11:38 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ტურიზმი საქართველოში (206)
319 0 0

საქართველოში გიდი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს – ტაქსის მძღოლი, შემთხვევითი გამვლელი, ადგილობრივი მცხოვრები თუ სტუმრად ჩამოსული უცხოელი. ამ სფეროს ბაზარი იმდენად აირია, რომ მისი გაკონტროლება დღითი დღე რთულდება.

ქვეყანაში, რასაკვირველია, არიან კეთილსინდისიერი და პროფესიონალი გიდებიც, რომლებიც თავიანთი სფეროს პოპულარიზაციისთვის ძალას არ იშურებენ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ქვეყნის ტურისტულ იმიჯს საფრთხეს უქმნიან. ექსკურსიამძღოლების საერთაშორისო დღეს (International Tourist Guide Day), რომელიც მთელ მსოფლიოში 21 თებერვალს აღინიშნება, გადავწყვიტეთ გაგვეგო, რა გამოწვევების წინაშე დგანან გიდები საქართველოში და როგორ შეიძლება არაპროფესიონალი ექსკურსიამძღოლების უზარმაზარ ნაკადთან გამკლავება.

გიდები და საქართველო

დღეს ექსკურსიამძღოლობა სარფიანი საქმეა. ასე ფიქრობს საქართველოს გიდების ასოციაციისა და გიდების ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის წევრი ეკატერინე ლომაძე. მისი თქმით, მომავალი საქმიანობის არჩევისას ადამიანები ხშირად ძალიან იოლად იღებენ გადაწყვეტილებას – გახდნენ გიდები. თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ შესანიშნავად იცნობს სამშობლოს, მის ისტორიას, გეოგრაფიას და იცის უცხო ენებიც.

საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა ისრაელში საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინეს>>

ლომაძის თქმით, საქართველოს ტურისტული სფეროს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა ის არის, რომ გიდებმა არ იციან ტურისტებთან მოქცევის წესები, წარმოდგენა არა აქვთ გარკვეული საერთაშორისო სტანდარტის არსებობაზე, რომელიც ყველა პროფესიონალ ექსკურსიამძღოლს ავალდებულებს ამ წესების დაცვას.

„2017-2018 წლებში ტურისტული გიდების საერთაშორისო ასოციაციამ გიდებისთვის ჩაატარა ორი უფასო ტრენინგი, რათა ისინი გამხდარიყვნენ მსოფლიო ფედერაციის აკრედიტებული წევრები და ტრენერები ეროვნულ დონეზე. მეც გამიმართლა და ამ 20 ადამიანს შორის ვიყავი. ეს ტრენინგი გავიარეთ“, – ამბობს ლომაძე.

გიდებს ტრენინგებსა და სემინარებზე ყველაფერს ასწავლიან – უხსნიან სწორად მოქცევის წესებს, რომ არ უნდა იქნიონ ხელები ტურისტებთან, როგორ უნდა დააყენონ დამთვალიერებლები ამა თუ იმ ობიექტის წინ, როგორ შეადგინონ ჯგუფები. როგორც ლომაძე აღნიშნავს, ეს ტრენინგები აუცილებელია გიდების მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად.

იგი დარწმუნებულია, რომ საქართველოში აუცილებელია გიდების სერტიფიცირება და ამ პროცესში სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს.

„მაშინ ტურების ჩატარების უფლება ექნებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც აკრედიტებული იქნებიან. ამ შემთხვევაში ისინი სწორად გაუძღვებიან ექსკურსიებს და ქვეყანას სწორი კუთხით წარადგენენ“, – აღნიშნავს ლომაძე.

სეზონური პროფესია

გიდის სპეციალობა – სეზონური პროფესიაა, ამბობს ლომაძე. მუშაობის აქტიური პერიოდი აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. დანარჩენი დრო გიდებისთვის პასიური მუშაობის სეზონია.

აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე საქართველოში პრაქტიკულად ყველა გიდი დაჯავშნილია. ზოგიერთი ტურისტი, პროფესიონალი ექსკურსიამძღოლის გარეშე დარჩენის შიშით, მათ დეკემბერშიც კი ჯავშნის, მაშინ როცა ქვეყანაში ჩამოსვლას, ვთქვათ, მაისში გეგმავს.

„გიდები ზამთარში ერთ კვირას მუშაობენ, ორ კვირას ისვენებენ, შემდეგ შეიძლება რამდენიმედღიანი სამუშაო გამოჩნდეს, რასაც კვლავ თავისუფალი დღეები მოსდევს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხული ძალიან აქტიური პერიოდია და გიდები თითქმის შეუსვენებლად მუშაობენ, გარკვეული დანაზოგის გადანახვა და დანარჩენი ნახევარი წლის მშვიდად გატარება შეუძლიათ“, – ამბობს ლომაძე.

ცალკე კატეგორიას განეკუთვნებიან ის გიდები, რომლებსაც მთელი წელი აქვთ გაწერილი. ესენი, ძირითადად, არიან ექსკურსიამძღოლები, რომლებიც მუშაობენ ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილ კონფერენციებსა და შეხვედრებზე ჩამოსულ დელეგაციებთან. საქმიანი ტურიზმი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს შედარებით დაბალი ფასების გამო.

საქართველომ მადრიდში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა>>

ბუნებრივია, უცხოელები ჯერ მაღალკვალიფიციურ გიდებს ჯავშნიან, შემდეგ, კადრების დეფიციტის გამო, ნაკლებად გამოცდილ გიდებსაც თანხმდებიან.

ლომაძის სიტყვებით, ხშირად ტურისტებს სჭირდებათ არა მხოლოდ რუსულენოვანი ან ინგლისურენოვანი გიდები, არამედ ივრითის, ფრანგულის ან გერმანულის მცოდნე ექსკურსიამძღოლები. სპეციფიკური, არასაერთაშორისოენოვანი გიდები ძალიან ცოტანი არიან, აღნიშნავს ლომაძე და დასძენს, რომ საქართველოში არ არიან შეჩვეული განვითარებასა და განათლებაში ინვესტირებას.

საქართველოს ყველაზე პოპულარული მიმართულებები

კულტურული ტური დღეს ყველაზე პოპულარულია ტურისტებს შორის. ესაა თბილისში, მცხეთაში, ყაზბეგსა და კახეთის რეგიონში გასეირნება და ღირსშესანიშნაობების დათვალიერება.

ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ფოტოტურები, ექსტრიმის მოყვარულებს შორის კი – ტრეკინგ-ტური. ესაა საფეხმავლო ტურიზმის ნაირსახეობა, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ მიუდგომელ ადგილებზე ასვლა, მთებში სიარული, თავბრუდამხვევი პანორამებით ტკბობა მთის მწვერვალებიდან. დასვენების ასეთი ფორმატისთვის ტურისტები ხშირად მაღალმთიან აჭარას, სამცხე-ჯავახეთსა და სვანეთს ირჩევენ.

გარდა ამისა, საქართველოში შესაშური პოპულარობით სარგებლობს ღვინის ტური, რომლის აუცილებელი პუნქტი კახეთის რეგიონია.

„ჩვენი ღვინო ექსკლუზიურად ითვლება. ბევრი ტურისტი ჩამოდის სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული ღვინის დასაგემოვნებლად“, – ამბობს ლომაძე.

ეკატერინე ლომაძე ტურისტების პირველ შთაბეჭდილებებზეც საუბრობს. მისი თქმით, ტურისტები პირველ რიგში აღნიშნავენ, რომ საქართველო არც ერთ სხვა ქვეყანას არ ჰგავს. ბევრს მოსწონს ველური ბუნება, თავისუფლების შეგრძნება, გემრიელი სამზარეულო, სისუფთავე და მრავალფეროვნება, რომლის წყალობითაც მოკლე დროში შეიძლება ნახო მთებიც, ზღვაც, მდინარეებიც და ველებიც.

ნაკლოვანებებს შორის ტურისტები ხშირად ასახელებენ გზებზე მოძრაობის წესების დარღვევას. კიდევ ერთი მინუსი, რომელსაც ტურისტები უჩივიან – რესტორნებში მომსახურების დაბალი ხარისხია. თუ თბილისში ეს სფერო მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, რეგიონებში, ტურისტების განცხადებით, ძალიან იშვიათად შეხვდები მომღიმარ და კეთილგანწყობილ გამომეტყველებას.

„ქართული სირცხვილი“ – რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში>>

რაც მეტია ტურისტი, მით მეტია გიდი

საქართველოში ტურისტების მომრავლებამ გიდების, მათ შორის, პროფესიონალების რაოდენობის ზრდასაც შეუწყო ხელი, ფიქრობს საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი მელაძე.

2019 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 9,3 მილიონს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე გიდებზე მოთხოვნილებაც შესაბამისი იყო. მელაძის სიტყვებით, ქვეყანა პროფესიონალების ნაკლებობას განიცდის. ამასობაში, თვითნასწავლი გიდები იოლად პოულობენ კლიენტებს, რომლებსაც მიზერული ჰონორარის სანაცვლოდ ემსახურებიან.

„მერწმუნეთ, არც ერთი გამოცდილი გიდი არ გაყიდის თავის მომსახურებას 50-100 ლარად. ეს კომპანიებმაც იციან. ასოციაცია უკვე ათი წელია არსებობს, ჩვენ გვაქვს ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც გიდებს ჯავშნიან“, – ამბობს მელაძე.

გიდების ასოციაციასთან მოქმედებს გიდების სამთვიანი სკოლა, სადაც ნულიდან იწყებენ და ასწავლიან ყველაფერს, რაც პროფესიონალ ექსკურსიამძღოლს შეიძლება გამოადგეს. გიდების სკოლა ფასიანია და ერთი თვის გადასახადი 500 ლარს შეადგენს.

საქართველო ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა>>

2020 წელს ასოციაციამ წამოიწყო სპეციალური კამპანია, რომლის ფარგლებშიც უფასოდ მოამზადებენ 120 გიდს. მელაძის სიტყვებით, ასოციაცია ცდილობს, მაქსიმალურად განავითაროს სფერო, რათა ადამიანებმა გაიგონ – იმისათვის, რომ წარმატებული გიდი გახდე, მხოლოდ უცხო ენების ცოდნა საკმარისი არ არის.

„მიგვაჩნია, რომ სერტიფიცირება აუცილებელი პროცესი უნდა იყოს. ეს სახელმწიფოსთან ერთად და ჩვენი ასოციაციის ეგიდით უნდა განხორციელდეს. ჩვენ არ ვსაუბრობთ ლიცენზირებაზე, ვსაუბრობთ სერტიფიცირებაზე. ეს, რასაკვირველია, გიდების სურვილისამებრ იქნება“, – აღნიშნავს ასოციაციის პრეზიდენტი.

დღესდღეობით ასოციაციაში 200-300 პროფესიონალი გიდი ირიცხება, რაც ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, მეტისმეტად ცოტაა, განსაკუთრებით, ტურისტული სეზონისთვის.

თემები:
ტურიზმი საქართველოში (206)

მთავარი თემები