარისა და ევროს წილი 45%-დან 35%-მდე შემცირდა, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგის წილი 10%-ზე დარჩა.
მანამდე ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ ვალენტინა მატვიენკომ РИА Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ამერიკული დოლარი ბრუნვაში რჩება, თუმცა საჭიროა, რომ შემცირდეს ქვეყნის ეკონომიკის მასზე დამოკიდებულება.
მატვიენკომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ოქროს რეზერვები უკვე ბევრად ნაკლებადაა დამოკიდებული დოლარზე და არსებობს სხვა ხელშესახები შედეგებიც: ბოლო ათი წლის განმავლობაში მოსკოვის დაბანდებები შეერთებული შტატების სახელმწიფო ობლიგაციებში 30-ჯერ შემცირდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა კი სააგენტო „ბლუმბერგთან“ განაცხადა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეამციოს დოლარის როლი ნებისმიერ ოპერაციაში და აღმოფხვრას „გამუდმებული მტრული ნაბიჯების შხამიან წყაროზე დამოკიდებულება“.