08:40 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (899)
113 0 0

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ოფიციალური პროგნოზის თანახმად, საბოლოოდ ეკონომიკის ვარდნა 2020 წელს 5% იქნება.

ისეთი პატარა ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორიც საქართველოა, უმნიშვნელო რყევებიც კი დიდ გავლენას ახდენს. ქვეყანა, რომელიც ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, რომელშიც არ არის განვითარებული ეკონომიკის რეალური სექტორები, ბოლო წლებში თავს იწონებდა პატარ-პატარა წარმატებებით - ინვესტორების მოზიდვით, ტურიზმის, ენერგეტიკის სფეროსა და სოფლის მეურნეობის განვითარებით და ა.შ. მაგრამ ქვეყანამ ვერც კი მოასწრო დადებითი შედეგებითა და მიმზიდველი პერსპექტივებით გახარება, რომ კორონავირუსის პანდემიამ იგი რამდენიმე წლით უკან დააბრუნა. 

2020 წელს მშპ-ის შემცირების მიუხედავად, 2021 წელს მოსალოდნელია 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდა. როგორც ხელისუფლება ირწმუნება, 2021-2024 წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება, საშუალოდ 5,3%. სახელმწიფოს გაზრდილი საგარეო ვალი კი ეტაპობრივად შემცირდება. „Sputnik-საქართველომ“ გადაწყვიტა გაეგო, ქართველი ექსპერტებიც ასევე ოპტიმისტურად არიან განწყობილი თუ არა.

პროგნოზების ბრძოლა

ეკონომიკურ საკითხთა ექსპერტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (4,3%) ზედმეტად ოპტიმისტურია.

„მთავრობა ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება. 4,3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, ვფიქრობ, ძალიან ოპტიმისტურია, რადგან ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ წელს, როდის განვითარდება კვლავ ტურიზმის სექტორი და დაუბრუნდება კრიზისამდე არსებულ მაჩვენებლებს“, - განუცხადა ცომაიამ „Sputnik-საქართველოს“

მისი თქმით, უცნობია, როდის მიიღებს საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას. ეს ფაქტორი კი ძლიერ გავლენას ახდენს ეკონომიკურ პერსპექტივებზე.

„საქართველოს ბიუჯეტი დაგეგმილია ამ მაჩვენებლებზე. თუ ეს პროგნოზი არ განხორციელდება, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალი კიდევ უფრო მოიმატებს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

დღეს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება მხარდაჭერა და ახალი კრედიტები. თუ ბიუჯეტის დიდი დეფიციტი აისახება ლარის გაუფასურებასა და ინფლაციაზე და ეროვნულ ბანკს მოუწევს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, კრედიტები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კიდევ გაძვირდება.

2021 - ეკონომიკური ლოკდაუნის წელი

საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3% იქნება. 

„2020 წელი, როგორც ვვარაუდობდით, ქართული ეკონომიკისთვის დასრულდა 5-6%-იანი ვარდნით. „საქსტატი“ ამ ციფრებს გამოაცხადებს, ალბათ, იანვრის ბოლოს. რაც შეეხება დამდეგ წელს, თუ ვინმეს აქვს იმის იმედი, რომ სადმე საქმე კარგად იქნება, ეს ასე არ არის. 2021 წელი მთელ მსოფლიოში ლოკდაუნის წელი იქნება და ეკონომიკებს თავიანთ ჩაკეტილ ციკლში განვითარება მოუწევთ“, - განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი სიტყვებით, ცენტრი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, მაგრამ პრინციპში ეს ციფრი აბსოლუტურად არაფერს აძლევს მოსახლეობას, რადგან პროდუქციასა და მომსახურებაზე მაღალი ფასები იქნება.

ექსპერტის პროგნოზით, 2021 წლის მეორე კვარტალში მოსალოდნელია ინფლაციის შემცირება, მაგრამ არა ფასების შემცირების კუთხით. შენგელია ფიქრობს, რომ ფასების გაზრდას აზრი არ ექნება, რადგან მოსახლეობის გადახდისუუნარობა უბრალოდ შეამცირებს მოთხოვნას.

