Sputnik, სანდრო მგელაძე
ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა. მათი ნაწილი თავს პროდასავლურ ძალად მიიჩნევს, მეორე ნაწილი თავს „პატრიოტებს“ უწოდებს, თუმცა ყველას არჩევნებში გამარჯვებისა და პარლამენტში მოხვედრის სურვილი აერთიანებს.
როგორ ჩატარდება 2020 წლის არჩევნები
2012 წლიდან საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. სწორედ პარლამენტი აყალიბებს ქვეყნის მთავრობას და ამტკიცებს პრემიერ-მინისტრს, რომელიც სახელმწიფოს ფაქტობრივი მეთაურია. ამიტომაც ემზადებიან პოლიტიკური სუბიექტები ამ არჩევნებისთვის განსაკუთრებული მონდომებით. სახელმწიფოს ოფიციალური მეთაური - პრეზიდენტი ბოლოს 2018 წელს აირჩიეს. მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველო უკვე სრულად გადაეწყობა საპარლამენტო მოდელზე, სადაც პრეზიდენტს კიდევ უფრო ნაკლები უფლებამოსილება ექნება, ვიდრე დღეს.
2019-2020 წლების მიჯნაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მთავარი უთანხმოების საკითხი საარჩევნო სისტემა გახდა. ოპოზიცია ითხოვდა არჩევნების ჩატარებას მხოლოდ პროპორციული წესით. ხელისუფლება კი შერეულ სისტემას უჭერდა მხარს. შედეგად - ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, უცხოელი დამკვირვებლების მონაწილეობით, პოლიტიკური ოპონენტები მარტის დასაწყისში შეთანხმდნენ არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებაზე - პარტიული მანდატი იქნება 120, მაჟორიტარული - 30. დამკვირვებლების უმრავლესობის აზრით, ძალთა ასეთი გადანაწილება უფრო ხელსაყრელია „ქართული ოცნებისთვის“. თუმცა არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
გარდა ამისა, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ პარლამენტში მოსახვედრად დაწესდება 1%-იანი ბარიერი, ხოლო პარტია, რომელიც 40%-ზე მეტ მანდატს ვერ მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დაამტკიცებს.
ბრძოლა წესებითა და წესების გარეშე
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბრძოლა დაუნდობელი იქნება, შესაძლოა, უფრო მეტად, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
„ვფიქრობ, არჩევნებზე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართება“, - განუცხადა "Sputnik-საქართველოს" პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა.
„წინა არჩევნების გამოცდილებას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთის მისამართით ტალახის სროლას არ ერიდებოდნენ. სამწუხაროდ, არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ამჯერად სხვაგვარად იქნება. არჩევნები ალბათ თავის დროზე ჩატარდება, მაგრამ არა მგონია, საერთაშორისო დამკვირვებლები კმაყოფილი დარჩნენ როგორც წინასაარჩევნო, ისე კენჭისყრის პროცესით. სამწუხაროდ, ოთხ წელიწადში, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩვენი ქვეყანა ვერ ჩამოყალიბდა სრულყოფილ ევროპულ სახელმწიფოდ და პოლიტიკური თამაშის წესები მეტწილად კვლავაც დამოკიდებულია ცალკეულ პიროვნებებზე და არა კანონებზე“, - აღნიშნა ექსპერტმა.
მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე ხელისუფლება და ოპოზიცია ჯერ კიდევ მარტში შეთანხმდნენ, მაგრამ ნებისმიერი შეთანხმება კანონიერად უნდა გაფორმდეს. აქ საქმეში პანდემია ჩაერია და პარლამენტში კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ შეგნებულად აჭიანურებს პროცესს, არ აუქმებს საგანგებო მდგომარეობას, პარლამენტი კი „კორონას არდადეგებზეა“ გაშვებული და არ მუშაობს.
„არ შეიძლება ქალი სანახევროდ იყოს ორსულად - ან კი, ან არა. ხელისუფლება ან სრულად შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს, ან საერთოდ არ შეასრულებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.
„თუ ხელისუფლება ჩაშლის შეთანხმებას, პასუხს აგებს საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე“, - აღნიშნა გოცირიძემ.
