თბილისი, 13 მაისი – Sputnik. ნათელია, რომ ოპოზიციას ნორმალური არჩევნები არ აწყობს და შეთანხმების ჩაშლის მიზეზებს ეძებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულების თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნების კომენტარისას.
30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში მიუსხდნენ, მას შემდეგ, რაც პარლამენტში 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდა და მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. შედეგად - მარტში მხარეები შეთანხმდნენ „120/30" მოდელზე, ანუ 120 მანდატი პროპორციული სისტემით განაწილდება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდა 1%-იანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად.
„ოპოზიციას ამ შეთანხმებით ვალდებულება აქვს აღებული - მხარი დაუჭიროს საკანონმდებლო ცვლილებებს... ეს ხალხი ხმის მიცემას არ აპირებს და უნდათ საკონსტიტიუციო ცვლილებების ჩაგდება და შემდეგ ამაში ჩვენი დადანაშაულება. მათი გეგმაა შეთანხმების ჩაგდება, ვითარების დესტაბილიზაცია და არჩევნების ჩაშლა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ოპოზიცია, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ მარტში მიღწეული შეთანხმების თანახმად ხელისუფლებას პატიმრობიდან უნდა გაეთავისუფლებინა გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი, რომელთაც ისინი „პოლიტიკურ პატიმრებს“ უწოდებენ.
„ოპოზიციას ჰქონდა განცდა, რომ ფასილიტატორი ელჩები იგივეს იტყოდნენ, თითქოს პატიმრების გათავისუფლება იყო შეთანხმების ნაწილი. როგორც ვნახეთ, ეს ასე არ მოხდა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი სიტყვებით, პასუხი ოპოზიციის ამ ქმედებაზე ნათელია – მან დაინახა, რომ ძალზე დაბალი ლეგიტიმაცია აქვს და დემოკრატიული არჩევნებით, შეთანხმებითა და ნორმალური პოლიტიკური პროცესით ნორმალურ შედეგს ვერ მიაღწევს.
„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს ერთი ლიდერიც კი არ ჰყავს, ვისაც ხალხი ენდობა. მათგან ვინ შეძლებს სოფელში, ქალაქში, რაიონში წასვლას და ხალხის დარწმუნებას, რომ ხმა მას მისცენ?.. მათ უნდათ ამ მოლაპარაკების ჩაშლა და ჩვენ ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება არჩევნების ნაწილში შეთანხმებას, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა გამართულიყო სისტემით, რომლის შესახებაც სამთვიანი მოლაპარაკებების შედეგად მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო საარჩევნო საკანონმდებლო ბაზის მომზადება გაჭიანურდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.
ამ დროისთვის კანონმდებლებმა მოასწრეს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მომზადება, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები ახალი, შერეული სისტემით ჩატარდება.
კერძოდ, 150 სადეპუტატო ადგილიდან 120 გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მიიღებენ, ან ბლოკებს შორის, რომლებიც სულ მცირე ხმათა იმდენ პროცენტს მიიღებენ, რამდენი სუბიექტიც იქნება ამ ბლოკში გაწევრიანებული.
დანარჩენი ადგილები 30 ერთმანდატიან ოლქში გადანაწილდება.
ამავე დროს პარლამენტის ექს-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარლამენტის არჩევნები, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობისა, ახალი სისტემით 31 ოქტომბერს ჩატარდება.