„ქართული სირცხვილი“ – რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში

გამოწერა
ხათუნა წერეთელი ტურისტულ სფეროში უკვე 14 წელია საქმიანობს. ტურები სამ ენაზე – ფრანგულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე მიჰყავდა.

ამჟამად ხათუნა წერეთელი მარტო ფრანგულენოვან ტურისტებს ემსახურება. ტურისტულ გიდად მუშაობა თავად საფრანგეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა ურჩიეს. პრეტენზიული ფრანგების ყურადღება თავისი პროფესიონალიზმითა და პიროვნული თვისებებით მიიქცია. ამიტომ არავის გაკვირვებია, რომ ძალიან მალე გააწევრიანეს საქართველოს გიდების ასოციაციაში და მისი მონაცემები ოფიციალურ საიტზეც ატვირთეს.

დღეს იგი ერთ-ერთ პოპულარულ ფრანგულენოვან გიდად ითვლება და საფრანგეთიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციების მომსახურებას ხშირად მას ანდობენ ხოლმე. მის სტუმრებს შორის იყვნენ ფრანგი ელჩები, დიპლომატები, ცნობილი მეღვინეები, საფრანგეთის ჟანდარმერიის უფროსები, ბოლოს კი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც.

ტურისტული საქმიანობის გარდა ბოლო დროს მეღვინეობითაც დაინტერესდა, ღვინის კურსები გაიარა და მომავალში, არ არის გამორიცხული, რომ ამ სფეროშიც მიაღწევს წარმატებებს...

© photo: courtesy of Khatuna Khvedelidzeხათუნა წერეთელი
„ქართული სირცხვილი“ – რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში - Sputnik საქართველო
ხათუნა წერეთელი

– ქალბატონო ხათუნა, მართალია, რომ თავად უცხოელების რჩევით მოხვდით ამ სფეროში?

– პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტი ვარ. 2004 წელს საქართველოში ჩამოსული ფრანგი პროფესორი ბერნარ მადეკი და მისი მხლებელი ფრანგები გავიცანი. სწორედ მათ მირჩიეს, რომ დამეარსებინა პატარა ტურისტული კომპანია. მითხრეს, საკმაოდ  კომუნიკაბელური ხარ, უცხო ენები და საქართველოს ისტორია კარგად იცი, ამაზე კარგს რას გააკეთებო. მოკლედ, მათი რჩევა ჭკუაში დამიჯდა. ესენი იყვნენ პენსიაზე გასული, საკმაოდ განათლებული ფრანგები, რომლებიც საქართველოში არსებულ ფრანგულ სკოლებში უსასყიდლოდ მუშაობდნენ, ანუ ეხმარებოდნენ ქართველებს სასწავლო პროცესებში. მათ ჯერ კიდევ მაშინ შეატყვეს საქართველოს, რომ ეს იყო ქვეყანა, რომელსაც საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი ჰქონდა. ამას ის პერიოდიც დაემთხვა, რომ სამსახურიდან წამოსული ვიყავი. მოგვიანებით მათთან ერთად ტურებში სიარული და საქართველოს სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა დავიწყე.

– შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სამოგზაუროდ პირველად ფრანგებმა წაგიყვანეს და მათ გაჩვენეს ისეთი ადგილები, რომლებიც მანამდე არ გენახათ?

– ზუსტად ასე გამოვიდა. მანამდე მე მარტო ჩემ მხარეს, იმერეთს და ქუთაისს ვიცნობდი. სკოლის დროს კი დავდიოდი ექსკურსიებზე, მაგრამ მაშინ ძირითადად გართობაზე ვიყავით გადასული. მართლა სასწაულია, რომ კახეთიც მათ გამაცნეს და სვანეთიც პირველად მათთან ერთად ვნახე. მოკლედ, საქართველოში ფრანგებთან ერთად ვიმოგზაურე და ბევრი რამ პირველად სწორედ მაშინ ვნახე. ყოველთვის მომწონდა ტურები, უცხოელებთან ურთიერთობა და მოგზაურობა.

© photo: courtesy of Khatuna Khvedelidzeუცხოელ ტურისტებთან ერთად
„ქართული სირცხვილი“ – რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში - Sputnik საქართველო
უცხოელ ტურისტებთან ერთად

– ფრანგები საკმაოდ პრეტენზიული და ფრთხილი ხალხია, როგორ მოახერხეთ მათი ნდობის მოპოვება? ვიცი, რომ ამდენი წელია მხოლოდ თქვენ მოგმართავენ...

– თავდაპირველად იმ პირველი ტურის დროს რომ გავიცანი, იმ ფრანგების ნდობა მოვიპოვე. ეს ხალხი ხედავს იმას, რომ ადამიანი გულწრფელია და არ იტყუება, თანაც ნიჭსაც აფასებენ. თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ ალბათ ეს ყველაფერი ჩემში დაინახეს და მერე როცა მიემგზავრებოდნენ, სახლსაც მე მაბარებდნენ და გასაღებს მიტოვებდნენ, მოკლედ, ერთი ოჯახივით ვიყავით. როცა სტუმრად ჩავდივარ, თან მყვებიან ხოლმე. ამის მერე ამ სფეროში სერიოზულად ჩავერთე, ბევრი ტურისტი დავიმეგობრე. ისინი რეკომენდაციას მიწევენ თავის ახლობლებთან, ზოგი ისეთი ჩამოდის, რომ თავადაც მიკვირს... მაგალითად, არც ისე დიდი ხნის წინ თბილისის ტურში საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს და მის ამალას გავუწიე გიდობა.

