04:11 14 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6403
  • 100 RUB4.1862
  • USD3.0728
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (689)
79 0 0

კორონავირუსის პანდემიისგან საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი დაზარალდა და ამ კუთხით გამონაკლისი არც საგარეო ვაჭრობაა.

თბილისი, 20 მაისი – Sputnik. კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას – 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,8%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

ექსპორტი 11,9%-ით შემცირდა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით - იანვარ-აპრილში ქვეყნის ფარგლებს გარეთ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11,8%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვარ–აპრილის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42,2%-ს შეადგენს.

რატომ შემცირდა საგარეო ვაჭრობა

ეკონომიკის დოქტორის რატი აბულაძის განცხადებით, საგარეო ვაჭრობის კლების მიზეზი გახდა ეპიდსიტუაციით გამოწვეული საყოველთაო კარანტინი, ყველა ქვეყანაში გამოცხადებული შეზღუდვები, დაბრკოლებები გადაზიდვებში და გადახდისუნარიანობის ვარდნა.

„СOVID-19-ით გამოწვეული კრიზისის გამო დაზარალდა ლოჯისტიკა, მკვეთრად დაეცა მოთხოვნა, წარმოება, შეჩერდა საინვესტიციო აქტივობა, დაეცა საერთაშორისო ვაჭრობის ტემპი, დაბრკოლება შეიქმნა მოქალაქეთა გადაადგილებისა და სამომხმარებლო აქტივობის თვალსაზრისით“, – განაცხადა აბულაძემ  „Sputnik-საქართველოსთან“.

მისი სიტყვებით, ყოველთვის, როდესაც კრიზისი იწყება, მოსახლეობა ძირითადად იძენს აუცილებელ პროდუქტებს – საკვებს, წყალს და სამედიცინო პროდუქტებს. სხვა პროდუქციის გამოყენება მკვეთრად მცირდება. მაგალითად, მცირდება ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ელექტროტექნიკით, ავეჯითა და ავტომობილებით ვაჭრობა. 

საქართველოში მოსახლეობის ძირითადი ნაწილის შემოსავალი მხოლოდ საკვები პროდუქტების, კომუნალური მომსახურებისა და საბანკო გადასახადებისთვის არის საკმარისი. ამიტომაც შექმნილ ვითარებაში მოსახლეობის გადახდისუნარიანობის ამაღლებისა და ეკონომიკის გაძლიერებისთვის მთავრობის მხარდაჭერაა აუცილებელი.

„საგარეო ვაჭრობის შემცირება პრაქტიკულად ყველა სეგმენტს ეხება. საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების ვარდნა ეკონომიკური აქტივობის ვარდნას გამოიწვევს. თუ საერთაშორისო ვაჭრობა არ იქნება, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება როგორც ბიზნეს-სექტორი, ისე მოსახლეობა და მთავრობა“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისი სიტყვებით, თუ ბიზნეს-სექტორი პროდუქციის გაყიდვას ვერ შეძლებს, იგი იძულებული გახდება შეამციროს წარმოება და გაათავისუფლოს თანამშრომლები. ვაჭრობის ვარდნის გამო კომპანია ვერ შეძლებს გადასახადების გადახდას და ბიუჯეტში თანხები ვერ შევა.

„ექსპორტის შემცირების გამო ქვეყანაში უცხოური ვალუტა ვერ შემოვა, ეს კი სავალუტო სექტორს დაარტყამს, რაც თავისთავად იმოქმედებს ლარის კურსზე, ბიზნეს-სექტორი კი უკვე ვეღარ გამოიყენებს საბანკო-საკრედიტო პროდუქტებს, რაც, შესაბამისად, უარყოფითად აისახება საფინანსო სექტორზე“, – განაცხადა აბულაძემ.

რით ვაჭრობს საქართველო

საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ — სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, სამკურნალო საშუალებები, მინერალური წყლები, დამუშავებული ან ნახევრადდამუშავებული ოქრო, თხილი და სხვ.

იანვარ–აპრილში გაიზარდა მხოლოდ ოქროს (31,1%-ით) და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (10,4%-ით) ექსპორტი.

ამავე დროს, 2020 წლის დასაწყისიდან შემცირდა ექსპორტი მსუბუქი ავტომობილების 12,4%-ით, ფეროშენადნობების 21,7%-ით, ნატურალური ყურძნის ღვინის 12,5%-ით, აზოტოვანი სასუქების 16,5%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების 8,7%-ით და ა.შ. 

საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.

აღნიშნულ პერიოდში სატვირთო ავტომობილების იმპორტი გაიზარდა 19,7%-ით, ელექტროენერგიის – 12,9%-ით, ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების - 1%-ით. ამავდროულად შემცირდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 23,4%-ით, სამკურნალო საშუალებების - 8,1%-ით, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების — 19%-ით და სხვ.

ვისთან ვაჭრობს საქართველო

საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორები 2020 წლის დასაწყისიდან არიან თურქეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი — ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–აპრილში 1,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია. 

თურქეთთან ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 469,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 13,5%-ია. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 11,6%-ით გაიზარდა.

თურქეთში 2020 წლის დასაწყისიდან გავიდა 13,3 ათას ტონაზე მეტი ფეროშენადნობი, 383,8 ათასი ტონა ტრიკოტაჟის ნაწარმი, დაახლოებით 13,9 ათასი ტონა ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები და სხვ.

თურქეთიდან ამავე პერიოდში შემოვიდა 18,9 ათასი ტონა შავი ლითონის მილები და პროფილები, 219,4 ტონა სამედიცინო პრეპარატი, დაახლოებით 12,9 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტი და ა.შ.

რუსეთი მეორე  ადგილზეა

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ბრუნვა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა 11,4%-ით და შეადგინა 395,7 მილიონ დოლარზე მეტი - საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 11,4%.

წლის დასაწყისიდან საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში ექსპორტირებულია დაახლოებულია 10,9 ათასი ტონა ფეროშენადნობი, 37,9 ათას ტონაზე მეტი ნატურალური ყურძნის ღვინო, 27,3 ათას ტონაზე მეტი მინერალური და სასმელი წყალი, დაახლოებით 2,1 ათასი ტონა სპირტიანი სასმელი და ა.შ. 

რუსეთი რჩება საქართველოს ყველაზე მსხვილ საწვავის მომწოდებლად - წლის დასაწყისიდან რუსეთიდან შემოტანილია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 96,4 ათას ტონას აჭარბებს.

რუსეთიდან ასევე შემოიტანეს 125 ათას ტონაზე მეტი ხორბალი, 67,6 ათას ტონაზე მეტი ნავთობის აირები, დაახლოებით 13,5 ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი, დაახლოებით 9,3 მილიონი დოლარის ელექტროენერგია და ა.შ.

აზერბაიჯანი მესამე ადგილზეა

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ 367 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 10,6%-ია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 8 186 მსუბუქი ავტომობილი, დაახლოებით 24 ათასი ტონა აზოტის სასუქი, 146,9 ტონა სამკურნალო საშუალებები, 201,2 ტონა სიგარა, სიგარილი და სიგარეტი და ა.შ.

აზერბაიჯანიდან შემოტანილია დაახლოებით 803 ათასი ტონა ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, დაახლოებით 41,9 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, დაახლოებით 21,3 მლნ დოლარის ელექტროენერგია, 2,3 ათას ტონაზე მეტი სპილენძის მადნები და კონცენტრატები და ა.შ.

საქართველო ასევე ვაჭრობს სხვა ქვეყნებთან

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: ჩინეთი - 346,1 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ - 162,7 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა - 174 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი - დაახლოებით 161,4 მილიონი დოლარი, გერმანია - დაახლოებით 140 მილიონი დოლარი, ბულგარეთი - 145,5 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 65,8 მლნ დოლარი.

რას უნდა ველოდოთ მომავალში

აბულაძის თქმით, საერთაშორისო კვლევები აჩვენებს, რომ გლობალური სავაჭრო კრახის შედეგად 2020 წელს, გლობალური კრიზისიდან გამომდინარე, ვაჭრობის შემცირება 9–32%-ის დიაპაზონში იქნება.

„საყურადღებოა ვაჭრობის მასშტაბების ვარდნა რეგიონულ დონეზე. კვლევის შედეგად, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ექსპორტის შემცირება 285 მლრდ ევროს, იმპორტის ვარდნა კი 245 მლრდ ევროს გადააჭარბებს“, – განაცხადა აბულაძემ.

მისი აზრით, მიუხედავად ახალი კორონავირუსის პანდემიის შეკავებისა, საერთაშორისო ვაჭრობაში ვარდნა და წინააღმდეგობები მხოლოდ დასაწყისია.

რა ზომებს იღებს მთავრობა

ქვეყნის მთავრობამ უკვე შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმად, ხელისუფლება ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენს უმუშევრებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს, თვითდასაქმებულებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

ცალკე გეგმა შემუშვებულია ბიზნესის დახმარებისთვის, რომელსაც მთავრობა განსაკუთრებულ საგადასახადო და სასესხო შეღავათებს სთავაზობს. ამასთან, ძირითადი აქცენტი ადგილობრივი წარმოების გაფართოებასა და პროფილის შეცვლაზე გაკეთდება.

საქართველოს ეკონომიკაზე ახალი კორონავირუსის უარყოფითი ზეგავლენის შესამცირებლად ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების სახით 3 მლრდ დოლარს მიიღებს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (689)

მთავარი თემები