პოლიტიკური ქულები კორონავირუსის პანდემიის ფონზე
პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ პანდემიის პერიოდში ხელისუფლებამ მოახერხა პოლიტიკური ქულების დაგროვება, ოპოზიციამ კი, პირიქით - დაკარგა. მიზეზი ისაა, რომ ოპოზიცია არ დაეხმარა მთავრობას ვირუსთან ბრძოლაში, არამედ განაგრძობდა ნებისმიერი მისი ნაბიჯის კრიტიკას, როგორც ეს ეპიდემიამდე იყო.
„ვფიქრობ, არჩევნები თავის დროზე ჩატარდება, ყოველ შემთხვევაში, პანდემიის დინამიკა ამის იმედს მაძლევს. იმედი მაქვს, საქართველო მოახერხებს ეპიდემიის ახალი ტალღის თავიდან აცილებას“, - განუცხადა საყვარელიძემ "Sputnik-საქართველოს".
„აქტიური წინასაარჩევნო კამპანიისთვის სავსებით საკმარისია ერთი თვე, ზაფხულში ის მაინც არ მიმდინარეობს, ასე რომ, პროცესი სექტემბრიდან დაიწყება. როგორც ხედავთ, ოპოზიცია კვლავ ამახვილებს ყურადღებას პატიმართა, ყოფილ მაღალჩინოსანთა გათავისუფლების საკითხზე და ამას ქვეყნის ხელისუფლებასთან შეთანხმების შესრულების პირობად აყენებს. თუ ეს არ მოხდება, შეთანხმება არჩევნების თაობაზე შეიძლება ჩაიშალოს და მაშინ კენჭისყრა ძველი კანონმდებლობით ჩატარდება. ოპოზიციამ შესაძლოა კვლავ გადაწყვიტოს ქუჩაში გამოსვლა, მაგრამ მგონია, ის კვლავაც ვერ შეაგროვებს მხარდამჭერთა საკმარის რაოდენობას და ამით პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას“, - ამბობს საყვარელიძე.
მისი აზრით, ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის პირობებში სწორად მოიქცა, რითიც გარკვეული პოლიტიკური ქულები დააგროვა.
„ოპოზიციას კი პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებია. მათ არ გადაურიცხავთ თანხა ვირუსთან ბრძოლის ფონდში, პრაქტიკულად არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ ამ პროცესებში. მხოლოდ მთავრობის კრიტიკას აგრძელებდნენ, რაც ადამიანების უმრავლესობისთვის ამ პერიოდში აბსოლუტურად უმნიშვნელო იყო. აუცილებელი იყო ეპიდემიის კონკრეტული პრობლემების გადაჭრა, რაშიც ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლები კი - არა. შემიძლია ვივარაუდო, რომ პარლამენტში 2020 წელს მოხვდებიან იგივე პოლიტიკური ძალები, რომლებიც იქ დღეს არიან წარმოდგენილი. მმართველი პარტიის გარდა, რომელიც, უეჭველია, პარლამენტში მოხვდება, შანსი აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - მას მუდმივი ელექტორატი უჭერს მხარს. მაგრამ, ვფიქრობ, ძალთა ბალანსი მომავალ პარლამენტში განსხვავებული იქნება დღევანდელისგან“, - მიიჩნევს საყვარელიძე.
არჩევნებს, პრემიერ-მინისტრის წარდგენით, ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი არაუგვიანეს 60 დღისა კენჭისყრის დღემდე. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის თანახმად, არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს, ანუ 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
რა თქმა უნდა, არ ღირს ისეთი პოლიტიკური ძალების გვერდზე გადადება, როგორებიცაა „ლელო“ ცნობილი ბიზნესმენის მამუკა ხაზარაძის მეთაურობით, „პატრიოტთა ალიანსი“ და „გირჩი“. ამ პოლიტიკურ სუბიექტებს სავსებით შესწევთ ძალა, გადალახონ ერთპროცენტიანი ბარიერი იმ პირობით, რომ საარჩევნო კოდექსში შესწორებები შევა. მაგრამ ამის მიუხედავად, ძირითადი ბრძოლა, როგორც 8 წლის წინ, ამჯერადაც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებულ ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაიმართება.