17:19 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

რუსეთისა და OPEC-ის ინტერესები ამ ეტაპზე ერთმანეთს არ ემთხვევა. კარტელის წევრებს სჭირდებათ ნავთობის გაძვირება, განსაკუთრებით საუდის არაბეთს...

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. მოსკოვი არ დათანხმდა OPEC-ის (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია) წინადადებას – მკვეთრად შეემცირებინა ნავთობის მოპოვება კორონავირუსის ეპიდემიის გამო. შედეგად, ნავთობის კარტელთან ურთიერთობა დაიძაბა, ნედლეულის ბაზარს კი ფასების ვარდნის საფრთხე დაემუქრა. რისი იმედი აქვთ მენავთობეებს და რატომ არის მათთვის ხელსაყრელი შექმნილ ვითარებაში წარმოების მოცულობის შემცირება – ამის თაობაზე „რია ნოვოსტის“ მასალაში.

პანიკა ერ-რიადში

ნავთობის ბაზარმა რყევა დაიწყო: კოტირება ხან მკვეთრად იზრდება, ხან – პირიქით. იმისდა მიხედვით, რა ახალი ამბავი ვრცელდება კორონავირუსის თაობაზე. ანალიტიკოსები ცდილობენ შეაფასონ, რამდენად ძვირი დაუჯდება მსოფლიო ეკონომიკას ეპიდემია. ჯერჯერობით მათი დასკვნები ოპტიმიზმით არ გამოირჩევა.

ერთი კვირის წინ OPEC-მა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი პირველ კვარტალში დღეში 440 ათასი ბარელით – თითქმის მესამედით შეამცირა. მთლიანობაში 2020 წელს მოსალოდნელია დღეში ნავთობის მოხმარების საშუალოდ 230 ათასი ბარელით შემცირება.  

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო კიდევ უფრო პესიმისტურადაა განწყობილი. თებერვლის ანგარიშში ორგანიზაციის ექსპერტებმა ივარაუდეს 2020 წელს დღეში ნავთობის მოხმარების 365 ათასი ბარელით, 825 ათასამდე შემცირება – 2011 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე, როდესაც მსოფლიო ეკონომიკა გლობალური კრიზისის შემდეგ იკრეფდა ძალებს.

ამ ფონზე საუდის არაბეთი, ნავთობის წამყვანი მწარმოებელი და OPEC-ის ფაქტობრივი ლიდერი, გამოვიდა მოპოვების სწრაფი შემცირების მოწოდებით, რათა ერთი ბარელის კოტირება 60 დოლარის დონეზე შენარჩუნებულიყო.

OPEC+-ის ტექნიკურმა კომიტეტმა 5 თებერვალს დღეში ნავთობის მოპოვების დამატებით 600 ათასი ბარელით შემცირების წინადადება წამოაყენა. შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა დამტკიცდეს ალიანსის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მარტის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. თუმცა ერ-რიადი პარტნიორებს სთხოვს ვადაზე ადრე შეხვედრას და რაც შეიძლება მოკლე დროში შეთანხმებას.

პანიკისთვის არაბებს საფუძველი ნამდვილად აქვთ. პეკინმა უკვე გამოაცხადა ფორს-მაჟორი და უარი თქვა ზოგიერთი ქვეყნისგან თხევადი აირის შეძენაზე. „კარანტინის გამო თხევადი აირისთვის ტერმინალებზე მუშახელი არ გვყოფნის“, – განაცხადეს ჩინურ კომპანიაში CNOOC.

პეკინს ასევე შეუძლია მოიქცეს ნავთობის მიმართაც, ვინაიდან მოთხოვნილება ეპიდემიის ფონზე 20%-ით შემცირდა. საუდის არაბეთისთვის, რომელმაც შარშან ჩინეთში 83,32 მლნ ტონა ნავთობი გაიტანა, ეს უზარმაზარი ზარალი იქნება. 

ამიტომ ერ-რიადი OPEC-ში ყველა პარტნიორს შეუთანხმდა ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. თუმცა რუსეთმა – უმსხვილესმა მწარმოებელმა, რომელიც კარტელში არ შედის – ახალ შეზღუდვებს მხარი არ დაუჭირა. რუსი ნავთობმომპოვებლების აზრით, კორონავირუსის ეპიდემია მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსს არ დაარღვევს, თებერვლის დასაწყისში კოტირების ვარდნა კი განპირობებულია მასმედიის პანიკური ცნობებით და ხანმოკლე იქნება. 

მართლაც, წინა კვირაში Brent-ის სახეობა 53,11 დოლარიდან 56,5 დოლარამდე გაძვირდა.

იმას, რომ პანიკა ბაზრებზე დიდხანს არ გაგრძელდება, ეთანხმება ბევრი უცხოელი ექსპერტიც. „ახალმა ვირუსმა, ალბათ, ცოტა არ იყოს, გაზვიადებული გავლენა მოახდინა აქტივების შეფასებაზე“, – განაცხადა მსოფლიოს უმსხვილესი ჰეჯ-ფონდის Bridgewater-ის მმართველმა, მილიარდერმა რეი დალიომ და დასძინა, რომ კოტირების შესამჩნევ ცვლილებას ელოდება.

„ეპიდემია ძლიერ ზეგავლენას არ მოახდენს გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე“, – დაადასტურა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა კრისტალინა გეორგიევამ. მისი თქმით, სსფ ელოდება „V-ს მაგვარ დარტყმას“ – ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ შემცირებას, რასაც ასევე მკვეთრი აღმავლობა მოჰყვება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი რუსეთში ჩჟან ჰანჰუეი კი კორონავირუსის დამარცხების გარანტიაზე საუბრობს. „მართალია, ეპიდემიური ვითარება ჯერ კიდევ რთულია, მაგრამ ახლო მომავალში აუცილებლად დადგება გარდამტეხი მომენტი და ეპიდემიაზე სრული კონტროლი დამყარდება, ის აუცილებლად იქნება ლიკვიდირებული“, – განაცხადა ელჩმა. 

ასე რომ, რუსი მენავთობეების სურვილი, არ აჩქარდნენ და არ შეამცირონ ნავთობის მოპოვება, სავსებით ლოგიკურია. 12 თებერვალს ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ სხდომაზე წამყვანი ნავთობისა და გაზის კომპანიების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს დღევანდელი მოცულობის შენარჩუნებას მეორე კვარტლის ბოლომდე. მაშინ ეპიდემიის შედეგების უფრო ადეკვატურად შეფასება იქნება შესაძლებელი. 

ამერიკის დაპყრობა

სამწუხაროდ, რუსეთისა და OPEC-ის ინტერესები ამ ეტაპზე ერთმანეთს არ ემთხვევა. კარტელის წევრებს სჭირდებათ ნავთობის გაძვირება, განსაკუთრებით საუდის არაბეთს, რომელიც იძულებულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმოს თითქმის 50 მილიარდი დოლარის დეფიციტი (მშპ-ის 6,4%) და სახელმწიფო ვალი მშპ-ის 24%. OPEC-ის დანარჩენ მონაწილეებს ეკონომიკის მდგრადობისთვის ესაჭიროებათ ფასი – არანაკლებ სამოცი დოლარისა ბარელზე.

რუსული ნავთობკომპანიები კი ძალიან ბევრს მოიგებენ მოპოვების შემცირების პირობებში კოტირების ზრდით, ვინაიდან დამატებითი შემოსავლის დიდ ნაწილს მაინც ბიუჯეტი წაიღებს გადასახადების სახით. სამაგიეროდ რუსმა მწარმოებლებმა მიიღეს აშშ-ის ბაზრის დაპყრობის შესაძლებლობა.  

საქმე ისაა, რომ აშშ-ის ბევრი ნავთობგადამამუშავებელი საწარმო მორგებულია ვენესუელის მძიმე ნავთობის გადამუშავებაზე. ტრამპის მიერ კარაკასის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ მათ ნედლეულთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები შეექმნათ. 

როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი ალტერნატივა Urals-ია. ასე რომ, უკვე გასული წლის აპრილისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს გათვლით, აშშ-ში რუსეთიდან იმპორტმა დღეში 150 ათას ბარელს მიაღწია, რაც არ მომხდარა 2011-2012 წლებში ფიქალური რევოლუციის შემდეგ.

რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში ამერიკელებმა თითქმის 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული ნავთობი შეიძინეს. 

დეკემბრისთვის ექსპორტი 3,1-ჯერ გაიზარდა და 4,28 მილიონ ტონას მიღწია. როგორც აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროში აღნიშნეს, რუსეთი მეორე ადგილზე გავიდა მომწოდებელთა შორის, გაუსწრო რა მექსიკას და საუდის არაბეთს, პირველი ადგილი კი კანადას დაუთმო. შესადარებლად – ჯერ კიდევ 2017 წელს მოსკოვი ამ სიაში მეექვსე ადგილზე იყო.

მაგრამ ექსპანსიის გასაგრძელებლად საჭიროა წარმოების შესატყვისი მოცულობაც. ამდენად, ახალმა შეზღუდვებმა, რომელთა დაწესებაც OPEC-ს უნდა, შეიძლება სერიოზულად აზარალოს ბიზნესი. 

ამასობაში პანიკა თანდათანობით ცხრება. OPEC+-ის ტექნიკურმა კომიტეტმა უკვე გააუქმა 600 ათასი ბარელით შემცირების რეკომენდაცია, განაცხადა ალჟირის ენერგეტიკის მინისტრმა მუჰამედ არკაბამ.

საბოლოოდ, კომიტეტი დათანხმდა რუსეთის წინადადებას OPEC+-ის გარიგების 2020 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ კვოტების შეცვლის გარეშე. საბოლოო გადაწყვეტილება OPEC+-ის ენერგეტიკის მინისტრებმა 6 მარტის შეხვედრაზე უნდა მიიღონ.

მთავარი თემები