– საფრანგეთში გამოცემულ ტურისტულ გზამკვლევში ყოფილხართ შესული...

– დიახ, როდესაც ეს ამბავი გავიგე, ძალიან გამიხარდა. საფრანგეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომლის გიდი ვიყავი საქართველოში, იქ ჩასვლის მერე გამოსცა ტურისტული გზამკვლევი, სადაც მე შემიყვანა და ყველას ურჩევდა, რომ აქ ჩამოსვლის შემთხვევაში დამკავშირებოდნენ. ეს ჩემთვის დიდი პატივია და ჩემი შრომის შეფასების დასტური.

© photo: courtesy of Khatuna Khvedelidzeხათუნა წერეთელი
„ქართული სირცხვილი“ – რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში - Sputnik საქართველო
ხათუნა წერეთელი

– საქართველოში ძირითადად რა აინტერესებთ ხოლმე ფრანგებს?

– პირველ რიგში, ყველას ღვინო აინტერესებს, ჩვენ საფერავზე გიჟდებიან. ფრანგებს უფრო მშრალი ღვინოები მოსწონთ. სხვათა შორის, მე ღვინის კურსებიც მაქვს გავლილი და მომავალში მეღვინეობას ვაპირებ. კიდევ ყველას მოსწონს სვანეთი, თუ ათდღიანი ტურით ჩამოდიან, სვანეთს აუცილებლად ვრთავ ხოლმე მასში. სვანური კოშკები და მთები მოსწონთ, კავკასიონზე ჭკუას კარგავენ! როცა კახეთში მყავდა, ალავერდის დანახვაზე აღფრთოვანდნენ – ეს რა სილამაზეაო.

– რა არ მოსწონთ, რაზე გამოთქვამენ შენიშვნას თუ საყვედურს?

– არ მოსწონთ, რომ ჩვენი ეკლესია-მონასტრის უძველესი ფრესკები განადგურების პირასაა მიყვანილი და მათი აღდგენა ვერ ხდება. სულ ამბობენ, ამდენ ახალ ეკლესიას რომ აშენებთ, ჯერ ძველ ეკლესიებს მიხედეთ და ძველი ფრესკები აღადგინეთო.

– ყველაზე დიდი დისკომფორტი რა არის მათთვის?

– ასე აშკარად საყვედურს არ გამოთქვამენ. მე პირადად რისიც მრცხვენია, ეს სიბინძურეა, ყველგან ნაგავი რომ ყრია. კიდევ ის, რომ უმეტეს ადგილზე ტუალეტი არ არის. მაგალითად, გელათის ეზოში ასეთი გაუბედურებული ტუალეტი უნდა იდგეს?! სირცხვილია!

© photo: courtesy of Khatuna Khvedelidzeხათუნა წერეთელი
„ქართული სირცხვილი“ – რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში - Sputnik საქართველო
ხათუნა წერეთელი

– რაიმე სახალისო ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

– კურიოზი არ არის, ქართველს რომ ფრანგი გაჩვენებს შენ ქვეყანას და გირჩევს, ეს საქმე დაიწყე, პერსპექტიულიაო?!

– ყველაზე უჩვეულო სტუმრებს ხომ ვერ გაიხსენებთ?

– უჩვეულო ტურისტებიდან გავიხსენებ ფრანგ რაგბისტებს, რომლებიც აქ ორჯერ იყვნენ. ისინი მსოფლიო რანგის მატჩში მონაწილეობისთვის იყვნენ ჩამოსული და თან ტურებში დადიოდნენ. უჩვეულო სტუმრები იმიტომ იყვნენ, რომ ისე გიჟდებოდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ, რომ ქართველებსაც უკვირდათ. ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც ხშირად მეძახის ხოლმე ტურებზე, რეკომენდაცია გამიწია და მაღალი რანგის სტუმრები მყავდა. ვგულისხმობ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს და მის ამალას. მათი გიდი თბილისის ტურის დროს ვიყავი.

© photo: courtesy of Khatuna Khvedelidzeერთ-ერთი ტურის დროს უცხოელ ტურისტებთან ერთად
„ქართული სირცხვილი“ – რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში - Sputnik საქართველო
ერთ-ერთი ტურის დროს უცხოელ ტურისტებთან ერთად

– ერთი წინადადებით რომ მოგეცეთ საშუალება, მთელ მსოფლიოში როგორ გაუწევდით რეკლამას საქართველოს?

– ესაა სტუმართმოყვარე ხალხით დასახლებული, კლიმატურად თბილი, ისტორიულად ძველი ქვეყანა. სიყვარულით, ღვინითა და ბუნების საოცარი ფერებით სავსე სამყარო, რომელიც ერთი ნახვით შეგიყვარდებათ...

 

ყველა ახალი ამბავი
0