შენგელიას 2021 წლის მნიშვნელოვან გამოწვევად უმუშევრობის ზრდა მიაჩნია. ამიტომ მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს კომპანიების დახმარება, რათა მათ მაქსიმალურად შეინარჩუნონ თავიანთი კადრები. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს ფისკალური პოლიტიკის ცვლილების მნიშვნელობას, რომელიც 2021 წელს მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

უდროო ლოკდაუნი

„მიზეზი იმისა, სადამდეც ახლა მივედით, ისაა, რომ ხელისუფლებამ ლოკდაუნი აგვისტოში არ გამოაცხადა. ახლა ვერც ეკონომიკას შველიან, ვერც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ბევრი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ აპრილიდან გადადგა, იყო არასწორი, ზოგიერთი გადაწყვეტილება კი - დაგვიანებული“, - განაცხადა შენგელიამ. 

შენგელიას აზრით, მკაცრი შეზღუდვების შემოღება იანვარშია საჭირო. დღესასწაულების გამო ამ პერიოდში საქართველოში ყოველთვის შენელებულია ეკონომიკური აქტივობა. აპრილიდან კი ჯობს მკაცრი წესების გადადება და ფერმერებისთვის საშუალების მიცემა, დაუბრკოლებლად შეუდგნენ სამუშაოებს.

ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ ეკონომიკის რეალური სექტორისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ წინასწარ გამოცხადებული გეგმები განხორციელდება, სამ წელიწადში საქართველო ძალზე კარგ შედეგს მიიღებს.

„სოფლის მეურნეობა ჩვენი ძლიერი მხარე არ არის“

კორონავირუსმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა საქართველოს მთავრობა იმაში, რომ დროა სერიოზულად დაფიქრება იმპორტის ჩანაცვლებაზე და აუცილებელი პროდუქციის საკუთარი ძალებით წარმოებაზე. 2020 წელს, მიუხედავად კრიზისისა, ხელისუფლება უბრალოდ კი არ დაეხმარა სოფლის მეურნეობას და ყველას, ვინც ამ სექტორშია დასაქმებული, არამედ მას განვითარების შესაძლებლობაც მისცა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ფერმერთა დახმარების ახალი და გააფართოვა უკვე არსებული პროგრამები. 2020 წელს მოსავალიც განსაკუთრებით უხვი აღმოჩნდა. ამიტომ 2021 წელს ამ სფეროზე დიდ იმედებს ამყარებენ.

ამის მიუხედავად, აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყანაში არ ვითარდება სათანადოდ და მთელი პრობლემა არასაკმარისი ცოდნაა.

„2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა, ისინი სოფლის მეურნეობის სექტორზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ამ მიმართულებით მრავალმილიონიანი ინვესტიციები გადაისროლეს. მაგრამ სექტორი არ იზრდება. სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარება დამოკიდებულია ფერმერულ ეკონომიკაზე. არ ვითარდება, ვინაიდან საჭიროა ამ დარგის ცოდნა, რაც საქართველოში დეფიციტია. მსოფლიოში ინერგება ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიები, ჩვენ კი ეს ყველაფერი არ გვაქვს. ჩვენ დროს ფეხს ვერ ვუბამთ“, - აღნიშნავს ცომაია.

ცომაიას აზრით, საქართველოს დასჭირდება ორი წელი, რათა იმ დონეს დაუბრუნდეს, რომელიც პანდემიამდე იყო. ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვან პირობად ექსპერტი ასახელებს ტურიზმის განვითარებას, რომელსაც პანდემიამ „სასიკვდილო ჭრილობები“ მიაყენა.

ცოტაოდენი ოპტიმიზმი

პროფესორი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა კიდევ რამდენიმე თვე სერიოზულად მუშაობა, რათა ქვეყანამ გაუძლოს ეკონომიკაზე პანდემიის ზეწოლას. 

„2021 წლის პირველი კვარტლის დასასრულისთვის, გაზაფხულის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უკვე აღმასვლაზე ფიქრი. ანუ იმ ღრმა ორმოდან ამოსვლა, რომელშიც ყველანი აღმოვჩნდით. და წლის ბოლოსთვის ჩვენ 2019 წლის დონესთან მიახლოებას შევძლებთ. ცალკეულ დარგებში კი მოგვიწევს დიდხანს შრომა და წვალება იმ დონეზე გასასვლელად, რომელიც პანდემიის გამო დავკარგეთ. ესენია ტურიზმის, სამოქალაქო ავიაციის, მგზავრთა გადაყვანის სფეროები“, – განაცხადა არჩვაძემ.

მას მიაჩნია, რომ თუ მორიგი რყევები არ იქნება, კრიზისის შედეგების გადალახვა პრაქტიკულად ყველა სფეროში რამდენიმე წელში, 2024-2025 წლებში იქნება შესაძლებელი. ამ დროისათვის საქართველო ყველა დარგში 2019 წლის დონეს მიაღწევს.

ლარის ბედი

ქართული ვალუტის მორიგი გაუფასურება საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო. ძირითად მიზეზებს შორის ექსპერტები ასახელებენ „სეზონურ ფაქტორს“ და არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში, რის გამოც მსხვილი ინვესტორები ქვეყანაში არ შემოდიან.

არჩვაძე საფრთხეს ვერ ხედავს დევალვაციაში და ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება უნდა გაგრძელდეს.

„დევალვაცია უნდა გაგრძელდეს, რადგან ჩვენი ეკონომიკა გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე აშშ-ის ეკონომიკა. მხედველობაში მაქვს მშპ-ის წარმოება ერთ სულ მოსახლეზე. და იმისათვის, რომ როგორღაც მომგებიანი გავხადოთ უცხოურ ბაზრებზე გასვლა და ექსპორტი უფრო მიმზიდველი, გარკვეულწილად საჭიროა ეროვნული ვალუტის დევალვაციის ზომიერად, მცირე პორციებით განხორციელება“, - აღნიშნა არჩვაძემ. 

მისი სიტყვებით, დევალვაცია ახალისებს ექსპორტს, რომელიც ქვეყანას სავალუტო მოგების და იმპორტული პროდუქციის შეძენის, ასევე საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას აძლევს.

„მაგრამ დევალვაცია საჭიროა ზომიერად, რათა ეკონომიკა მთლიანად არ მოკვდეს. საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა, რათა დევალვაცია 2-3%-ს არ ასცდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ექსპორტის გაზრდასაც და შიდა მოხმარების გაზრდასაც“, - განმარტა ექსპერტმა.

მონეტარული პოლიტიკა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გასული წლის აპრილიდან, გამკაცრების ხანგრძლივი პოლიტიკის შემდეგ შეარბილა. გამკაცრება 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო ინფლაციური ზეწოლის ნეიტრალიზაციის მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი სექტემბრიდან დეკემბრამდე 6,5-დან 9%-მდე გაიზარდა, შემდეგ კი, 2020 წლის აგვისტოში 8%-მდე შემცირდა.

„2021 წლის სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების თანახმად, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ამ ფაქტორის და იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა გაიზრდება, მოსახლეობას კი დიდი შემოსავალი არ ექნება, მოსახლეობის ფულადი შემოსავლების მხრიდან ზეწოლა შიდა ბაზარზე არსებითი არ იქნება. ეს ნიშნავს, რომ არ იმოქმედებს ინფლაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - მოთხოვნა“, - მიიჩნევს არჩვაძე. 

მისი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ინფლაცია მაღალი იქნება, დაბალი ინფლაციის პირობებში კი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის აუცილებლობა არ არის. და, პირიქით, იხსნება მისი შემცირების შესაძლებლობები. ამიტომ, დიდი ალბათობით, ზრდის ნაცვლად მოსალოდნელია სტაბილურობის შენარჩუნება ან ამ განაკვეთის გარკვეული შერბილებაც კი.

ვინც რა უნდა თქვას, ჩვენ გადავაბიჯეთ 2021 წელში პანდემიასთან ერთად. იმის გაგება, როგორ განვითარდება ეკონომიკა, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველო მიიღებს დაპირებულ ვაქცინას, რის შემდეგაც ჯანდაცვის სისტემა ამოისუნთქავს და მოსახლეობა ნელ-ნელა გამოვა სტრესული მდგომარეობიდან. საქართველოს მოსახლეობას უარესი წლებიც გამოუვლია, ამიტომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის შენარჩუნება.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (899)

მთავარი თემები